სამართებელი

მილსი - სამართებელი, რომელმაც ამ მატჩშიც მოიკლა წყურვილი და მაქსიმუმი გააკეთა.

მსოფლიოს ჩემპიონატი. ¼ ფინალი

ავსტრალია - ჩეხეთი  82:70 (17:17, 16:13,  30:18,  19:22)

ავსტრალია: მილსი (24+6 პასი+4 მოხსნა), გულდინგი (14), ბოგატი (10).

ჩეხეთი: აუდა (21+3 მოხსნა), სატორანსკი (13+13 პასი+9 მოხსნა), პუმპრლა (10).

ვარსკვლავი: პატი მილსი.

 

ჩეხეთმა ავსტრალიაზე კარგად ითამაშა. და ავსტრალიას ჰყავდა პატი მილსი, რომელმაც კიდევ ერთი განსაკუთრებული შეხვედრა ჩაატარა. პატი იყო ყველაზე ბასრი ბუმერანგი, რომელსაც ავსტრალია რეგულარულად უშვებდა და ისიც სტაბილურად ბრუნდებოდა, გზად ყრიდა ჩეხებს და ისვენებდა. პატიმ ეს მატჩიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ის იყო მოტივირებული და მილსმა მთელი ჩეხეთი დაცალა სისხლისგან. პატი ამ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა.

გენიალურია ტომაშ სატორანსკი. ჩეხების ლიდერი ტურნირის 5 საუკეთესო მოთამაშეში შედის. ამ ეტაპზე, ტომაში მილსთან ერთად ყველაზე შეუჩერებელი უკანახაზელია. მილსი ასრულებს, სატორანსკი - გუნდს ათამაშებს. ლიდერი, რომელიც არ იცვლება. ვარსკვლავი, რომელიც არ თვლის, რომ სხვაზე უკეთესია. ის, უბრალოდ, მაქსიმალურად აკურატულია თანაგუნდელებისთვის კომფორტის შექმნაში. სატორანსკიმ შეასრულა. ტომაში იყო ბასრი ნავახა.

და მილსი - სამართებელი, რომელმაც ამ მატჩშიც მოიკლა წყურვილი და მაქსიმუმი გააკეთა.

ავსტრალიამ ცუდად შეასრულა სამიანები (30/11) და ჯო ინგლესმა ოთხივე იდენტური სროლა გააფუჭა.

არონ ბეინსს, რომელმაც წინა მატჩში 5 სამიანი გამოიყენა, ჩეხებთან შორიდან საერთოდ არ ჰქონდა ნასროლი.

მეტიუ დელავედოვამ 11 სროლა მიიღო. მხოლოდ 2 ჩააგდო. დაცვაში იკბინებოდა, მაგრამ აკლდა ექსპრესია.

ენდრიუ ბოგატმა 12 წუთი მიიღო, ასაღები აიღო და დაისვენა. 12 წუთი ცოტაა. შემდეგ ეტაპზე ბოგატის დრო და პროდუქცია გაიზრდება.

და ისევ მილსი. ალბათ, NBA-ში პატის როლი არ შეიცვლება. სან ანტონიოში მილსი მეოთხე-მეხუთე ოფციაა და  ასეც დარჩება. სან ანტონიოში გრეგ პოპოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის გმირს დაასვენებს და სადღაც, იანვრიდან ბოლომდე დატვირთავს. და, მანამდე პატიმ ავსტრალიას უნდა მოაგებინოს.

მაგარი კაცი. სამართებელი. MVP.