ესპანეთი იყო მარკი და რიკი

ესპანეთი უფრო მშვიდი, ცივსისხლიანი იყო. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. ½ ფინალი

ესპანეთი - ავსტრალია 95:88 (22:21, 10:16, 19:18, 20:16, 9:9, 15:8)

ესპანეთი: გასოლი (33+6 მოხსნა+4 პასი), რუბიო (19+12 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლული (17+6 პასი).

ავსტრალია: მილსი (34), ქეი (16+11 მოხსნა), ბოგატი (12+9 მოხსნა), ინგლესი (4+10 მოხსნა+7 პასი).

ვასრკვლავი: მარკ გასოლი.  

 

ესპანეთი ღირსეული გუნდია. რიკი რუბიოს ნაკრებში საუკეთესო ტურნირი ჰქონდა. მარკ გასოლი მძიმე სეზონის შემდეგ უთქმელად ჩავიდა ნაკრებში და მაქსიმუმი გააკეთა. მოუმატა პროცესში და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გახდა პაუ რიბასი. სერხიო ლულს აკლდა ჯანმრთელობა და რეალის ვარსკვლავი გამოცდილებით იგებდა. ესპანეთმა მთელი ტურნირი ჩავარდნის გარეშე ჩაატარა. ესპანეთი ოთხთა ფინალში დამსახურებულად შევიდა.

ავსტრალია გრეგ პოპოვიჩის და არა მხოლოდ მისი ფავორიტი იყო. ამერიკასთან ორი საინტერესო ტესტის შემდეგ ამ გუნდს მისცეს ავანსები და ამ გუნდმა ეს ავანსები გაამართლა. როგორც გამოცდილი რესტლერი, ავსტრალია აკვირდებოდა მოწინააღმდეგეს და როგორც კი ის, მეორე გუნდი გადატვირთვისთვის ემზადებოდა, ავსტრალია პატი მილსით ან ჯო ინგლესით იჩხვლიტებოდა. და, ავსტრალიამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. ავსტრალიაც ღირსეულია.

და, აქ, ბოლოსწინა დონეზე ესპანეთმა მოიგო. ესპანეთი უფრო მშვიდი, ცივსისხლიანი იყო.

მარკ გასოლმა ნაკრებში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მარკს კარიერაში ყველაზე ბევრი - 33 ქულა ჰქონდა და დიდმა ბიჭმა 10 საშუალოდან 8 გამოიყენა. მარკმა მეოთხე მეოთხედის ერთ მონაკვეთში ზედიზედ 7 ქულა დაირტყა და ესპანეთი რვაქულიანი დეფიციტის შემდეგ წინ გაიყვანა.

მეორე დამატებითში ესპანეთი 10:0 გაიქცა და ავსტრალია, რომელიც ამ ჩეხვაშიც პატი მილსის პერსონალური პროექტი იყო, დადგა. ავსტრალია სისხლისგან დაცლილი იყო.

ესპანეთი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს, 13 წლის წინ აქვს მოგებული, ავსტრალიასთან ერთად პირველი ორმაგი ოვერთაიმის მონაწილე გახდა. პირველად, ამ ტურნირის ისტორიაში.

ძალიან კარგი იყო არანორმალური რიკი რუბიო. პირველი ორმაგი დუბლი ამ ტურნირზე. რიკიმ დაცვაშიც დაგლიჯა.

მილსს ძირითადში უნდა მოეგო, მაგრამ როდესაც 70:71-ზე პატიმ ორი საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო, სპერსის მსროლელმა ერთი ჩააგდო.

ესპანეთმა ავსტრალიას 22 შეცდომა დააშვებინა. ესპანეთი იყო მკვლელი. ესპანეთი ფინალშია.