უმუღამოდ, ბევრი fUCKტებით

მოწყენილი კაცი ბაჯბაჯით გადადიოდა სამწამიანიდან სამწამიანში, იღებდა ბურთს, იგებდა პოზიციას და აგდებდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. L ჯგუფი

დომინიკელთა რესპუბლიკა - ლიტვა  55:74 (14:19, 10:19, 15:14, 16:22)

დომინიკელთა რესპუბლიკა: მენდოზა (14+5 მოხსნა), როხასი (11+6 მოხსნა).

ლიტვა: ვალანჩუნასი (19+10 მოხსნა+3 დაფარება), ლეკიავიჩუსი (19+4 მოხსნა), კუზმინსკასი (12+4 მოხსნა).

ვარსკვლავი: იონას ვალანჩუნასი.

 

ლიტვა მეოთხედფინალში უნდა ყოფილიყო. ლიტვა ტურნირს ფლეი ოფიდან უნდა იწყებდეს. ლიტვა კალათბურთია. და კალათბურთი ლიტვის გარეშე დარჩა. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ჩეხვაში ლიტვა უემოციოდ, უმუღამოდ დარბოდა და კლასით მოუგო დომინიკელებს. რომლებმაც ტურნირზე მშვენიერი დრო გაატარეს და სახლში თავაწეულები და კმაყოფილები ბრუნდებიან. ლიტვა შემდეგი ტურნირისთვის მოემზადება. ალბათ, უკვე გადახალისებული შემადგენლობით. ამ გუნდიდან ბევრმა ბოლო შანსი მიიღო. და ახალი თაობა შეცვლის ვეტერანებს, რომლებმაც ნაკრებს მაქსიმუმი მისცეს.

ლიტვამ წააგო მსაჯების შეცდომებით, მთავარი მწვრთნელის არასწორი ტაქტიკით და ალბათ, იმის გამო, რომ ავსტრალიასთან თამაშში არ იყო მზად ხისტი, ეპიზოდებში - უხეში კალათბურთისთვის. ლიტვა პრაგმატულად სწორი იყო. ხანდახან, თამაშებს გიჟები იგებენ. როგორც - ავსტრალიაში, სადაც პატი მილსი და კომპანია მოსაგებად ყველაფერს აკეთებენ. ლიტვას აკლდა ეს სიგიჟე. ლიტვა ზედმეტად დავარცხნილი იყო. ლიტვის წასაგებად ზედმეტად ბევრი ფაქტი, მიზეზი იყო.

იონას ვალანჩუნასმა სტატისტიკურად ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ვარსკვლავ ცენტრს თითქმის არ ურბენია. მოწყენილი კაცი ბაჯბაჯით გადადიოდა სამწამიანიდან სამწამიანში, იღებდა ბურთს, იგებდა პოზიციას და აგდებდა. დაცვაში იონასი უბრალოდ, მშვიდად იცავდა საკუთარ ტერიტორიას, ხელს უწევდა და იგებდა ეპიზოდს. მორიდებული ოპონენტების წინააღმდეგ ის არ დაღლილა. იონასმა ძალიან კარგად შეასრულა საშუალო სროლები - 11/8 გამოიყენა. იონასმა არასრულ 25 წუთში უშეცდომოდ ითამაშა და ვალანჩუნასს აკლდა ემოცია.

ლიტვამ მოიგო და შემდეგ ეტაპზე საფრანგეთი და ავსტრალია გადავიდნენ.

და მაინც, მადლობა ლიტვას კლასისთვის. ველოდებით საბონისს გოგა ბითაძესთან.