ზარალი და ჯადო

დილით ნელინიოს კბილები კოლგეიტით რომ გაეხეხა, ამ გოლს უეჭველად გაიტანდა!

ერთხელ, ქართული ტელეამბების კარგად მცოდნე ადამიანს რაღაც საქმეზე ველაპარაკებოდი და ასე მითხრა, ჩვენში ჩემპიონთა ლიგის ტრანსლაციების შეძენა ტელეკომპანიისთვის ზარალიაო. ერთი ხნის მერე მისი სიტყვები სხვა არხის თანამშრომელმაც დმიდასტურა — ინდურ და თურქულ სერიალებს გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავსო. დაეჭვება რომ შემატყო, კეთილი, მაცადე და ზუსტად გეტყვი რეიტინგებსო, დამემუქრა. ჰოდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უახლოესი ტურის მეორე დღეს მომწერა შედეგები — ეს ჩვენი ფეხბურთი მესამე თუ მეოთხე ადგილზე იყო. ანუ, სერიალებს თავი რომ დავანებოთ, იმ წუთებში, როდესაც ერთ არხზე ლიგა იყო გახურებული, სხვა არხზე გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავდა დაპირისპირებული ბანაკებიდან მიყვანილი ორი დუჟმომდგარი პოლიტიკოსის ჩხუბს და კიდევ სხვაგან ვიღაც მჩატე პოპ-მომღერლის სიყვარულის ისტორიას თუ რაღაც ასეთი.

ერთი ასაკოვანი ვერისბაღელის ნათქვამი გამახსენდა: ქართველებს ფეხბურთი არ გვყვარებიაო. ვერისბაღელი ალბათ უფრო ჩვენს ფეხბურთს დარდობდა, მაგრამ მისი  სიტყვები იმ ლიგისა და ტელერეიტინგების ამბავს ზედმიწევნით კარგად მოერგო და იმიტომ ამოატივტივა მეხსიერებამ. 
ამასწინათ კი, კომპიუტერში ქექვისას ჩემივე სტატია ვიპოვნე, თერთმეტი წლის წინანდელი. ისიც ტელევიზიას ეხებოდა. ვწერდი:

 

 

აი, ბრაზილიაში როგორ ყოფილა იცით? — იგორ ფესუნენკოს ძველ წერილში ამოვიკითხე. თურმე, გამორჩეული მატჩების რეპორტაჟებს ერთი-ორი საათით ადრე ქუჩის ჩართვებით იწყებენ. ხალხს ქოქავენ. დგას ბრიგადა სტადიონის მისადგომებთან და გამვლელ-გამომვლელს რაღაცებს ეკითხება, ატმოსფეროს აღწერს.  კიდევ ერთი ამდაგვარი ბრიგადა უშუალოდ ტრიბუნებზე მუშაობს. მის წევრებს საქმე თამაშის დამთავრებამდე არ ელევათ. მოედნის კიდესთან ცალკე ხალხი მოძრაობს, ხოლო საკუთრივ რეპორტაჟი ორ კაცს მიჰყავს: ენაწყლიან მთავარ კომენტატორს და ტაქტიკოს-ანალიტიკოსს. მეტწილად ენაწყლიანი ლაპარაკობს, მეორე კი დროგამოშვებით ერთვება და განმარტავს, რატომ მოხდა მოედანზე ის, რაც მოხდა. საბოლოოდ, ქუჩის, ტრიბუნის, მოედნის კიდის, ენაწყლიანი კომენტატორის და ბრძენკაცის მონაცვლეობა ისეთი ტელეშოუს სახეს იძენს, რომ თვითონ თამაში, ლამისაა, პირველად მნიშვნელობას კარგავს კიდეც.

იმ წერილიდან კიდევ, ერთი სახალისო ამბავი დამამახსოვრდა: ენაწყლიანს, თურმე, კომერციული ვალდებულება აქვს, რეპორტაჟის მსვლელობისას სამჯერ, ვთქვათ კოლგეიტი ახსენოს, ორჯერ კოკა-კოლა და ასე შემდეგ. იმის მიხედვით, ვინ რამდენი გადაიხადა. ერთი სიტყვით, რეკლამა მარტო მოედნის გარშემო ჩამწკრივებულ დაფებზე ვერ ეტევა და ტელემაყურებლამდე სიტყვითაც აღწევს. ჰოდა, როდესაც რომელიმე ნელინიო მეტოქის საჯარიმოში შევარდება და ბურთს ძელს გაარტყამს, ენაწყლიანი ტყვიამფრქვევის სისწრაფით გამოსროლილ სიტყვებში ასეთი ტექსტის ჩასმას ასწრებს: დილით ნელინიოს კბილები კოლგეიტით რომ გაეხეხა, ამ გოლს უეჭველად გაიტანდა! — ხუმრობაცაა, რეკლამაც და რეპორტაჟის დინამიკაც შენარჩუნებულია.

კიდევ, მეგობარმა ერთი წელიწადი ნიუ-იორკში გაატარა, NBA-ს იქაური რეპორტაჟებით დანაყრდა და რომ ჩამოვიდა, ამბობდა ტელეშოუს თვითონ თამაშზე ნაკლები მნიშვნელობა თუ ჰქონდეს, ეს ნიუ-იორკი გარდაბნად იქცესო.

 

 

ჰოლანდიის ჩემპიონატის რომელიღაც, საშუალო დონის თამაშის ცქერისას კი დეჟავიუ დამემართა. თითქოს ყველაფერი ძალიან მეცნობოდა. მერე მივხვდი, დაახლოებით ზესტაფონი — დინამო იყო (შეგახსენებთ, ეს სიტყვები 11 წლის წინანდელი სტატიიდან არის), ოღონდ გალამაზებული, ფერადტანსაცმლიანი და დროშებიანი მაყურებლით, მწვანე ბალახით და ზედ მარილივით მოყრილი ტელეჯადოთი. სულო ცოდვილო და სწორედ მაშინ ვიფიქრე, იქნებ ფეხბურთელებს ჟურნალისტები დავეხმაროთ, მეთქი. კალმიანები თუ ვერაფერს გავხდებით, ტელევიზორმა ხომ ჯადოს გაკეთება იცის და ვინძლო ამ ჩვენი ხალხის მოჯადოება ელტექნიკური საშუალებებით ღირდეს-მეთქი. მერე, გაპირებულ, მზის პირზე გამოტანილ და მოჯადოებულ ქვეყანაში ჩაწყობილ თამაშებთან, მექრთამეობასთან, საცოდაობასთან, უგულობასთან, უჯიგრობასთან და უნიჭობასთან უფრო ადვილად ვიომებდით-მეთქი, მაგრამ…

აგერ, გასულა თერთმეტი წელი და მგონი რა გაქუცულობაშიც ვიყავით, იმ გაქუცულობაში ვართ ახლაც. 

თუ უარესში?

ქვეყანაში ჩემპიონთა ლიგა რომ ზარალი იქნება…




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.