მსოფლიო ჩემპიონატი: უმედლო მეორე დღე 

მეორე საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დარჩა 

 

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოსთვის უმედლოდ ჩაივლის. 
-66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით დღეს ტატამზე ორი ფალავანი ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი გამოვიდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლას ვერცერთი გააგრძელებს. 


მარგველაშვილმა ეგვიპტელი აბელრაჰმანის დამარცხების შემდეგ, სამხრეთ კორეელ კიმ ლიმუანს ვერაფერი მოუხერხა და რეპეშაჟის მიღმაც დარჩა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვერც ნინიაშვილი გადაერთო, რომელმაც ჯერ გვინეელ მუსა კაბას, მერე ავსტრალიელ ნათან კაცს მოუგო, მაგრამ მონღოლ ბაშკუ იოდონპერენლეისთან ორთაბრძოლაში დამარცხდა. 


მედლების კომპლექტი მამაკაცთა გარდა, ქალთა შორისაც გათამაშდა. 52 კგ-მდე წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი გათამაშებას მეორე რაუნდიდან გამოეთიშა.


ხვალ ტატამს -73 კგ-ში გამომსვლელი ძიუდოისტები დაიკავებენ, სადაც საქართველოს ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი წარადგენს. 

საქართველოს ნაკრებს იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე უკვე 1 ოქროს მედალი აქვს - 60 კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.