გაცვეთილი ნამგალი და ურო

კლუბში ვორონცევიჩი ყოველთვის წინა პლანზე ვერ რჩება და ნაკრებში ვეტერანი ჯერ კიდევ მთქმელი ტიპია. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. I ჯგუფი

ვენესუელა - რუსეთი 60:69 (10:13, 17:14, 15:21, 18:21)

ვენესუელა: კარერა (19+10 მოხსნა+2 ჩაჭრა+2 დაფარება), ზამორა (13).

რუსეთი: ვორონცევიჩი (17+9 მოხსნა+5 პასი), კურბანოვი (12+8 მოხსნა+2 პასი), მოტოვილოვი (12+3 მოხსნა+2 ჩაჭრა).

ვარსკვლავი: ანდრეი ვორონცევიჩი.

 

რუსეთმა ღირსეულად და წარუმატებლად დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატი. ტურნირი ჯერ მიდის, მაგრამ პრინციპული ჩეხვები რუსეთისთვის ამ შეხვედრით დამთავრდა. პოლონეთთან წაგებით რუსეთმა დაკარგა შემდეგ დონეზე გადასვლის შანსი და ვენესუელასთან მხოლოდ ღირსებისთვის ითამაშა. რუსეთმა რამდენიმე ვეტერანის გამორჩეულად კარგი, მონდომებული თამაშით წამოიღო ეს ტესტი. რუსეთი იყო აგრესიული და პირველი მეოთხედიდან მიაწვა მეორე გუნდს, რომელმაც მატჩი 28 პერსონალურით დაასრულა. ძალიან ბევრია. რუსეთმა 31 საჯარიმო სროლა შეასრულა, 22 გამოიყენა და ბოლო აკორდები დაღლილ ვესუელაზე უკეთ აიღო.

ძალიან კარგი იყო ანდრეი ვორონცევიჩი. ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი, კლუბის რუსული სახე, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო ცოტა სათამაშო დროს იღებს. კლუბში გაიზარდა კონკურენცია. კლუბში ვორონცევიჩი ყოველთვის წინა პლანზე ვერ რჩება და ნაკრებში ვეტერანი ჯერ კიდევ მთქმელი ტიპია. ვორონცევიჩმა სამივე სამიანი, ექვსივე საჯარიმო გამოიყენა და დაცვაშიც ძალიან კარგად არჩევდა პოზიციას. ჩემპიონატის ერთ-ერთმა დიდმა იმედგაცრუებამ - სერგეი კარასიოვმა მხოლოდ არასრული 4 წუთი მიიღო, უქულოდ ირბინა და შეუმჩნეველი იყო. ძალიან ცუდი, ზედმეტად აქტიური, უმიზეზოდ აგრესიული იყო მიხაილ კულაგინი და ცსკა-ს გამთამაშებელმა შეხვედრა 5 ქულით და შედეგიანი გადაცემის გარეშე დაასრულა. ხდება ხოლმე.

რუსეთი თითქმის ყველაფერში ოდნავ უკეთესი იყო.

რუსეთმა ბოლო წუთებში ამოქაჩა და როგორც კი წინ გავიდა, ეს ფორა შეინარჩუნა. რუსი ფანებისთვის ეს ნაკრები გაცვეთილი ნამგალი და ურო იყო, მაგრამ ლიდერების გარეშე რუსეთმა მაინც კარგად ითამაშა.