ემიგრანტების შვილი ბიანკა

ის მალე იქნება პირველი...

19 წლის კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ, ამერიკის ღია პირველობა მოიგო და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, მარია შარაპოვას შემდეგ. 2006 წელს შარაპოვამაც ამ ასაკში გაიმარჯვა ამ ტურნირზე.

ფინალში რუმინული წარმოშობის კანადელმა გოგონამ მრისხანე სერენა უილიამსს სძლია. ზემოტივირებულ სერენას, რომელიც გამალებით ცდილობს კარიერაში  24-ე სლემტიტულის მოგებას, მაგრამ არაფერი გამოსდის.

არტურ ეშის სახელობის კორტზე (რომელიც მსოფლიოში ყველაზე ტევადი საჩოგბურთო არენაა  - 22,5 ათასი) მაყურებელი ფეხზე წამოუდგა ბიანკას. 

 

 

ბევრი აღნიშნავს ბიანკას მებრძოლ ხასიათს. ახლო წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი პატრიკ მაკინროი (ჯონ მაკინროიში არ აგერიოთ) ჯერ კიდევ ფინალამდე ამბობდა: „ანდრეესკუ ერთადერთი ჩოგბურთელია მსოფლიოში, ვისაც სერენას დამარცხება შეუძლია, მაშინ, როცა ის კარგად თამაშობს. როცა სერენას პრობლემები აქვს, მისი დამარცხება ჰალეპს, სვიტოლინას და კერბერსაც შეუძლიათ. მაგრამ თუ სერენა ფორმაშია, მხოლოდ ანდრეესკუს ძალუძს მასთან გამკლავება“.

სერენას მწვრთნელი, ფრანგ-ამერიკელი პატრიკ მურატოღლუ ამბობს: „არ მიკვირს რომ გაიმარჯვა. ბიანკას ყველაფერი აქვს, რაც დიდ ჩოგბურთელს სჭირდება: უამრავ ტქნიკურ ილეთს ფლობს უზადოდ და რაც მთავარია, უძლიერესია ფიზიკურ, ათლეტურ და ფსიქოლოგიურ ასპექტში. ძალიან თავდაჯერებულია კორტზე. ამიტომ მალე ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება და ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნება.“

მართლაც, ბიანკა სერენას „წყევლა“ გახდა. ამერიკის ღია პირველობამდე ესენი აგვისტოში, ტორონტოს Premier 5-ის პრესტიჟული ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველივე სეტში, კანადელის სასარგებლოდ 3:1 - ზე, სერენა წელის ტკივილის მიზეზით მოეხსნა ტურნირიდან.

 

 

მერე სერენამ თბილი სიტყვებიც გაიმეტა ბიანკასთვის: „ოფიციალურა ვაცხადებ: ბიანკა ანდრეესკუს ქომაგი ვარ. ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ კორტზე გაცილებით უფროსი ჩანს. ეს მის თამაშს და  ჩოგბურთთან დამოკიდებულებას ეხება,“ - თქვა სერენამ.

თავად ანდრეესკუ ასე იხსენებს ფინალს: „ერთ ეპიზოდში საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა. რამდენჯერ მინახავს როგორ შემოუტრიალებია სერენას მატჩი 0:5, 1:5, 2;5 - დან. თანაც ტრიბუნებიც მის მხარეზე იყო. მაგრამ მერე მოხდა სიგიჟე და გავიმარჯვე. 

სერენამ ისევ იპოვნა ბიანკასთვის თბილი სიტყვები: „ანდრეესკუმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ვამაყობ, რომ ასეთ მეტოქესთან ვთამაშობდი. ის განუმეორებელია.“ 

მოკლედ, ქალთა ჩოგბურთში ახალი კაშკაშა ვარსკვლავი ამობრწყინდა. რუმინელი ემიგრანტების ქალიშვილი, რიმელიც ონტარიოს პროვინციაში დაიბადა. მერე ერთი ხანი, მშობლებთან ერთად რუმინეთში ცხოვრობდა. შვიდი წლისა კი კანადაში დაბრუნდა და ჩოგბურთის თამაშიც დაიწყო. მის მწვრთნელთა შორის, ერთ-ერთი, უიმბლდონის ფინალისტი, ნატალი ტოზია გახლდათ.

 

 

ბიანკა მესამე წელიწადია დიდების თანრიგში გადავიდა. წლეულს კი სასწაული მოახდინა და დიდი სლემის ტურნირი მოიგო. თუმცა, სასწაული იყო ეს თუ კანონზომიერება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. 

ანდრეესკუ კანადის პირველი წარმომადგენელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო ერთეულთა თანრიგში. მანამდე ფინალმდე მილოშ რაონიჩმა და ეჟენი ბუშარმა მიაღწიეს.

„12 თუ 13 წლიდან გონებაში ვხატავდი თუ როგორ მოვიგებდი დიდი სლემის ტურნირს და ეს ძალიან დამეხმარა წარმატებაში. მჯერა, რომ საკუთარ რეალობას გონებიდან ვქმნით. ძალიან მსიამოვნებს ასეთი მხარდაჭერა ადამიანებისგან. დიდ სიყვარულს ვგრძნობდი არა მხოლოდ გასულ კვირას, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ახლა წარმოდგენა არ მაქვს, ეს სიკეთე როგორ გადავუხადო ამ ადამიანებს. US Open-ის მოგება მართლაც ძალიან დიდი წარმატებაა. ჩემპიონობას ჯერ ვერ შევეჩვიე. შენი გვარის დიდი ჩემპიონების გვერდით ხილვა, ფანტასტიკური შეგრძნებაა. ვიმედოვნებ, ასევე გავაგრძელებ,“ - ციტირებს ანდრეესკუს სიტყვებს Tennis World USA.