სომხურმა კონტექსტმა გამახსენა

ამ ყველაფრის დაწერა კი სომხურმა კონტექსტმა და ურარტუდ ქცეულმა ბანანცმა გამახსენა.

არარატ-არმენია კი არა და… ბანანცი ერქვა იმ გუნდს. ერევნის ბანანცი. თურმე დღესაც არსებობს და, არც მეტი არც ნაკლები, ურარტუ რქმევია. ჰოდა, აგერ, ბოლო ამბებმა ის ბანანცი გამახსენა. ახლა უკვე ურარტუ.

კერძოდ რამ გამახსენა? ნუ, ცხადია ქართულ-სომხურმა საფეხბურთო დაპირისპირებამ. 2006 წლის ზაფხულში, უეფას თასზე, ისიც ქართულ გუნდს შეხვდა. ის გუნდი ახლა აღარ არსებობს, ამერი ერქვა. 
ბანანცმა ამერს იმავე სტადიონზე უმასპინძლა, რომელზეც ამ ცოტა ხნის წინ არარატ-არმენიამ საბურთალოს. სხვათა შორის, ანგარიშიც იგივე იყო — იქ, ერევანში, ამერმა მასპინძლებს 2:1 მოუგო. თუმცა, იყო მნიშვნელოვანი განსხვავება: გუშინ, თბილისში, მიხეილ მესხზე, საბურთალოსთან სომხურმა გუნდმა გაიმარჯვა, 2006-ში კი ქართულმა მოიგო (1:0).
ერთი სიტყვით, მაშინ, ამერმა ბანანცის ბარიერი გადალახა და ბუნდესლიგის ჰერტას დაეჯახა. ბერლინში თბილისელებმა 0:1 წააგეს, აქ კი, მახსოვს, მაგარი თამაში აიწია —  2:2. მოკლედ, ჯამში, წავაგეთ, მაგრამ, კარგი რა, ბუნდესლიგის გუნდს ვხვდებოდით… და კიდევ, ამერი, ჩემგან განსხვავებით, გერმანელებთან კარგი ჭიდაობით კმაყოფილი სულაც არ იყო.
ისე, ეტყობა, მაშინ ქართული საკლუბო ფეხბურთი დღევანდელთან შედარებით უფრო მაღალ დონეზე იდგა…
საოცარი პატარა სამყარო იყო ეს ამერი. დიდხანს არ უარსებია. 2002 წელს ჩაიფიქრეს როგორც ბავშვთა გუნდი და 2009 წელს არსებობა შეწყვიტა, მაგრამ შუალედში ეს ჰერტები და ბელხატოვები მოასწრო.
ბელხატოვი. ამ პოლონურ გუნდს ამერი ბანანცისა და ჰერტას შემდეგ წელიწადს შეხვდა უეფას თასზე. იქ 0:2, აქ 2:0… პენალტებით წააგო.
2002-დან 2009 წლამდე ამერმა საქართველოს თასის სამ ფინალში ითამაშა და ორჯერ გაიმარჯვა. ანუ, თასის ორგზის მფლობელია. თან, მაგარი მუღამი ჰქონდა: ფინალში სამივეჯერ ზესტაფონს შეხვდა. იყო ნაღდი, ვაჟკაცური საფეხბურთო ქიშპი და ამბავი. 
და ზესტაფონიც დაიშალა. გაქრა. არადა, 2011-ში, ევროლიგის ფლეი-ოფში(!) ბრიუგეს ეომა. ჯგუფში შესვლას ერთი ნაბიჯი აკლდა.
ამერმა თავისი სამყაროს შექმნა მოასწრო — საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს გლდანის მერვე მიკრორაიონში ატარებდა, პატარა სტადიონზე, რომელიც მგონი სულ 1000 კაცს იტევდა და უნდა გენახათ, რა ამბავი იყო. იქაურ მაცხოვრებლებს თავიანთი გუნდი ჰყავდათ. მოხუცი კაცი იყო ერთი, იმ უბნელი.
მახსოვს, მუყაოს ფირფიტას კისერზე გადასაკიდებლად თოკი შეაბა, ფირფიტას „წინ, ამერი!“ დააწერა  და თამაშს არ აცდენდა. 
ფორმა ჰქონდა გუნდს, საკლუბო ფერები: თეთრ-ყვითელი. რასაც იშოვნიდა იმას კი არ იცვამდა. სამყარო იყო მეთქი, ხომ ვამბობ, პატარა საფეხბურთო სამყარო. ოღონდ, ძალიან ხანმოკლე.
ამ მოკლე ხანში ამერმა პირველი ლიგიდან გავარდნაც მოასწრო. მაშინ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდა და ვერ გაქაჩეს. ჰოდა, ასეთი ამბავი მოხდა: კლუბმა კრება მოიწვია — ვისაც ქვედა ლიგაში თამაში არ გინდათ, გზა ხსნილია. არავის გიჭერთ. ყველას გაგიგებთ და გზასაც დაგილოცავთო.  
ზუსტად არ მახსოვს, მგონი რამდენიმე წავიდა, ჯორჯომ — გუნდის კაპიტანმა გიორგი დავითნიძემ — კი გავარდნა მარტო ამ ბავშვების ბრალი ხომ არ არის, მეც ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაკისრია და ვალდებული ვარ დავრჩეო.
და დარჩა.
მე კი ასეთი რაღაცების გახსენება კიდევ შემიძლია, მაგრამ ახლა არ გვინდა. დღეს, ამერი აღარ არსებობს. ჰოდა, საბურთალოს მინდა გვერდში დავუდგე: არა უშავს, ბიჭებო.
ირწმუნეთ, ივარჯიშეთ, იბრძოლეთ და კარგი დრო აუცილებლად დადგება.
ამ ყველაფრის დაწერა კი სომხურმა კონტექსტმა და ურარტუდ ქცეულმა ბანანცმა გამახსენა.



მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.