როჯერსის ლესტერი - მორიგი სასწაულის მოლოდინში

მელიები მხოლოდ ლივერპულს და მანჩესტერ სიტის ჩამორჩებიან

 

მიმდინარე წლის დასაწყისში, ლესტერ სიტიმ კლოდ პუელი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად პრემიერლიგაში გამოცდილ ბრენდან როჯერსს უხმო. 


სელტიკიდან დაბრუნებულმა ლივერპულის ყოფილმა დამრიგებელმა მელიებთან ერთად სტაბილური გამოსვლა დაიწყო და წინა სეზონში ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. 


საინტერესოა, რომ მას მერე, რაც 46 წლის სპეციალისტი ლესტერს სათავეში ჩაუდგა, უფრო მეტი ქულის მოპოვება მხოლოდ საუკეთესო ორმა გუნდმა მანჩესტერ სიტიმ და ლივერპულმა მოახერხა. 


საერთო ჯამში, ირლანდიელის ხელმძღვანელობით ლესტერმა 14 მატჩი ჩაატარა, 8 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო. ჯამში გუნდმა 25 ქულა აიღო, გარდა ამისა კიდევ ერთი შეხვედრა ლიგის თასზე მოიგო. ამაზე მეტი მხოლოდ მანჩესტერ სიტიმ (37) და ლივერპულმა (40) მოაგროვეს. 


ლესტერს 4 ტურის მერე წაუგებლად 8 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში კი მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება.