ქოთანი, ექვსიანი და საქართველო

ნამდვილად ქვევრის და ექვსიანის ამბავია

ქოთანს ყურს საიდანაც გინდა იქიდან გაუკეთებო, ხომ გაგიგონიათ? ისიც ხომ იცით, ცხრიანი მეორე მხრიდან ექვსიანი რომ არის? ჰოდა, საქართველოს ნაკრებიც ასეა —რომელი მხრიდანაც უყურებ, ისე ჩანს. გააჩნია, რისი დანახვა გინდა.

 

 

აგერ, კაცი მწვრთნელია და დანიასთან ფრეზე თქვა, რაც აქ ვმუშაობ ასე ძლიერად არ გვითამაშიაო. ვაისზე მოგახსენებთ. სხვას შეიძლება ფრეზე არ ეთქვა ჩემი საუკეთესო თამაში იყოო. აშკარად, ქოთნის და ექვსიანის ამბავია.

 

 

დანია რომ ძლიერი გუნდია, ეს ფაქტია. შესაბამისად, ჩვენ, სუსტი გუნდის პატრონებს, ძლიერთან ფრე უნდა გაგვხარებოდა და პრინციპში გაგვიხარდა კიდეც, მაგრამ მერე, თამაშის ფორიაქმა რომ გადაგვიარა, ალბათ ცოტა მაინც გვეწყინა — ქართველებს ხომ გვინდა გადარჩენებს კი არა, გამარჯვებებს ვზეიმობდეთ.

 

 

ამას რომ ვამბობ, ჩვენი ბიჭების მონდომებას ერთი წამით არ ვაკნინებ. უბრალოდ, სტატისკიკაა ასეთი: კარისკენ დარტყმები 7 – 12; კარში დარტყმები 1- 6; მეტოქის დარტყმის დაბლოკვა 3:2; კუთხურები 2 – 9; მეკარის მიერ ბურთის მოგერიება 6:1 და არ ვიცი რამდენად  მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მაგრამ რაკი ბევრი ყურადღებას აქცევს, ჩვენც ვთქვათ — ბურთის ფლობა 41% - 59%.

 

 

კაცმა რომ თქვას, ეს ბურთის ფლობაც ქოთანსა და ექვსიანივით არის. თუ ამოსავალ წერტილად იმას ავიღებთ, რომ მასპინძლები ჩვენ ვიყავით, გამოდის, რომ ბურთს სტუმრები უფრო აკონტროლებდნენ, მაგრამ თუ იქიდან ამოვალთ, რომ სუსტი ძლიერს ხვდებოდა, მაშინ რა არის გასაკვირი, თუკი ბურთს ძლიერი უფრო ათამაშებდა.

 

 

რასაკვირველია, დანიასთან თამაშს ჩვენი გუნდის პოზიციიდანაც შეგვიძლია შევხედოთ ანუ საქართველოს ნაკრები მეტოქეს კი არა, საქართველოს ნაკრებსვე შევადაროთ. დღევანდელი გუშინდელს. ვაღიარებ, თავად არ ვიცი ეს რამდენად სწორი პოზიციაა. გამოდის, რომ ფრის კი არა, წაგების შემთხვევაშიც კი შეიძლება პოზიტივის დანახვა. დაახლოებით ასე: ისევ წავაგეთ, მაგრამ წინა წაგებასთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ და ამიტომ უკეთესობაა. მითუფრო, რომ სულაც არ წაგვიგია, ფრედ ვითამაშეთ და თან ვინმე საშუალო გუნდთან კი არა, დანიასთან, რომელიც საშუალოზე მეტია.

 

 

თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ჩვენმა გუნდმა ნამდვილად უკეთ ითამაშა — თავდადებით და რაც მთავარია, სწორი თავდადებით. კარგები იყვნენ ცალკეული ფეხბურთელებიც. მეკარე გიორგი ლორიამ რამდენჯერმე დიდებულად გვიხსნა, შესანიშნავი იყო გურამ კაშია - ნაღდი კაპიტანი, ყველას თვალში მოხვდა ოთარ კიტეიშვილის მშვენიერი თამაში და ჩამოთვლილებს არც სხვები უდებდნენ ტოლს. თუნდაც, თორნიკე ოქრიაშვილი ხომ ჯერ ვერ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ რაც ამ ბიჭმა ირბინა, იმუშავა და თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა, იქნებ უფრო სუსტ მოწინააღმდეგესთან მხოლოდ ეფექტურ გარღვევებს სჯობდა კიდეც.

 

 

ჰოდა, ესეც ქოთანი და ექვსიანი. როგორც კი ჩვენი გუნდი მეტოქეს კი არა, საკუთარ თავს შევადარე, იმწუთას წამოვიდა ეპითეტები: დიდებული, შესანიშნავი, მშვენიერი და ასე შემდეგ.

 

 

არადა, რა გინდა ქნა? ადრინდელთან შედარებით ბიჭებმა მართლა კარგად ითამაშეს… თანაც დანიასთან. როგორ გინდა ახლა ეს ფრე ყაზახეთთან მოგებას შეადარო? მეორე მხრივ კი ვიღაც მომიტრიალდება და მეტყვის, ჯერ ცხრილს ჩახედე და მერე ამიხსენი რა გიხარიაო.

 

 

აქეთ, მწვრთნელმა, რაც საქართველოს ნაკრებში ვარ ასეთი ფეხბურთი არ გვითამაშიაო.

 

 

ნამდვილად ქვევრის და ექვსიანის ამბავია.

 

 

და რა ვქნათ, ახლა? დავასკვნათ რამე თუ 12 ოქტომბერს ირლანდიასთან შეხვედრას დაველოდოთ?




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.