ვაისი: საქართველოს ნაკრებმა ჩემი ხელმძღანელობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა

რიგ მომენტებში მსაჯს შეეძლო გადაწყვეტილებები ჩვენ სასარგებლოდ მიეღო

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებმა დანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ მედიასთან ჯვაროსანთა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

 

"ეს იყო ჩემი საუკეთესო მატჩი, მას მერე რაც საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, იმაზე უკეთესიც კი ვიდრე ესპანეთთან მოგება იყო. რამდენიმე ფეხბურთელმა დიდი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. დაცვაშიც კარგად ვმოქმედებდით და შეტევაშიც მშვენივრად გამოვიყურებოდით. იმის გათვალისწინებით თუ რა დონის ფეხბურთელები ჰყავს დანიას, თამაშით კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს თამაშისთვის და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. 

 

ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ და ვთვლი, რომ ჩემი ემოცია გუნდზეც გადავიდა. მსაჯობასთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ვიტყვი. ვთვლი, რომ პენალტი არ იყო და მსაჯმა 11 მეტრიანი  სამართლიანად არ დანიშნა. ვფიქრობ გარკვეულ ეპიზოდებში მსაჯს ჩვენ სასიკეთოდ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასე არ მოიქცა. 

 

რაც შეეხება შემადგენლობას, იძულებული ვიყავი ნახევარდაცვაში ცვლილებები განმეხორციელებინა. კიტეიშვილმა ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თუ ასე გააგრძელებს პროგრესს, მალე ავსტრიის ჩემპიონატისთვის ზედმეტად კარგი მოთამაშე იქნება. რაც შეეხება აბურჯანიას, ბოლო 2 წლის მანძილზე ცოტას თამაშობდა. იმედია ტვენტეში სათამაშო პრაქტიკა ექნება. 

 

გრიგალავამ დღეს მშვენიერი მატჩი ჩაატარა. გია მშვენივრად თამაშობდა პირველ ბურთზეც და საჰაერო ორთაბრძოლების დროსაც. ბოლო წლები მისთვის საკმაოდ რთული იყო, თუმცა რუსეთის ჩემპიონატში კარგად თამაშობს და ძალიან გვეხმარება. რაც შეეხება ცვლილებებს, ვთვლი, რომ თუ ყველაფერი კარგად მიდის ცვლილების გაკეთება საჭირო არაა. 

 

რაც შეეხება გვილიას, შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ტაქტიკური მონახაზის გამო მას ვუთხარი, რომ დღეს სათადარიგოთა შორის უნდა დარჩენილიყო და როგორც პროფესიონალმა ისე მიიღო.

 

კვეკვესკირის დაბრუნება ნაკრებისთვის კარგი იქნება, ზოგადად კონკურენცია ჩვენ ძალიან წაგვადგება. როცა ნიკა მწყობრში იქნება, სწორედ ამის შემდეგ მივიღებ შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას,"-თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.