ლევან ჯოხაძე: ტყიბული ქომაგის მხარდაჭერას გრძნობს

გუნდმა როგორც ერთმა ორგანიზმმა ისე მიაღწია წარმატებას

ტყიბულის მეშახტემ დასახულ მიზანს მიაღწია და ლიგა 3-ში ადგილი შეინარჩუნა. გუნდს არცთუ ისე დიდი ფინანსური რესურსი აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა რანგით მესამე ლიგაში მერვე ადგილზე გავიდა. ახლახანს ტყიბულელთა მწვრთნელ, ლევან ჯოხაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

 

- რამდენად ნაყოფიერი იყო სეზონი თქვენთვის?

 

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეორე წრის დაწყებამდე საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვქონდა, როგორც საკადრო ისე სხვა, ვთვლი, რომ სეზონი დამაკმაყოფილებელი გამოვიდა. დასახულ მიზანს მივაღწიეთ და გეგმები 100%-ით შევასრულეთ

 

- როგორია მეშახტეს ფინანსური მდგომარეობა?

 

- თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა შემდეგ არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნა. ის თანხა რაც კლუბს ფონდიდან ჰქონდა გამოყოფილი, ამოიწურა და ფულის მოძიება გახდა საჭირო. საბედნიეროდ, ფინანსები მოვიძიეთ და ის ვალდებულებები რაც გვქონდა, ბოლომდე შევასრულეთ.

 

- გულშემატკივრებზეც მინდა გკითხოთ. რამდენად დადის ხალხი მეშახტეს თამაშებზე?

 

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტყიბული საფეხბურთო მხრივ ისტორიული ქალაქია და ხალხი მუდმივად დადის. მაყურებლები არამარტო საშინაო, არამედ გასვლით თამაშებსაც ესწრებიან. მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა მუდმივად იგრძნობა.

 

- გუნდის ლიდერებად ვის მიიჩნევთ?

 

 

 - კონკრეტულად გვარების დასახელება გამიჭირდება. გუნდმა როგორც ერთმა ორგანიზმმა ისე მიაღწია წარმატებას. კონკრეტულად რომელიმე რგოლს ან მოთამაშეს ვერ გამოვყოფ.

 

- რომელ სამწვრთნელო ლიცენზიას ფლობთ.

 

- A ლიცენზია მაქვს.

 

-  თქვენი კარიერის შესახებაც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა.

 

- კარიერა საფეხბურთო სკოლა ოლიმპში დავიწყე. შემდეგ იყო დინამოს აკადემია, დინამო 2, ცხინვალის ლიახვი, თელავი, კვლავ ცხინვალის ლიახვში დავბრუნდი გარკვეული პერიოდი, იყო ასევე სამტრედია და ახლა ტყიბულის მეშახტეს მწვრთნელი ვარ.