... კლოპ, რომ იცოდეთ, კაპიტანი ვარ!

იურგენ კლოპის მამაცი გული

ორი წლის წინ, ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავად მიიღო აქრტიური მონაწილეობა მაშინ ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი ჰალ სიტის მარცხენა მცველის, ენდრიუ რობერტსონის ტრანსფერში. 

ფინანსურმა პრობლემებმა, 2017 წლის ივნისში, „ვეფხვები“ იძულებული გახადა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გაეყიდათ. შედეგად, ჰალმა 8 მილიონი გირვანქით შეივსო ბიუჯეტი, ლივერპულმა კი პრემიერლიგის ერთ-ერთი უსწრაფესი მცველი მიიღო.

კლოპი არ ცდებოდა. მომავალი ორი სეზონი გარდამტეხი გახდა 25 წლის შოტლანდიელისთვის. „გასახურებლად“ მას ერთი სეზონიც ეყო. 22 მატჩი ჩაატარა „წითლების“ მაისურით და ყველა აალაპარაკა თავის სისწრაფეზე. 2017-18 წლების სეზონში მან უკვე 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც, თითქმის 100 პროცენტიანი შედეგია.

თავიდან მარცხენა ფრთაზე მისი კონკურენტი ესპანელი ალბერტო მორენი გახლდათ, რომელსაც სტაბილურობა აკლდა. მაგრამ სისწრაფემ და შეტევებში ეფექტურმა ჩართვებმა თავისი საქმე გააკეთა და ენდრიუმ მომთხოვნი კლოპის კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

 

პარალელურად ენდრიუს ავტორიტეტი ყოველდღიურად იზრდებოდა შოტლანდიის ნაკრებში და გასულ შემოდგომაზე პირველად მოირგო „ტარტანთა არმიის“ კაპიტნის სამკლავური ერთა ლიგის მატჩებში ალბანეთისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ. ეს ამბავი ერთ-ერთმა პირველმა 52 წლის გერმანელმა სპეციალისტმა შეიტყო.

„მხოლოდ ეს მივწერე: იცოდეთ, შოტლანდიის ნაკრების კაპიტნად დამასახელეს - მეთქი. მან კი ასევე გზავნილით მიპასუხა, რომელიც მთავრული ასოებით იყო დაწერილი: ახლა შენ შოტლადიის მამაცი გული ხარო,“ - იხსენებს რობერტსონი.

მოკლედ, სწორედ კლოპმა გახსნა ბოლომდე მისი ტალანტი. 

არადა, 10 წლის წინათ რობერტსონს შეიძლება საერთოდ დაესრულებინა მოთამაშის კარიერა.

 

მისი ადრეული წლებისა ნებისმიერ შოტლანდიელ ბიჭუნას შეშურდებოდა. ენდრიუ ქვეყნის ერთ-ერთი გრანდის, სელტიკის აკადემიაში მოხვდა. მას ორმაგად გაუმართლა, ერთი რომ, სელტიკის აკადემიაში ჩაირიცხა. მეორეც, ის ხომ სწორედ ამ გუნდის დიდი ქომაგი გახლდათ.

„როცა პატარა ვიყავი, დედ-მამასთან და ძმასთან ერთად სელტიკ პარკზე დავდიოდი. ოთხი სეზონური აბონემენტი გვქონდა. მე და ჩემი ძმა სახლში ყველგან სელტიკის ფეხბურთელების პოსტერებს ვაკრავდით. განსაკუთრებით ჰენრიკ ლარსონი მიყვარდა. სელტიკი ჩვენი ოჯახის ნაწილი იყო და ახლაც ასეა,“ - ამბობს ენდრიუ.

მაგრამ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ფიზიკური სისუსტისა და სიდაბლის გამო მალე აკადემიიდან დაითხოვეს და მაშინ ენდრიუმ ფეხბურთისთვის თავის დანებება გადაწყვიტა.

16 წლისამ, უფულობის გამო, ჰემპდენ პარკზე დაიწყო ბილეთებისა და მატჩის პროგრამების გაყიდვა. აქ მაშინ ადგილობრივი ქუინზ პარკი (ინგლისურ ქუინზ პარკში არ აგერიოთ) და ეროვნული ნაკრები თამაშობდნენ. სხვადასხვა კონცერტების გარდა, ყმაწვილს უფასოდ შეეძლო მატჩებზე დასწრება და ამან ის ფეხბურთისკენ ისევ შემოაბრუნა.

 

სკოლის გუნდში თამაშისას ის ქუინზ პარკის სკაუტებმა შეამჩნიეს და გუნდში ჩარიცხეს. ქუინზ პარკი სამოყვარულო სტატუსის გუნდია და შოტლანდიის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. ამიტომ კარიერის განვითარებისთვის  მთლად კარგ ადგილად ვერ ჩაითვლება.

18 წლის რობერტსონმა პირველად ითამაშა ძირითად შემდგენლობაში. ეს 2012 წელი იყო. მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ქუინზ პარკის შემდეგ  დანდი იუნაიტედი გახლდათ, შემდეგი ჰალ სიტი, რომელშიც მაშინ ჰარი მაგუაირიც თამაშობდა და ბოლოს ლივერპული, გუნდი რომელთან ერთადაც ენდრიუმ ოცნება აისრულა - ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კონკიას ზღაპარს ჰგავს ეს ყველაფერი. თუმცა რობერტსონი ამ თეზისს არ ეთანხმება.

„ჯადოსნური ჯოხი ჩემთვის არავის მოუცია და არც ლატარეაში მომოგია არაფერი. დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის წევრი ვარ და ეს ყველაფერი დაუღალავი შრომის შედეგია,“- ამბობს ენდრიუ.