აკი ბაშო- დღე მეთერთმეტე - ლიდერების რაოდენობა შემცირდა (+ვიდეო)

დიდი შერკინებების მეთერთმეტე დღე - დარჩა ოთხი...

ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბაშოს მეათე დღეს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ერთდროულად 5 ლიდერი ჰყავს. მეთერთმეტე დღემ მათი რაოდენობა ორამდე შეამცირა. სექტემბრის იმპერატორის თასის მაძიებლებს სათავეში დიამეტრულად განსხვავებული რიკიშები უდგანან: ცუპარების მოყვარული, თითქმის ერთფეროვანი ტაკაკეიშო და ბევრად მრავალფეროვანი - მეისეი. ზღარბისა და მელას ამბავი ხომ იცით? მელას უამრავი ხრიკი აქვს, ზღარბს კი - ერთი, თუმცა მელია ზღარბს ვერასდროს ვერაფერს დააკლებსო. აქაც ასეა, ტაკაკეიშომ ცუპარები იცის და იმპერატორის თასი უკვე მოპოვებულიც აქვს. რა თქმა უნდა, ფავორიტი იაპონელი სეკივაკეა.

 

ტაკაკეიშო - 9:2

მეისეი - 9:2

მიტაკეუმი - 8:3

ასანოიამა: 8:3

ცურუგიშო: 8:3

ოკინოუმი: 8:3

 

ტოჩინოშინი - ტაკაკეიშო

 

ტოჩინოშინი და ტაკაკეიშო ოძეკობის ძიებაში მეორედ გადააწყდნენ ერთმანეთს. ახლაც გამარჯვებას ორივესთვის დიდი ფასი ჰქონდა და, როგორც ადრე, ქართველი ისევ იაპონელმა სეკივაკემ დაამარცხა. ვფიქრობ, ლევანს გამარჯვების შანსი ჰქონდა, კარგი ტაჩიაით (თავდაპირველი შეტაკება) დაიწყო და ორივე ფეხზე მყარად დგომა რომ შეძლებოდა...

 

საბოლოოდ ოკურიტაოში...

 

 

ჩიოტაირიუ - გოეიდო

 

ოძეკი გოეიდომ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენთვის ეს კარგია, ტოჩის გოეიდოსთან შერკინება ბაშოს ბოლო დღეს უწევს და, შესაძლოა, იაპონელმა ოძეკიმ მანამდე 8 გამარჯვება მოიპოვოს და მოტივაცია აღარ ჰქონდეს...

 

 

მიტაკეუმი - რიუდენი

 

რიუდენი ყველასთვის სახიფათო მეტოქეა. ის ურთიერთშეხვედრებში მიტაკეუმის 2:1-ს ამარცხებდა და დომინაცია ახლაც გააგრძელა. ოშიდაში და ანგარიში 3:1-ია.

 

 

ჰოკუტოფუჯი - ასანოიამა

 

ჰოკუტოფუჯის ბრძოლისთვის მომზადების ნახვა ერთ რამედ ღირს. სწორედ ასეთი მოტივაციით ეკვეთა ასანოიამას და ოშიდაშით დოჰიოდან გადააგდო.

 

 

ოკინოუმი - ცურუგიშო

 

ცურუგიშოს მეისეისთან გამარჯვება არ ეყო და ოკინოუმიც დაამარცხა. სავარაუდოდ, ის იმპერატორის თასს ვერ შეწვდება, თუმცა ბაშოს ბოლოს,  მებრძოლი სულისთვის ან ტექნიკური ასპარეზობისთვის დაწესებულ პრიზს მიიღებს... შესაძლოა, ორივესაც შესწვდეს...

 

 

იშიურა - მეისეი

 

იშიურამ შთამბეჭდავად დაიწყო, შვიდიდან მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა, თუმცა უკვე 4 დღეა გამარჯვებას ვერ ახერხებს. მეისეიმ ურთიერთშეხვედრებში მესამე დაპირისპირება მოუგო და, ტაკაკეიშოსთან ერთად, საჩემპიონო მარათონს სათავეში ჩაუდგა...