საოცარი კოსოვო

საქართველოს კოსოვო მეტოქეს შეუცვლის?

კოსოვოს ნაკრები ისეთივე ახალია, როგორც თავად ქვეყანა. ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა, რომელიც ახლახან გამოეყო სერბეთს. სერბეთის კონსტუიტუციის მიხედვით, ამ ტერიტორიას კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე ჰქვია. კოსოვოელები, რომელთა უმრავლესობა ეთნიკურად ალბანელები არინ (ასევე იქ ცხოვრობენ სერბები და ბოშები), თავს დამოუკიდებლად მიიჩნევენ. ჰყავთ პარლამენტი, პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი.

ჩვენთვის, ცხადია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ასპექტში კოსოვოს აღიარება მისაღები არ უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვვნელოვანი სხვაობა: აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების პოზიციით, კოსოვო უნიკალური შემთხვევაა და სხვა არაღიარებული წარმონაქმნებისთვის ის მაგალითად ვერ გამოდგება.

1993 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, კოსოვომ თავისი ეროვნული გუნდიც შექმნა. თუმცა სულ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, ისიც  კლუბებთან. 2016 წელს კი სიტუაცია შეიცვალა. კოსოვო სერბეთს გამოეყო და ის ფიფა-უეფამაც აღიარა.

 

 

ოქროს ბიჭებმა (Djelmoshat e Artë) - ასე უწოდებენ კოსოვოელთა ნაკრებს, პირველად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მიიღეს მონაწილეობა და საშინელი შედეგი აჩვენეს. 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი ფრე ითამაშეს, 9 კი წააგეს (მათ შორის 0:6 ხორვატებთან და 1:4 თურქებთან) ბურთების შეფარდებით 3:24-თან და ცხადია, ბოლო ადგილზე გავიდნენ.

მაგრამ დაიწყო ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. თითქოს ჯადოსნური ჯოხი შეახესო - მაინც ყოფილი იუგოსლავიელები არიან, იციან ფეხბურთის თამაში.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის A შესარჩევ ჯგუფში ისინი ახლა 8 ქულით მეორე ადგილზე დგანან 9-ქულიანი ინგლისელების შემდეგ. აქამდე კი ბულგარეთთან შინ ფრედ ითამაშეს (1:1), ასეთი ანგარიშით დაუზავდნენ სტუმრად ჩერნოგორიას, გასვლაზე დაამარცხეს ბულგარეთი (3:2) და 7 სექტემბერს ჩეხებს შინ სძლიეს - 2:1.

10 სექტემბერს ისინი ინგლისს ეწვევიან უემბლიზე. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კოსოვოელთა მწვრთნელმა, ბერნარ შალანდმა, კვირას ერთობ ემოციური პრესკონფერენცია ჩაატარა.

68 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი თავიდან ჩვეულ, მშვიდ სტილში ურთიერთობდა ჟურნალისტებთან, მაგრამ უცებ ყვირილი დაიწყო და არც თუ მთლად ადეკვატურად იქცეოდა.

 

მერე ცოტა დაწყნარდა და შემდეგი თქვა: „ინგლისთან მოგება ჩვენი ოცნებაა. ვიმედოვნებ, მათთან შეხვედრა კოშმარით არ დამთავრდება ჩვენთვის. კოსოვოს არ ჰყავს სუპერვარსკვლავები, თუმცა, ყველა ფეხბურთელს შეუძლია ბოლო წუთამდე იბრძოლოს ქვეყნის პრესტიჟისთვის.“ 

რატომ დავინტერესდით კოსოვოს ნაკრებით?  საქმე ის არის, რომ ერთა D ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ბელარუსის, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდები გავიდნენ. 

2020-ის მარტში ჩვენ ბელარუსს ვხვდებით თბილისში, კოსოვო კი მაკედონიას ეთამაშება და ბოლოდროინდელი მიღწევების კვალად, გამორიცხული არ არის ფინალში სწორედ კოსოვო დაგვიპირისპირდეს.

თუმცა, თუ კოსოვოელები შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებენ, ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან და ამ შემთხვევაში, უეფას დებულების მიხედვით, საქმეში ერთა ლიგის რეიტინგი ჩაერთვება და წყვილები შეიცვლება. 

D ლიგაში საუკეთესო მეორეადგილოსანი ლუქსემბურგია, ამიტომ ნახევარფინალში საქართველო სწორედ ლუქსემბურგს შეხვდება, მაკედონია კი - ბელარუსს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.