პირდაპირი აღსარება

მაიკლის და ლუიზას სიყვარულის ნაწყვეტი

ინგლისური ფეხბურთის „ოქროს ბიჭუნამ,“ მაიკლ ოუენმა ავტობიოგრაფიული წიგნი (Reboot - გადატვირთვა) გამოსცა. ეს არის გულწრფელი ნაამბობი ადამიანისა, რომელსაც ბევრი რამ უნახავს საფეხბურთო სამყაროში. ამჯერად შემოგთავაზებთ ეპიზოდს, რომელიც მაიკლის ცოლთან ურთიერთობას შეეხება.

ის ყვება, თუ როგორ გაუჭირდა კარიერის დამთავრების შემდეგ, საკუთარი თავის პოვნა და ფეხბურთის გამო კინაღამ როგორ დაენგრა ოჯახი.

ოუენმა 2013 წელს დაანება ფეხბურთს თავი, მაშინ ის სტოკის მოთამაშე იყო. ერთი წლის განმავლობაში უფსკრულის პირას იდგა. უსკრულისა, რომელსაც - „გაყრა“ ჰქვია. მეუღლე ლუიზა აღარ ჩერდებოდა მასთან და მაიკლმა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მანჩესტერ იუნაიტედის ექიმს მიმართა.

 



ახლა კი ის სამაგალითო მეოჯახეა. ოთხი შვილის მამა. ლივერპულის, მანჩესტერ იუნაიტედის, მადრიდის რეალის, ნიუკასლისა და სტოკ სიტის ყოფილი ვარსკვლავი.

„ჩემდა გასაკვირად, 2014-ში, უცნაურ დღეში აღმოვჩნდი. თითქოს აღარავის ვჭირდებოდი. მენტალურად ძალიან გამიჭირდა და დასახმარებლად მანჩესტერის ექიმს მივმართე. არადა, მთელო კარიერის განმავლობაში თავი ძლიერი მეგონა,“- წერს ოუენი.

ის ფიქრობს, რომ  კარიერაზე ზედმეტად იყო კონცენტრირებული. ზოგი მას „ცივ სიბნელეს“ ეძახდა. თუმცა შინაგანად ასე არ იყო.

„მატჩის დღეს ხმას ვერავინ გამცემდა. ჩემს მეუღლეს ლუიზას შეგიძლიათ ჰკითხოთ. შესაძლოა, ამანაც იმოქმედა და კინაღამ დამენგრა ოჯახი. მაგრამ ლუიზამ არ დამტოვა, ბოლომდე გვერდში დამიდგა და  ეს არის სიყვარულის გამოვლინების საუკეთესო მაგალითი,“ - იხსენებს ოუენი.

ლუიზა მისი ბავშვობის მეგობარი გახლავთ. ოუენი ამბობს, რომ გასულ წლებში ძალიან მკაცრად ექცეოდა მეუღლეს, რასაც ახლა ძალიან ნანობს. 2014-ში ისინი იმ ზღვარზე მივიდნენ, რომლის შემდეგაც ადამიანები ერთად ვეღარ აგრძელებენ ცხოვრებას.

 



„რაღაც უნდა მექნა. წლების განმავლობაში საკუთარი, შინაგანი „დემონების წყალობით,“ ძალიან მკაცრად ვექცეოდი ლუიზას, უმნიშვნელო წვრილმანების გამო ვტკენდი გულს. ზედმეტად ვაჭერდი ფაქიზ ღილაკებს თითს. თუნდაც ჩვენს უფროს ქალიშვილ ჯემასთან ურთიერთობაში. მეჩვენებოდა, რომ მას მეტ ყურადღებას აქცევდა დანარჩენ შვილებთან შედარებით. მაგრამ ეს არ იყო მართალი.

სხვაგვარად არ გამიგოთ. ლუიზაც და ჯემაც, ორივე ძალიან მიყვარს. ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავში დაურწმუნებლობის ბრალი იყო,“ - მოგვითხრობს მაიკლი.

ოუენმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მეუღლესთან უთანხმოების კულმინაცია დუბაიში დასვენების დროს მოხდა. იცოდა, რომ ძლიან ცუდად იქცეოდა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. მიხვდა, რომ  ექიმისთვის უნდა მიემართა. მანჩესტერის ექიმმა, სტივ მაკნელიმ, მაიკლს უთხრა, პროფესიონალი ფსიქოლოგისთვის მიემართა. 

 



„სტივს დიდ პატივს ვცემ, მისი სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ფასეული იყო, ამიტომ დავთანხმდი. დუბაიდან დაბრუნების შემდეგ მე და ლუიზა ჯერ ერთად მივედით ფსიქოლოგთან. მერე კი მარტომ დავიწყე სიარული. მალე ახალ ადამიანად ვიგრძენი თავი. თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა. მივხვდი, რომ ვიღაცასთან უნდა მელაპარაკა, გული გამეხსნა და გულწრფელი ვყოფილიყავი. სწორედ მაშინ მივხვდი როგორ მყვარებია ლუიზა და მთლიანად ოჯახი. 

როგორც კი ამ აზრს შევეგუე, უცებ სადღაც გაქრა წყენა, სიბრაზე, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. მივხვდი, რომ უკვე შემეძლო მომავალი ცხოვრებისთვის სხვა თვალით მეცქირა,“ - დასძენს ოუენი.