Gypsy King

ფიური კინაღამ შერცხვა

ბოლო პერიოდის მთავარი საკრივო წარმოდგენა, ლას ვეგასში გაიმართა. მსოფლიოს ექსჩემპიონი მძიმე წონაში ტაისონ ფიური მოკრძალებულ, თუმცა აქამდე დაუმარცხებელ შვედ ოტო უალინს დაუპირისპირდა და კინაღამ შერცხვა.

ბრძოლამდე ფიურიმ მორიგი შოუ მოაწყო. სომბრერო და მექსიკის დროშის ფერებში გაწყობილი პონჩო (ოთხკუთხა ნაჭრის წამოსასხამი, რომელსაც შუაში აქვს ჭრილი თავის გასაყოფად. ატარებენ სამხრეთამერიკელი ინდიელები) მოირგო და მექსიკური მელოდიის ფონზე გაემართა რინგისკენ. ამით ბრიტანელმა მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს სცა პატივი, რომელიც 16 სექტემბერსაა.

თავიდან ფიური ცოტა მოშვებული ჩანდა. მესამე რაუნდში კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც ბრძოლაზე დიდი გავლენა მოხდა. უილანმა ტაისონი კუთხეში მიიმწყვდია და მარჯვენა თვალში დაარტყა, ფიურის წარბი გაუსკდა და შედეგად 40 ნაკერი დაადეს.

 

„მომისმინე, ეს კრივია. არ შეიძლება იცურო და არ დასველდე. აქ ბრძოლაა. ჰოსპიტალში წავედი. ნაკერები დამადეს. მერე ვეგასის კაზინოში შევიარე, 5 ათასი გირვანქა მოვიგე და რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე. ახლაც ლუდის მისართმევად მივდივარ,“ - უთხრა შემდეგ ტაისონმა ჟურნალისტებს.


ჩხუბით კი მოკრივეებმა ჯამში 12 რაუნდი იჩხუბეს. მერვე რაუნდისთვის ტაისონის თვალი საშინლად გამოიყურებოდა და კატმენი მას აუარებელ ვაზელინს უსვამდა. ამასობაში, ბოშათა მეფეს (Gypsy King) მეორე სუნთქვა გაეხსნა და  შეუჩერებელი გახდა. ბრძოლის ბოლო მეოთხედში, ის მყარად იდგა ფეხზე და მეტოქეს დარტყმებს ერთი მეორეს მიყოლებით აყრიდა. მისი აპერკოტების მოგერიებაც უჭირდა შვედს.

მეცხრე რაუნდში უალინი ნოკდაუნისგან გონგმა იხსნა. შვედის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის დროდადრო გახსნილ კრივშიც ჰვებოდა ტაისონს და ვაჟკაცურად იგერიებდა მრისხანე მეტოქის შემოტევებს.

მეთორმეტე რაუნდში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მოხდა. უალინმა შეძლო და გვარიანი უთავაზა მარცხნიდან ტაისონს ნიკაპში, მაგრამ ბრიტანელმა გადაიტანა ეს დარტყმა და ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.

 



მერე ფიურის მამამ, ჯონმა, მწვრთნელი, ბენ დევისონი გააკრიტიკა. თუმცა დევისონმა თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა: „ურთულესი ღამე იყო. მოულოდნელი პრობლემები შეგვექმნა. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

ბრიტანელის ჩხუბმა კითხვები დატოვა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ფიური ვერ წაართმრევს ტიტულს დეონტი უაილდერს, რომელმაც, ალბათ სიამოვნებით უცქერა ფიურის არცთუ დამაჯერებელ კრივობას.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ტაისონ ფიურისა და დეონტი უაილდერის ბრძოლას დაველოდოთ, რომელიც 2020 წლის თებერვალში გაიმართება.