ლაშა, გელოდებით

თითქოს, ფიცარნაგზე გასვლამდე წყალდიდობიდან მთელი საქართველო უნდა იხსნას, ერთი აკვრით იღებს ქვეყანას და წყლისგან დაცულ ადგილას გადააქვს.

ლაშა ტალახაძე მშვიდად ემზადება კიდევ ერთი ტურნირისთვის. ჩვენი სპორტსმენის კარიერიდან გამომდინარე, ლაშა არ გვეჩხუბებოდა, რომ დაგვეწერა - კიდევ ერთი ჩემპიონობისთვის, მაგრამ პატივს ვცემთ ყველა სპორტსმენს და ყველა მოწინააღმდეგეს პატივს სცემს ლაშაც. შესაბამისად, ტაილანდში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ლაშას და მთელ ნაკრებს უბრალოდ, გზა დავულოცოთ.

დანარჩენს ლაშა მიხედავს.

ჩვენი ჩემპიონი 27 სექტემბერს დაიწყებს და დაამთავრებს. რეკორდით თუ რეკორდის გარეშე - ეს ლაშას გამოსვლის დროს დაიგეგმება და როგორც ყოველთვის, შესრულდება.

ლეგენდარული გია ასანიძე ჩვენი ნაკრების მწვრთნელია და საქმეშია ლაშას პირადი მწვრთნელიც, ავთო გახოკიძეც.

ძალოსნობაში ტალახაძე იგივეა, რაც ლებრონი - კალათბურთში. ალბათ, უფრო მეტიც. ხანდახან, ლებრონს შეიძლება სტეფი ან კავაი შეადარონ და ძალოსნობაში ლაშა ცალკე კუნძულია. ხელშეუხებელი.

ის, ვინც არასოდეს არ აგებს.

თითქოს, ფიცარნაგზე გასვლამდე წყალდიდობიდან მთელი საქართველო უნდა იხსნას, ერთი აკვრით იღებს ქვეყანას და წყლისგან დაცულ ადგილას გადააქვს. შემდეგ, ბრუნდება, პირჯვარს გადაიწერს, უფალს მადლობას გაადუხდის და რწმენით და თავისი არანორმალური ძალით რკინის ძმაკაცს კიდევ ერთხელ მოერევა.

შანსი არ არის, რომ ვერ მოერიოს. ლაშა რკინაზე სანდო და უჟანგავია.

ტალახაძემ ოთხჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი - 2016, ფიორდეში (ნორვეგია) დაიწყო და წელს, ბათუმში დაასრულა.

ტალახაძემ სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო - 2015, ჰიუსტონი და შემდეგ კიდევ ორი დაგეგმილი წარმატება.

პროცესში, იყო რიოს ოლიმპიური ოქრო.

ლაშა კიდევ ერთხელ აჩუქებს საქართველოს განსაკუთრებულ განცდას და სიამაყეს და ტალახაძე ღირსებისთვის ღირსეულად იბრძვის.

ლაშა სწრაფად დაამთავრებს გამოსვლას, რომ სწრაფად გამოფრინდეს საქართველოში და სახლში მისვლისთანავე, თავის პატარა ანგელოზს ჩაეხუტოს. ის პატარა მალე წაოიზრდება და მამიკოს მედლების კოლექციას საიამყით დაათვალიერებს.

ჩვენც ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ.

ისევე, როგორც ჩვენი ლაშა.

ალბათ, ერთადერთი, ვინც თანოსსაც ასწევდა. თავის ქვებთან და არმიასთან ერთად.

ჩვენ გვჯერა. უღალატო და სუფთა ჩემპიონის. რომელიც ქართველია.