მართლა უცხო პლანეტიდან კი არ ჩამოსულა

მესის წინამორბედები ჰყავდა. მართლა უცხო პლანეტიდან არავინ ჩამოფრენილა

თითქოს მსხვილი სანაკრებო შეჯიბრება არსად მიმდინარეობს. მესიც დაშავებულია... აბა, არგენტინელები და მათი თავდასხმა რამ გამახსენა? ვითომ, ამასწინანდელმა ცნობამ, რომ კლაუდიო კანიჯიას ნარკოტიკებთან და მრავალჯერ ნაცემ ცოლთან პრობლემები აქვს? ქალს სადღაც საჯაროდ მოუყოლია თავისი კოშმარული ცხოვრების შესახებ, კანიჯიას კი უთქვამს ტყუილიაო და ასე შემდეგ.

 

 

არადა, რა თავდამსხმელი იყო… ნუ, მე მაინც ბატისტუტა მერჩივნა, მაგრამ კანიჯიაც ერთ რამედ ღირდა. და საერთოდ, რომელიღაც ინგლისელი ჟურნალისტის თქმისა არ იყოს, არგენტინელები ის ხალხია, რომელთაც იციან სად არის მოწინააღმდეგის კარი.

 

 

გადავხედოთ ევროპას. სადაც გოლზეა ლაპარაკი, იქ მესის, აგუეროს ან მაურო იკარდის მაინც ახსენებენ. კი ბატონო, იყოს იგუაინიც. პაულო დიბალაც… უფრო ადრე ჰქუხდნენ ერნან კრესპო, ხავიერ სავიოლა, დიეგო მილიტო და კლაუდიო ლოპესი, რომლებიც თავის მხრივ გაბრიელ ბატისტუტას, კლაუდიო კანიჯიას და ხორხე ვალდანოს თაობებს მოჰყვნენ კუდში. მანამდე დიდი დიეგო გრგვინავდა. კიდევ, იყვნენ რამონ დიასი, მარიო კემპესი, დანიელ ბერტონი, რამონ ერედია... არ ილევიან, მოკლედ. მაგათ ვერ გამოლევ. ომარ სივორისა და ალფრედო დი სტეფანოზე უბრალოდ აღარაფერს ვიტყვი.

 

 

ნუ, დი სტეფანო, მარადონა და მესი, არც მეტი არც ნაკლები, ყველა დროის საუკეთესოთა შორის არიან.

 

 

ეტყობა გოლის გატანა არგენტინული ხელოვნებაა. როგორც ჩანს, ეს საქმე ამ ქვეყანაში სისხლით გადაეცემა, გენით, დნმ-თი.

 

 

ფრანსისკო „პანჩო“ ვარალო გაგიგიათ? არგენტინული თავდასხმის ეს პატრიარქი 1931 წელს, როდესაც ქვეყანაში ფეხბურთს პროფესიული სტატუსი მიანიჭეს, 21 წლის იყო და ბოკა ხუნიორსმა კონტრაქტში 10 000 პესო გადაუხადა. 2010 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 100 წლის ვარალომ თქვა, მაშინ ამ თანხით სახლს იყიდიდი და 7 ათასი დაგრჩებოდაო.

 

ჰოდა, ამ კაცმა ბოკას შემადგენლობაში 222 შეხვედრა ჩაატარა და 194 (!) გოლი გაიტანა.

 

 

კიდევ ერთი ლეგენდარული ფორვარდი, რომელიც ჩვენში გულშემატკივართა ახალ თაობებს ალბათ არ გაუგიათ იყო ბარნაბე ფერეირა. ისიც ვარალოს დროის კაცი იყო და მასაც ვარალოსავით უხდიდნენ, ოღონდ რივერ პლეიტში. რივერს მილიონერები მის გამო დაარქვეს.

 

 

ფერეირა ნაღდი ვარსკვლავი იყო. მის სანახავად სტადიონები ივსებოდა. გარდა იმისა, რომ ხელფასს აძლევდა, კლუბი მისთვის მატარებლის ბილეთს ყიდულობდა, ქირაობდა მძღოლს და კვირაში ერთხელ კერძო თვითმფრინავით მშობლიურ რუფინოში უშვებდა თავისიანების სანახავად. სამაგიეროდ, ფერეირას გოლი გოლზე გაჰქონდა: 206 შეხვედრაში 197(!)-ჯერ შეაგდო.

 

 

გენეტიკის ამბავია, აბა რა არის.

 

 

ვარალო და ფერეირა კლასიკური ცენტრფორვარდები იყვნენ. აი, ვალდანოს, ბატისტუტას, და იგუაინის მსგავსი… მაგრამ ვარალოსა და ფერეირას ეპოქაში უკვე იყვნენ თავდამსხმელები, რომლებსაც გოლები ცოტა განსხვავებული თამაშით გაჰქონდათ. ლაპარაკია რობერტო ჩეროსა და ხოსე მანუელ მორენოზე, რომლებიც შეტევებს უკნიდან იწყებდნენ და წინ დრიბლინგით მიდიოდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მარადონას და

 

მესის წინამორბედები ჰყავდა. მართლა უცხო პლანეტიდან არავინ ჩამოფრენილა.

 

 

ჩერო ვარალოსთან ერთად ბოკაში თამაშობდა და 2010 წლამდე არგენტინის ჩემპიონატების რეკორდსმენი იყო — მის შედეგს, 305 შეხვედრაში 221 გოლს მარტინ პალერმომ აგერ, ახლახანს გადაასწრო.

 

 

მაგრამ, თუ სტილზე ვილაპარაკებთ, მარადონას და მესის წინაპარი ჩეროზე მეტად რივერ პლეიტელი მორენო იყო. თვით ვარალო ამბობდა, ხალხი ტრაბახობს, რომ მარადონას ფეხბურთი აქვს ნანახი, მაგრამ მე მორენოს თამაში მინახავს და მას ყველაზე წინ ვაყენებ. მორენოს ბადალი აღარავინ შემხვედრიაო.

 

 

ოღონდ, ვილაპარაკოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არგენტინელებზე და დი სტეფანოზე საერთოდ არაფერი ვთქვათ, გამორიცხულია. ამ კაცმა 1940-იანი და 50-იანი წლების მკაცრი ტაქტიკური ჩარჩოები დაშალა და თავდამსხმელის თამაში მრავალმხრივი გახადა. რივერ პლეიტში გასინჯვაზე მისულ დი სტეფანოს მწვრთნელმა ჰკითხა, აბა, შვილო, რა პოზიციაზე თამაშობო. ჯერაც ყმაწვილმა ლეგენდამ უპასუხა, თავდასხმაში, ხუთ სხვადასხვა ადგილასო

 

 

ჰოდა, ამის მერე მოდი და გაგიკვირდეს, როდესაც არგენტინელი გოლს გოლზე გაიტანს.