პრინციპული დაპირისპირება 24-ე ტურში: რუსთავმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია

რუსთავმა წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდა

რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგი პრინციპული დაპირისპირება შედგა. 24-ე ტურში, ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი ორი ქვემო ქართლური გუნდი რუსთავი და ბოლნისის სიონი დაუპირისპირდა.

მატჩი ძლიერი ქარის ფონზე დაიწყო, რაც ფეხბურთელებს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს უშლიდა, თუმცა მასპინძლებმა, რომლებიც ასეთ პირობებს მიჩვეული არიან, ინიციატივა თავიდანვე ხელში აიღეს, ბურთს დაეუფლნენ და მეტოქის კართან რამდენიმე მწვავე იერიში შექმნეს, რასაც ვერ ვიტყვით სიონზე, რომელსაც საწყის წუთებში თამაშის დალაგება უჭირდა.

34-ე წუთისთვის, მოედანზე მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ თუ ვინმეს ანგარიში უნდა გაეხსნა, ის რუსთავი უნდა ყოფილიყო, თუმცა სტუმრები გამოფხიზლდნენ, პირველი გააზრებული კონტრშეტევა წამოიწყეს და გოლითაც დააგვირგვინეს - გიორგი ივანიშვილის ფლანგიდან საჯარიმლში ჩაწოდებული ბურთი ძლიერი თავურით კარში გამოცდილმა დიმიტრი ტატანაშვილი გაგზავნა.

რუსთავს გოლი დასჭირდა და ამან მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურა. 2 წუთში, ბექა ქავთარაძემ წონასწორობა აღდგინა, რომელმაც ლუკა იმნაძის პასით ისარგებლა.

მეორე ნახევარი უფრო დაბალანსებული გამოვიდა. ორივე გუნდი უტევდა, თუმცა უფრო მეტი შანსი მასპინძლებს ეძლეოდათ. ერთ-ერთი ასეთი მათ 76-ე წუთზე მიიღეს, შეხვედრის გარდამტეხ ეპიზოდში. კარის დატოვების და ქავთარაძის წინააღმდეგ უხეშობის გამო, სიონის გოლკიპერმა ოთო გოშაძემ წითელი ბარათი მიიღო, რა დროს დანიშნულ ჯარიმასაც ცოცხალ კედელში მდგარი ფეხბურთელი ხელით თამაში და 11-მეტრიანი მოჰყვა. რუსთავში დაბრუნებულმა დათა სიჭინავამ ცვლილებაზე შემოსულ ლევან ისიანს აჯობა და მე-80 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

რუსთავმა წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდა, შინ მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო და 28 ქულით გასავრდნ ზონას თავი დააღწია. რაც შეეხება სიონს, ბოლნისელები 26 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფებიან.


რუსთავი-სიონი

0:1 ტატანაშვილი (34), 1:1 ქავთარაძე (36), 2:1 სიჭინავა (80).

რუსთავი: მამარდაშვილი - კაპანაძე, ბუგულოვი, ნოზაძე, ლაცაბიძე - გუჯაბიძე, ვასაძე (სიჭინავა, 75) - იმნაძე, ქოჩლაძე (ძალამიძე, 54), სილაგაძე, ქავთარაძე (თევზაძე, 87).

სიონი: გოშაძე - ჩაჩუა, აფაქიძე, უგრეხელიძე, სუხიაშვილი - ცაცკრიალაშვილი, ხმალაძე - ივანიშვილი (თარგამაძე, 77), უგულავა (გვარაძე, 59), კახაბრიშვილი (ისიანი, 79) - ტატანაშვილი. 

 

ფოტო: FC SIONI