ჰიმნები

ფიქრებ, სტადიონის გამომცხადებელი ძალიან ტკბილად ყოფილა-თქო. მოიტანა, მოიტანა და სულ ერთი არაა, ლამაზი ფრანგული გამოთქმით: ალბანი... აღმენი... აღმენი... ალბანი... 

ქართულმა სასულე ორკესტრმა ჩვენი ჰიმნი უშეცდომოდ, მაგრამ სწრაფად დაუკრაო, დაუწერიათ დანიურ გაზეთებში. ჩვენმა ორკესტრმა ცოცხლად მაინც შეასრულა, რაც პატივისცემას და განსაკუთრებულ ცერემონიალურობას ნიშნავს. მარიფლდზე, ჩვენს მორაგბეებს ფოცხვერაშვილის ჰიმნი ჩაურთეს და მერე კი შეწუხდნენ სქოთები და თამაშის შემდეგ დაუკრეს ჩვენი ახლანდელი ჰიმნი.

 

რა თქმა უნდა, ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი სტად დე ფრანსზე მოხდა, სადაც ალბანელებს ანდორის ჰიმნით შეეგებნენ და სანამ სწორ მელოდიას იპოვნიდნენ, გამომცხადებელმა მოიბოდიშა, სომხეთის ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით, ახლავე შევასრულებთ მათ ეროვნულ ჰიმნსო. მგონი, საქმე კომპიუტერში იყო: ანდორა, ალბანია, არმენია -სამივე ასო ან-ზე იწყება, ანდორა და ალბანეთი კი მთლად გვერდიგვერდაა სიებში. კომპიუტერის პროფესიონალი ხალხი ფეხბურთს რომ ნაკლებ ეტრფის, ცნობილია.

 

იფიქრებ, სტადიონის გამომცხადებელი ძალიან ტკბილად ყოფილა-თქო. მოიტანა, მოიტანა და სულ ერთი არაა, ლამაზი ფრანგული გამოთქმით: ალბანი... აღმენი... აღმენი... ალბანი...

 

სპორტს და მატჩის სტატუსს გააჩნია, თორემ ისეცაა ხოლმე, რომ სტუმარი გადასცემს ხოლმე ორგანიზატორს მელოდიას. არ მგონია, უეფას დროშის ქვეშ მიმდინარე სანაკრებო თამაშებში ასე იყოს, მაგრამ მაინც, მგონი, უეფას მოხელეს არ გადაუმოწმებია. იმდენად მექანიკური პროცესია, რომ რაიმეს ფიქრი თითქოს აღარც ჭირდება. დაახლოებით იმას გავს, სასტუმროს ნომერში, მაცივარში რომ შენს ბოთლს შედებ და მეორე დღეს გამოღებული დაგხვდება. დალაგებაში გადის. უხილავმა დამლგებელმა იცის, რა ბოთლები უნდა იდოს მაცივარში და უცხოს გამოიღებს ხოლმე. რომ დაფიქრდეს, ეგებ, ამ მდგმურს ეს ბოთლი აქ ურჩევნიაო, არა. რაც უფრო კარგი სასტუმროა, მით უფრო მასეა. 

 

საერთოდ კიდევ, მგონი ერთი ოცდაათი წლის წინათ, ჰაინეკენი რომაა ლუდი, იმის მთავარმა პატრონმა ჰაინეკენმა რაგინდარა დარგის მეცნიერები იქირავა და ეგებ როგორმე მივარაუდოთ, ოცდამეერთე საუკუნეში რას უნდა ველდოთო და იმ მეცნიერებმა კი ითვალეს, იმუშავეს და მოახსენეს, ჩვენ ეს გამოვიკვლიეთ, რომ ახლა ხომ ასრაღაცა სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე, ერთ ას წელიწადში სამასი მაინც იქნებაო.

 

ასე არ იყო? საბჭოეთის ხალხების არსებობა სულ არ იცოდნენ მაგათ, რობერტ კენედი რო ჩავიდა მარაკანას გასახდელში და ჯერ გასაპნულ პელეს ჩაეხუტა და მერე მიშა მესხმა რო უთხრა, რუსი არა ვარო, ქართველი ვარო, ყველა ფეხის ნაბიჯზე ასეთი ამბები იყო. ჰოდა, მაგათ ერევათ. ყველა პოლიტიკოსი და ტურისტი არ არის. ერთხელ ბიბისის რადიოში საქართველოზე იყო გადაცემა იმ ძველი ჰიმნით დაიწყეს. ეგ პირველი რესპუბლისკისაა-თქო ვუთხარით და ესა გვქონდა არქივშიო, წამყვანმა. 

 

ზოგადად, საფრანგეთისთვის არც სომეხია უცხო, არც ალბანელი, ანდორა კი, მთლად მოსაზღვრე ქვეყანაა, მაგრამ სტადიონის უკანა ოთახებში ძალიან ბევრი კომპიუტერი დგას და იმ კომპიუტერებთან მჯდომი ხალხი ხშირად უბრალოდ სამსახურშია და დიდად არც გეოგრაფიასა და ისტორიაზე ფიქრობს. ამ ამბის ერთგვარად უსიამო მხარე ისაა, რომ ბევრი გაიფიქრებდა, ხომ წარმოუდგენელია, საფრანგეთ-ინგლისის თამაშზე ჰოლნადიის ჰიმნი დაუკრან და მერე გამოაცხადონ, ბოდიშს ვუხდით ჩვენს ნორვეგიელ სტუმრებსო. შეცდომაა და დიდებისა და პატარების შესახებ კი წაიღებს ფიქრს. ეს ფიქრი კი გარეგნულად ყოველთვის უხერხულია.

 

მაკრონმაც ამიტომ მოიბოდიშა მხურვალედ.