მეორე კი არა, მეექვსე და მეშვიდეც ვიღაცაა...

ჯერ კი მხოლოდ ოთხი ტურია გასული, მაგრამ, ასეა გამოკვეთილი, რომ ის ორნი ცალკე, მერე ეს ოთხნი და კიდევ ვიღაც, ვინც გამოხტება 

ადრე, ბილ შენკლი ამბობდა: თუ პირველი ხარ, პირველი ხარ და თუ მეორე, არავინაც არ ხარო.

 

ლივერპულის სიდიადის მესაძირკვლე სწორედ ეს ენამოსწრებული კაცი და დიდი მწვრთნელი იყო. ჰოდა, წლევანდელი პრემიერლიგის ოთხი სათამაშო დღის თავზე, მისი სწორედ ეს ყველაზე ნაკლებად სასაცილო გამონათქვამი გაგახსენდება კაცს. ბრაზიანი და მტკიცე ნათქვამი. ოღონდ ეგაა, ახლანდელ პრემიერლიგაში საქმე უკვე ისეა, რომ ვეღარ იტყვი, რომ როცა მეორე ხარ, არავინ არა ხარო. მეორე კი არა, მეექვსე და მეშვიდეც ვიღაცაა, მესამეზე და მეოთხეზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

ოცდაათი წელიწადი სრულდება, რაც ლივერპული ჩემპიონი არ გამხდარა, ანუ პრემიერლიგის ჩემპიონი არასდროს ყოფილა. ვარგოდა, თუ არა, ყოველთვის რაღაც გამორჩეული ჰქონდა. თუმცა, ეს სხვა საკითხია, იმიტომ, რომ ლივერპული ლივერპულია.

 

ამ ოცდაათი წლის თავზე კი, ლივერპული ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტადაა აღიარებული, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საერთოდ, უდანაკარგოდ და არანორმალური სისწრაფით მიდის პირველ ადგილზე. კლოპის გუნდი შარშან, ნაშობავებსაც პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ზამთარში მთელი უპირატესობა გაფლანგა და საბოლოოდ, მანჩესტერ სიტიმ ერთი ქულით გაუსწრო.

 

 

წლევანდელ გათამაშებაზე კი უკვე ამბობენ, ეს კვლავ ორი ცხენის დოღი იქნებაო, ანუ ისევ ლივერპული და სიტი.

 

manchester city vs liverpool-ის სურათის შედეგი

 

შარშან, მესამე ადგილზე გასული ჩელსი, ოცდახუთი ქულით ჩამორჩებოდა მეორეზე გასულ ლივერპულს და წელს რაღა იქნება? წელს ტოტენჰემიც ვერ ჩანს ნაპერწკლიანი, ჩელსი კი საერთოდ პირველადაა აზარის გარეშე, კვლავ ახალი მწვრთნელით და კვლავ იმაზე ფიქრით, რომ ეს ახალი მწვრთნელიც სეზონის ბოლოს წავა. არსენალიც ვერაა ძალის და სისწრაფის იმ გაქანების მაჩვენებელი, იმ ორი ცხენის დევნას რომ სჭირდება და მანჩესტერ იუნაიტედს კი იმდენი აკლია თანაქალაქელებამდე, რამდენიც ამ თანაქალაქელებს აკლდათ მანჩესტერ იუნაიტედამდე მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, ალექს ფერგიუსონის პენსიაზე გასვლამდე.

 

მესამე-მეოთხე ადგილებისთვის ომი კი ფიცხელი გაიმართება, მაგრამ ამათგან არცერთი არ ჩანს იმ ძალმოსილებისა, რომ ლივერპულს და სიტის რამენაირად შეეცილონ. ახლა, ცხრილში მესამე ადგილზე ლესტერია ამძვრალი და ვინც ამ გუნდის და მისი ჭკვიანი მწვრთნელის ამბავი იცის, იმასაც იფიქრებს, რომ ლესტერი, თუ ჯანი გაჰყვა, წლეულს აშკარად აპირებს მადევარი ოთხეულის გამწარებას. ბრენდან როჯერსმა ლივერპული კინაღამ გახადა ჩემპიონი, ლესტერში კი კვლავ დაბოდიალობს  დაუვიწყარი აჩრდილი. როგორც კი ჯეიმი ვარდი გოლს გაიტანს, იქაურობის გული დიადი გამარჯვებისთვის დაიწყებს ხოლმე ფეთქვას. ვარდიმ კიდევ, ამ უქმეებზე გაიტანა.

 

ჯერ კი მხოლოდ ოთხი ტურია გასული, მაგრამ, ასეა გამოკვეთილი, რომ ის ორნი ცალკე, მერე ეს ოთხნი და კიდევ ვიღაც, ვინც გამოხტება.

 

ლივერპულიდან მანჩესტერამდე მატარებელს ნახევარი საათი სჭირდება. ცოტა, მეტი. ენფილდიდან ეტიჰადამდე კი ოცდათხუთმეტი მილი და ოთხასიოდ იარდია. ეს მთავარი საფეხბურთო გზა იქნება წლეულს და ალბათ შარშანდელზე კიდევ მეტად ძნელად სასიარულო. ამასობაში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრაც ჩატარდა, გვარდიოლამ კი თქვა: ჩემპიონთა ლიგაში გამრჯვების გარეშე, ძნელად რომ რამე შეიცვალოს ჩვენს ცხოვრებაშიო. ასე, რომ ყველაფერთან ერთად, ეს ნამდვილი ორფრონტიანი რეისი იქნება. 

 

პირველი, მეორე - მგონი, ამის გარკვევა სულ უფრო რთული ხდება.

 

premier league title-ის სურათის შედეგი




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.