Muchas Gracias, ისედაც კარგები ვართ

ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეულია. ესპანეთი ყველა თამაშს წამოიღებს და პუერტო რიკო მხოლოდ ესპანეთთან წააგებს. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში. წინათქმა

C ჯგუფი: ესპანეთი, პუერტო რიკო, ტუნისი, ირანი.   

ფავორიტები: ესპანეთი, პუერტო რიკო.

ჯოკერი: მარკ გასოლი.

 

მქონდა ბედნიერება და დავესწარი პუერტო რიკოს ისტორიაში ყველაზე საპატიო, ისტორიულ შეხვედრას. ათენში, ოლიმპიადაზე (2004) პუერტო რიკომ გალახა ამერიკა, სადაც იყვნენ ტიმ დანკანი, ალენ აივერსონი და სხვა უმოტივაციო მილიონერები. პუერტო რიკოს ის ნაკრები ქმნიდა ისტორიას და ის ნაკრები სამშობლოში გმირის სტატუსით ჩავიდა.

ალბათ, პუერტო რიკო ესპანეთთან ერთად ჯგუფიდან უნდა გავიდეს. ამ ნაკრებს ჰყავს ერთი კარგი მოთამაშე (ესტუდიანტესის ხიან კლაველი) და დანარჩენები. და დანარჩენებიდან ყველას სურს მეორე ეტაპზე გადასვლა. პუერტო რიკომ ერთხელ, ბევრი წლის წინ (2002) მოუგო ესპანეთს და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ აქ ეს არ განმეორდება. ეს ისტორიაა.

ესპანეთი მედლებისთვის აუცილებლად იბრძოლებს და ესპანეთმა ჯგუფი უნდა მოიგოს. დაბერდა და არ არის ნაკრებში პო გასოლი, მაგრამ NBA-ს ჩემპიონის სტატუსით ჩავა ტურნირზე მისი ძმა - მარკი, რომელიც ნაკრების ლიდერი იქნება. ალბათ, ტურნირის საუკეთესო დამცველი-ცენტრი. ალბათ, მას იოკიჩის შემდეგ მაღლებში ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა ექნება. ალბათ, გასოლს დაასვენებენ და გადამწყვეტი ფაზისთვის დასვენებულს მიიტანენ. ესპანეთი გასოლთან ერთად ნებისმიერს შეასკდება.

ძალიან რთულია დანარჩენი ესპანელებისთვის ტურნირის პროგნოზირება. გასოლი თავის სტატისტიკას (12-13 ქულა, ათამდე მოხსნა, 3-4 პასი) აიღებს, მაგრამ მარკს დასჭირდება დახმარება. ძმები ერნანგომესებიდან 23 წლის ხუანჩო იქნება საინტერესო. ისინი პირველად ითამაშებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაისში ხუანჩოს ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდი სწრაფად, გართულებების გარეშე დასრულდა და ბიჭი მზად არის. ტესტებში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესპანეთში და ეცდება, იდენტური კონდიციები უშუალოდ ჩემპიონატის დროს შეინარჩუნოს. ის მარკის შემდეგ ყველაზე სახიფათო ესპანელი იქნება, რომელსაც აქვს სიმაღლე (206), აგრესია, ნიჭი და სურვილი, რომ ტურნირის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახდეს. თავისთავად, ნაკრების წარმატების ფონზე.

ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეულია. ესპანეთი ყველა თამაშს წამოიღებს და პუერტო რიკო მხოლოდ ესპანეთთან წააგებს. საინტერესო გარჩევები იქნება, სადაც არავინ არ დაიძაბება და ყველა კმაყოფილი დატოვებს ჩინეთს.

ესპანეთმა ძალიან ლამაზი, ესპანური კალათბურთი უნდა იყომაროს.