ესპანური პოდიუმი

ესპანეთის დაცვა იყო სადიზმი. არგენტინა ყველა ზუსტი სროლისთვის სისხლისგან იცლებოდა და ესპანეთი გაცილებით მარტივად ზრდიდა მარაგს. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. ფინალი

არგენტინა - ესპანეთი 75:95 (14:23, 17:20, 16:23, 28:29)

არგენტინა: დეკი (24), ლაპროვიტოლა (17+4 ჩაჭრა), კამპაცო (11+8 პასი+4 ჩაჭრა), სკოლა (8+8 მოხსნა), ბრუსინო (8), რედივო (3), ვილდოზა (2), დელია (2), ფიელერუპი, კაფარო, გარინო, გალიცი.

ესპანეთი: რუბიო (20+7 მოხსნა+3 პასი), ლული (15+2 პასი), გასოლი (14+7 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება+2 ჩაჭრა), ფერნანდესი (11+10 მოხსნა+3 პასი), ვილი ერნანგომესი (11), ხუანჩო ერნანგომესი (11+5 მოხსნა+2 ჩაჭრა), ორიოლა (6+7 მოხსნა), რიბასი (5), კლავერი (2), კოლომი, რაბასედა, ბეირანი.

ვარსკვლავი: რიკი რუბიო.

 

ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ესპანეთმა კიდევ ერთხელ გაშალა კარე. ესპანეთმა ყველაზე პრაგმატული კალათბურთი ითამაშა და ფინალში დაშალა ემოციურად დაცლილი არგენტინა. რომელსაც აკლდა აგრესია და ლუის სკოლა. კარგი სტარტი, 14:2 და ესპანეთზე პირველი ტალღა წამოვიდა. ესპანეთი მეორედ გაიქცა. და, აი, აქ გამოჩნდა, რომ არგენტინას ყველა გაქცევისთვის აუცილებელი სტამინა არ ჰქონდა.

ლუის სკოლა, რომელმაც ინსპირაციული კალათბურთით ნაკრებს რამდენიმე თამაში პირადად მოაგებინა, აქ იდგა. სკოლაზე NBA-ს ერთ-ერთი სტაბილური დამცველი მარკ გასოლი ავიდა და ლუისმა პირველი ტაიმი უქულოდ დახურა. საბოლოოდ,  სკოლამ მოკრძალებული 8 ქულა აკრიფა და თამაშიდან 10/1 ჰქონდა. დაღლილი ლიდერის სტატისტიკა.

ესპანეთის დაცვა იყო სადიზმი. არგენტინა ყველა ზუსტი სროლისთვის სისხლისგან იცლებოდა და ესპანეთი გაცილებით მარტივად ზრდიდა მარაგს. ესპანეთი სოლირებდა. ესპანეთმა იცოდა, როგორ უნდა მოეგო და არგენტინა აწვებოდა. ბრმად. ესპანეთთან ბრმად ვერ გაქაჩავ. არგენტინამ ვერც გაქაჩა. ეს ესპანეთის ჩემპიონატი იყო.

სერხიო სკარიოლო ძალიან კარგი ტაქტიკოსია. და, იდეალური სანაკრებო მწვრთნელი. რომელსაც უსმენენ ვარსკვლავები და რომელიც ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ბოსია. სკარიოლომ ნაკრების 8-9 მოთამაშე (მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე) თანაბრად დატვირთა და ესპანეთმა მოწინააღმდეგეს შანსი არ მისცა. ეფექტური მოგება.

სკოლა აწვებოდა და ვერ აგდებდა. რამდენიმე ეპიზოდში ლუისს დაუფარეს და არგენტინის ლიდერი დაცვაში დროულად ვერ დაბრუნდა, ვერ გაიქცა. ეს წინა მატჩების ექო იყო.

ესპანეთი თავისუფლად ყომარობდა. ესპანეთმა ტურნირი წაუგებლად დაასრულა. ესპანეთმა მოგება დაიმსახურა და არგენტინა მაინც გმირი იყო. ამ შემადგენლობით, ამ რეპერტუარით არგენტინამ ფინალი ითამაშა. გმირები!

როდესაც ფინალში შენი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არის დეკი, განწირული ხარ. როდესაც სკოლას მხოლოდ ერთი ზუსტი სროლა აქვს, განწირული ხარ. როდესაც ასეთ ესპანეთს ხვდები, განწირული ხარ!

ესპანეთმა კორიდა სისხლისღვრის გარეშე დაამთავრა. ხარი დაიჭრა, მაგრამ არ დაცლილა სისხლისგან. ხარმა თავი არ დაუხარა მატადორს და ამ ფინალის შემდეგ, ორივე ერთად ხერესის დასაგემოვნებლად გაისეირნებს.

საინტერესო ტურნირი, რომელიც ყველაზე ცივსისხლიანმა გუნდმა მოიგო.

შემდეგ ჩემპიონატამდე ესპანურ პოდიუმზე ვივლით. ახალი მოდა. ახალი მოდელებით. ახალი ჩვენებებით.

ეს ესპანეთია!