ნანდო!

ბოლო მეოთხედში სამჯერ დაჭრა ავსტრალია შორიდან ალბისიმ და პროცესი დე კოლომ დაასრულა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. III-IV ადგილისთვის

საფრანგეთი - ავსტრალია 67:59 (11:16, 10:14, 21:16, 25:13)

საფრანგეთი: დე კოლო (19+3 პასი+2 ჩაჭრა), ფურნიე (16+5 მოხსნა), ბატუმი (9+6 პასი), ალბისი (9).

ავსტრალია: ინგლესი (17+5 მოხსნა+3 პასი), მილსი (15), ქეი (9+5 მოხსნა).

ვარსკვლავი: ნანდო დე კოლო.

 

ნანდო დე კოლომ საფრანგეთს მძიმე, უემოციო თამაში მოაგებინა. ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში საფრანგეთიდან მოხვდა ევან ფურნიე, მაგრამ დე კოლოს უფრო სოლიდური ტურნირი ჰქონდა. უბრალოდ, ჟურნალისტებმა ვერ ამოაგდეს მეხსიერებიდან ის, პირველი ჩაგდებული ტესტი, როდესაც ნანდომ გერმანიასთან 3 ქულა იკმარა. სხვა ტესტებში დე კოლო ფრანგების ყველაზე სანდო და დაუნდობელი ცივი იარაღი იყო.

დე კოლოს ჩემპიონატი: იორდანიასთან - 19 ქულა, 8 პასი; დომინიკელთა რესპუბლიკასთან 15 ქულა (16 წუთში), 3 პასი; ლიტვასთან - 21 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა; ავსტრალიასთან - 26 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა; ამერიკასთან - 18 ქულა; არგენტინასთან - 11 ქულა, 4 პასი (8/7 ზუსტი საჯარიმო); ავსტრალიასთან - 19 ქულა.

ბრავო, ნანდო, დაგლიჯე!

ისევე, როგორც 5 წლის წინ ესპანეთში, დე კოლოს ნაკრები ამჯერადაც მესამეზე გავიდა. ავსტრალიასთან გუნდი 15 ქულას აგებდა, როდესაც მწვრთნელებმა ინერტული რუდი გობერი და ფრანკ ნტილიკინა შეცვალეს და ხუთელში ნანდო, ვენსან პორიე და ენდრიუ ალბისი დადგნენ. მათთან ერთად, დატვირთვას ნიკოლა ბატუმიც იღებდა.

და საფრანგეთმა დაქაჩა.

ბოლო მეოთხედში სამჯერ დაჭრა ავსტრალია შორიდან ალბისიმ და პროცესი დე კოლომ დაასრულა. ცსკას ყოფილმა ვარსკვლავმა 14 ქულა დიდი შესვენების შემდეგ აიღო. კლასი გენიალური ნანდოსგან.

საფრანგეთმა სიღრმით მოიგო. სათადარიგოებში ფრანგებმა 38:9 დამარხეს ავსტრალია. უფრო დასვენებულმა და მოტივირებულმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები გაშანსა.

ავსტრალია პირველად შევიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხ საუკეთესოში, მაგრამ ისევე, როგორც რიოს ოლიმპიადაზე, მილსის ბანდამ მესამე ადგილისთვის თამაში წააგო.

და, კიდევ ერთხელ - ბრავო, ნანდო!