კუტალიამ დინამოს ყოფილ გუნდთან მოაგებინა - თბილისელებმა ლიდერობა დაიბრუნეს

ქართული კლასიკო დინამოს გამარჯვებით დასრულდა 

წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, "ქართული კლასიკო" შედგა. ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ.

თბილისელებმა, რომლებიც ეროვნულ ლიგას ევროტურნირების შემდეგ დაუბრუნდნენ, პრინციპული მეტოქე დაძაბულ მატჩში, რისკის ფასად - 1:0 დაამარცხეს.

ცხადია, ტორპედოში არსებული პრობლემების გამო, შეხვედრას ტრადიციული ეფექტი აკლდა, თუმცა მოედანსა და ტრიბუნებზე დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა.

მატჩი იმერელთა უპირატესობით დაიწყო. კახა ჩხეტიანის შეგირდებმა ბურთი მოიპოვეს და მეტოქის კარის სიახლოვეს იტრიალეს. ყველაზე აქტიური თორნიკე კაპანაძე იყო, ვინც რამდენიმეჯერ დარტყმა სცადა, მაგრამ სამიზნეს ვერ უწია.

მე-15 წუთიდან თბილისელები გააქტიურდნენ. ჯერ ლევან შენგელიამ საყვარელ სტილში დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა, მერე კუხიანიძემ პირველი ზუსტი დარტყმა შეასრულა და დინამომ კითხურებზე რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნა.

თამაში შედარებით გათანაბრდა და იერიშებს ორივე გუნდი ახორციელებდა. ერთ-ერთი ყველაზე რეალური შანსი დინამომ 29-ე წუთზე მიიღო. ორი ყოფილი ტორპედოელის კომბინაციამ გოლი მოიტანა - ნოდარ ქავთარაძის მიერ საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი ლევან კუტალიამ ტექნიკურად დაიმორჩილა, ზუსტი მიმართულება მისცა და ელიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-12 გოლი გაიტანა.

გოლის მერე დინამო ცოტა მოეშვა და ინიციატივა მეტოქეს დაუთმო. ტორპედოს უპირატესობა მეორე ნახევარში უფრო გამოიკვეთა. დინამომ უკან დაიხია, ერთი იმიტომ რომ თბილისელ ფეხბურთელებს დაღლაც დაეტყოთ, თანაც მათ ევროპის ლიგაზე 6 მატჩი ჩაატარეს და იდეალურ ფიზიკურ კონდიცებში არ ყოფილან.

ტორპედომ დიდი ძალებით შეუტია, დინამოს მწვრთნელებმა კი მოედანზე აკაკი შულაია შემოუშვეს და კონტრშეტევებზე გადაერთვნენ. კახა ჩხეტიანმა შეტევის გაძლიერება თემურ ჩოგაძის თამაშში ჩართვითაც სცადა, თუმცა ქუთაისური გუნდისთვის ხოსე პერალესის კარი აუღებელი აღმოჩნდა.

აღნიშვნის ღირსია ტორპედოს შემტევის ჩუკურა რაფაელის მოქმედება, რომელმაც მეტოქე ნოდარ იაშვილს შეჯახების შემდეგ, პირველადი დახმარება უმალ აღმოუჩინა და ტრიბუნიდან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

დინამო უკვე 9 მატჩია ეროვნულ ლიგაში შეუჩერებელია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს 47 ქულა აქვს და ცხრილში ლიდერობს, თანაც ბათუმის დინამოზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.