პენალტისტები და მელოტები

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ პრემიერლიგა გახურდა და წინ კიდევ ბევრი ამბავი გველის.

წარმოიდგინეთ, რომ გუნდში პენალტისტები არიან გოჩა და ხვიჩა. ვთქვათ, მოხდა ისე, რომ ერთ შეხვედრაში გოჩამ დაარტყა პენალტი, მეორეში კი ამ გუნდის სასარგებლოდ ისევ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი და ახლა ხვიჩა მივარდა ბურთს.

 

— აუ, თუ ძმა ხარ, „პალასაზე“ ვარ, წინაზე გავიტანე. ახლაც მე დავარტყამ, რა, — დაეჯაჯგურა გოჩა.

 

— კაი, რა, ბიჭო. შენ რომ დაარტყი. მე არ მინდა? — არ დაუთმო ხვიჩამ, დადო ბურთი, დაარტყა და მეკარემ აუღო.

 

ხდება, ხომ? ახალგაზრდები არიან, გოლის გატანა უნდათ. არაფერი განსაკუთრებული.

 

შემდეგ, მწვრთნელი გაბრაზდა. მწვრთნელს გაბრაზება თანამდებობით ევალება. მას გოლი უნდა. მისთვის სულერთია ვინ გაიტანს. ჰოდა, ხვიჩას გაუწყრა, უთხრა ამიერიდან პენალტებს მარტო გოჩა დაარტყამსო.

 

შემდეგ თამაშში ისევ დაინიშნა პენალტი და… ახლა გოჩამ გაარტყა ძელს. დათარსა ამ ყველაფერმა, რა. ყოველ შემთხვევაში თვითონ დათარსვას აბრალებს.

 

როგორც ვთქვით, ასეთი რაღაცები ხდება. ფეხბურთია, ცხოვრებაა. მწვრთნელიც ალბათ კიდევ ერთხელ გაბრაზდება, ბიჭებს ცალკე გაიყვანს, დაელაპარაკება. ისინიც მორიგდებიან რამეზე, რაღაცას იტყვიან და… სულ ეს არის.

 

ოღონდ, სულ ეს არის, თუკი ამ პენალტისტებს გოჩა და ხვიჩა ჰქვიათ. მაგრამ, თუკი მათ მარკუსი და პოლი ჰქვიათ ამბავი კი ინგლისში ხდება, მაშინ უკვე ოოო! მაშინ, ეს ისეთი თემაა, რომელსაც იქაური მას-მედია სულ მცირე ორი კვირა ჰედლაინებიდან არ ჩამოიღებს. ამ ორი კვირის განმავლობაში მარკუსი და პოლი გოჩასა და ხვიჩასგან განსხვავებით შეიძლება მაღაზიაშიც კი ვერ ჩავიდნენ. გოჩას და ხვიჩას რა უჭირთ, ფორმას გამოიცვლიან, სახლში მივლენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ. მოედანზე მომხდარი შინ აღარ წაჰყვებათ.

 

კაცმა რომ თქვას, არც პაოლოს და ჯოვანის.

 

არც ჟანს და ჟაკს.

 

არც სერხიოს და კარლოსს.

 

აი, პოლს და მარკუსს ანუ პოგბასა და რეშფორდს კი…

 

რატომ? იმიტომ, რომ იქ, ინგლისში, ყველაფრისგან მოვლენებს ქმნიან. ააგდებენ ვიღაცას ან რაღაცას ჰაერში და აღარ დაუშვებენ.

 

ახლა, წარმოიდგინეთ საღამო, საფეხბურთო მიმოხილვა და წამყვანი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც უშუალო სტილით და იუმორით არის ცნობილი. სტუდიაში მეგობრები, ყოფილი ფეხბურთელები უზის. მიდის ცალ-ცალკე ყოველი შეხვედრის გარჩევა. წამყვანი ამბობს, რომ ჩემპიონატი ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ორ ტურში უკვე იმდენი დრამატული შეხვედრა ჩატარდა, რომ კაცს შეიძლება თმა ყალყზე დაუდგეს. და აი, აქ ის ამჩნევს, რომ მისი ორივე სტუმარი მელოტია — თმა ყალყზე ვერაფრით დაუდგებათ. და ვინაიდან ასეთი მომენტის ხუმრობის გარეშე ხელიდან გაშვება არ შეუძლია, წამყვანი დასძენს: კაცს თმა ყალყზე იმ შემთხვევაში შეიძლება დაუდგეს თუ ესენი არ არიანო.

 

მელოტ სტუმრებს გაეცინათ, ხალხის დიდ ნაწილსაც ალბათ გაეცინა, მაგრამ მელოტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ერთი ამბავი ატეხეს. ბევრ მელოტსაც ეწყინა.

 

ეს წამყვანი ცნობილი გარი ლინეკერი იყო. BBC-ს ყველაზე დიდი ანაზღაურების მქონე წამყვანი. მელოტები — ალან შირერი და დენი მერფი. მე კი ასე ვფიქრობ, რომ ამ ისტორიაში მთავარი მელოტთა (უფრო სწორედ თმის უპირატესობის არმქონეთა) უფლებების დამცველი ორგანიზაციების პროტესტი კი არა, თავად ხუმრობა იყო.

 

იმას, რაც ლინეკერმა თქვა ალბათ ბევრ ქვეყანასა და ბევრ გადაცემაში არ იტყოდნენ. თავს ამდენის უფლებას არ მისცემდნენ.

 

ინგლისში ამ მხრივ სხვა გარემოა.

 

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ პრემიერლიგა გახურდა და წინ კიდევ ბევრი ამბავი გველის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.