მეცამეტე მეომარი

ორლანდოში ბიჭი ნიკოლა ვუჩევიჩის კარგ განწყობას დაეხმარება. და , პარალელურად საკუთარ სტატისტიკასაც მიხედავს.

ალ-ფარუკ ამინუ ორლანდოს საზღვრებს დაიცავს. შემოსევისგან, უცხო ტომებისგან, შიდა კონფლიქტებისგან. ფორვარდი, რომელმაც პორტლენდში რამდენიმე პროდუქტიული სეზონი გაატარა, ორლანდოში ახალი გამოწვევისთვის ემზადება. ამინუმ ისწავლა უთქმელად თამაში. ამინუმ ისწავლა სხვისთვის თამაში - პორტლენდში ლილარდის და მაკკოლუმის ღიმილისთვის ის ყველაფერზე მიდიოდა. ორლანდოში ბიჭი ნიკოლა ვუჩევიჩის კარგ განწყობას დაეხმარება. და , პარალელურად საკუთარ სტატისტიკასაც მიხედავს. ამინუ მზად არის.

ორლანდო ამ სეზონში ბევრისთვის ვერ ითამაშებს. ბევრი გულშემატკივრისთვის - კი, ითამაშებს, მაგრამ დიდი პროგრესისთვის - ალბათ, ვერ. ორლანდო შარშანდელთან შედარებით, გახდა უკეთესი, მაგრამ არა იმდენად - რომ აღმოსავლეთის იერარქიაში სერიოზული ცვლილებები შეიტანოს. უბრალოდ, ორლანდო ფლეი ოფში უნდა გავიდეს. რომ კიდევ ერთი სეზონის შემდეგ მეჯიქში ამინუს დონის ერთი მოთამაშეც მივიდეს.

კარგი გეგმა, რომელიც გუნდმა სტაბილურობით უნდა შეინარჩუნოს. ამინუ დაცვაში სანდოა. შეტევაში მას აქვს ნორმალური მომენტები, მაგრამ ძირითადად, მაინც - დაცვა.

ორლანდოს ჰქონდა პრობლემები ქულებში - გუნდი ამ კომპონენტში ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო, მაგრამ ამინუ ვერ შეცვლის, ვერ გაშლის მეჯიქის შეტევას. ის მეტს გააკეთებს - დაცვაში დაეხმარება ყველა ლიდერს, რომ ისინი შეტევაში უფრო აქტიურები გახდნენ.

ეს არის გეგმა.

და ალ-ფარუკ ამინუ გეგმას შეასრულებს. და, სულ უფრო ხშირად მახსენდება ფილმი „მეცამეტე მეომარი“, რომელშიც არაბი თორმეტ ვიკინგთან ერთად ალყაში მყოფი სოფლის დასახსნელად მიეგმგზავრება. ამინუ ორლანდოს მეცამეტე მეომარია.