ვაისი: კორეასთან მატჩს დანიისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ

ვლადიმირ ვაისის მატჩისწინა პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში კორეის რესპუბლიკას დაუპირისპირდება. მატჩი 5 სექტემბერს სტამბულში 17:30-ზე გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ეროვნული გუნდის თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

“ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

 

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

 

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

 

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის.“ - თქვა ეროვნული გუნდის თავკაცმა.

 

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ჯვაროსნები დინამო არენაზე დანიის ნაკრებს უმასპინძლებენ.