ბუნდესლიგა იწყება

რას ველოდებით 2019-20 წლების ბუნდესლიგისგან?

 

გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დღეს ნამდვილი ზეიმია - ბუნდესლიგა იწყება. გასული 7 სეზონისგან განსხვავებით, როდესაც ბაიერნის ერთადერთობა ეჭვს არ იწვევდა, დღეს საქმე სხვაგვარად არის.  მართალია, მიუნხენელები გერმანიის მთავარი ფავორიტები არიან, მაგრამ აღარც ისეთი უპირობო, აქამდე რომ იყვნენ. მაშ ასე, განვიხილოთ ინდივიდუალურად

 

ბაიერნი

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბუნდესლიგის სტარტისთვის, რეკორდმაისტერმა სატრანსფერო ფანჯარა ჩააგდო. გუნდი დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც: რობენი, რიბერი, ჰუმელსი, ხამესი და რაფინია არიან. რეალურად, მიუნხენელებმა რეალური შევსება მხოლოდ დაცვის ხაზში  მიიღეს, სადაც თითქოს ყველაზე ნაკლებად უჭირდათ. შესაძლებელია, ოცდამეერთე საუკუნეში, მატს ჰუმელსზე უკეთესი ცენტრალური მცველი გერმანიას არც ჰყოლია, 30 წლის ასაკში გაუშვეს და მის ნაცვლად ნიჭიერი ლუკას ერნანდესი მიიყვანეს. კიმიხი, რომელიც სავარაუდოდ ცენტრალურ ნახევარდაცვაში გადაინაცვლებს, დაცვის მარჯვენა ფლანგს კი, კიდევ ერთი ტალანტი, შტუტგარტიდან შეძენილი მსოფლიო ჩემპიონი ბენჟამინ პავარი დაიკავებს.

 

რაც შეეხება შეტევის ხაზს, დასაშვები იყო, რომ ორი ისეთი ლეგენდის წასვლის შემდეგ, როგორებიც რიბერი და რობენი არიან, სრულფასოვანი შემცვლელების შემთხვევაშიც, გუნდს პრობლემები შექმნოდა. რეალურად, კლუბმა ამ ორი ლეგენდარული ვინგერის საკადრისი შემცვლელი ვერ მიიყვანა, ინტერიდან 30 წლის პერიშიჩის იჯარის იმედად არის, იუვენტუსიდან კი 32 წლის მანჯუკიჩის დაბრუნებისკენ ისწრაფვის. კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი დორტმუნდელ კონკურენტებზე, მაგალითად სანჩოზე, უკეთესი ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან.

 

მიუხედავად ყველაფრისა, გახსნით ტურში, ბაიერნისგან, ალიანც არენაზე, ჰერტასთან მარტივ გამარჯვებას ველოდებით.

 

დორტმუნდი

 

დორტმუნდელებს, ბაიერნისგან განსხვავებით, კარგი სატრანსფერო პერიოდი ჰქონდათ. გუნდს შეემატნენ: ბრანდტი, ტორგენ აზარი, შულცი, ჰუმელსი და არგენტინიდან ნიჭერი მცველი - ბალერდი. ასევე, შავ-ყვითლებმა ბარსელონადან პაკო ალკასერი გამოისყიდეს. სერიოზული დანაკლისი, მხოლოდ აბდუ დიალოა, რომელიც პსჟ-ში 31 მილიონ ევროდ გაყიდეს. ნიჭიერი მაქსიმილიან ფილიპი, რეალურად, მყარი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელიც ვეღარ იყო და მასში 20 მილიონი ევროს გამომუშავება, ურიგო თანხა დორტმუნდელებისთვის ნამდვილად არ არის. პოზიციებს თუ შევადარებთ, ბორუსია არანაკლებ კარგად არის დაკომპლექტებული, ვიდრე ბაიერნი. წინა სეზონმაც გვაჩვენა, რომ რეკორდმაისტერთან ბრძოლა ნამადვილად შეიძლება.

 

პირველ ტურში, დორტმუნდმა მებრძოლ აუგსბურგს, წესით, დამაჯერებლად უნდა მოუგოს.

 

ლაიფციგი

 

ამ გუნდში ძალიან კარგი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი მივიდა, რალფ რანგნიკი კი სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდა. გუნდის ერთადერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი ბრუმას პსვ-ში 15 მილიონ ევროდ გაყიდვაა, თუმცა შევსებაც დიდი მიიღეს: ადემოლა ლუკმენი ევერტონიდან 18 მილიონ ევროდ შეიძინეს, ხოლო რედ ბულ ზალცბურგიდან, ნიჭიერი ფეხბურთელები, ჰაიდარა და ვოლფი დაიმატეს. რაც ყველაზე მთავარია, ლაიფციგმა ტიმო ვერნერისა და მარსელ საბიცერის  შენარჩუნება  მოახერხა.

 

ნაგელსმანმა სეზონის წინ თქვა, რომ ისინი ლიგის საგზურისთვის კი არა, ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.  

 

კვირას, ლაიფციგი დებიუტანტ უნიონ ბერლინს შეხვდება, სადაც მათგან მხოლოდ გამარჯვებას ველოდებით. 

 

ლევერკუზენი

 

ფარმაცევტებს, იულიან ბრანდტის სახით, სერიოზული დანაკლისი აქვთ, თუმცა,  მის სანაცვლოდ, მშვენიერი შევსებაც მიიღეს. ლევერკუზენმა ჰოფენჰაიმიდან დემირბაი 32 მილიონ ევროდ იყიდა და პსჟ-ს დიაბიში 15 მილიონი ევრო გადაუხადა. რაც მთავარია, გუნდმა არა მხოლოდ მათი, არამედ გერმანიის იმედი, კაი ჰავერცი შეინარჩუნა. გუნდის მთავარი ძალა, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი, პეტერ ბოშია.

 

ლევერკუზენი, კიდევ ერთ დებიუტანსპადერბორნს მიიღებს. როგორც  ყოველთვის, ფარმაცევტებისგან მხიარულ თამაშს და ბევრ გოლს ველოდებით.

 

ბუნდესლიგაში სხვა ბევრი კარგი გუნდია, მაგალითად: მიოხენგლადბახის ბორუსია, ჰოფენჰაიმი და ვოლფსბურგი, რომელთაგანაც ამ სეზონში სიურპრიზებს ველოდებით.