რეალი სკოლას უახლოვდება

რეალის ვარიანტი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველია. 

ლუის სკოლა მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი გახდა. ფორვარდი, რომელმაც კარიერაში გამორჩეული ტურნირი ჩაატარა. ლიდერი, რომელმაც ფინალამდე გაქაჩა და იქ, საათივით აწყობილ და დაუნდობელ ესპანეთთან ვერ შეასრულა. სკოლა ლეგენდაა, მაგრამ ხანდახან, ლეგენდებიც იღლებიან.

და, ლუისი შეიძლება, ესპანეთში დაბრუნდეს.

სკოლას დამატება მადრიდის რეალს სურს.

სადაც არგენტინის ნაკრების სამი წევრი, ნიკოლა ლაპროვიტოლა, ფაკუნდო კამპაცო და გაბრიელ დეკი თამაშობენ. და რეალს კიდევ ერთი, ყველა ტიტულოვანი, გამოცდილი და პოპულარული არგენტინელი დასჭირდა.

სკოლა ფორმაშია. დამღლელი, დაუნდობელი გრაფიკით მან მსოფლიოს ჩემპიონატი საშუალოდ 17.9 ქულით, 8.1 მოხსნით და 1.8 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

სკოლას კიდევ ერთი ვარიანტი ბოკა ხუნიორსია. NBA ამ ეტაპზე არ განიხილება და ლუისმა გადაწყვეტილება ამ დღეებში უნდა მიიღოს.

რეალის ვარიანტი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველია. უბრალოდ, სკოლამ უნდა გაძლოს. ესპანეთის ჩემპიონატი და ევროლიგა თითქმის ამერიკულ გრაფიკზე დაბრუნებას ნიშნავს.

ველოდებით სკოლას.