ფეხბურთი და სამოქალაქო ომი - დერბი წითელ ფერებში (+ვიდეო)

მტრობა და სიძულვილი ერთ ქალაქში...

ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე ნამდვილად ვერ იარსებებს, თუმცა არსებობს ქალაქები, სადაც ულტრასები სამოქალაქო ომის ზღვარზე არიან. გულშემატკივრებს ერთმანეთი ორგანულად ეზიზღებათ და მთელი წელი იმ შეხვედრებს ელოდებიან, როდესაც მოწინააღმდეგის ქომაგებს მოედანზე თუ მის გარეთ გაამწარებენ.

 

მაშ ასე, ძალადობისა და ზიზღის ისტორია

 

ბოკა ხუნიორსი - რივერ პლეიტი (სუპერკლასიკო)

 

არგენტინაში კლასიკო დერბის აღმნიშვნელი სიტყვაა. იქ მრავალი მცირე დერბია, თუმცა სუპერკლასიკო ერთადერთია, ეს ბუენოს აირესის დერბია: რივერი - ბოკას წინააღმდეგ.

 

Daily Mail-მა ეს დაპირისპირება მსოფლიოში ყველაზე დაძაბულ დერბთა შორის პირველ ადგილზე გაიყვანა.

 

ორივე გუნდი ბუენოს აირესის ერთ ლოკაციაში ლა ბოკაში (La Boca) დაარსდა. ამ ადგილას ძირითადად მუშათა კლასის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მათი დაარსების თარიღი 4 წლით განსხვავდება (რივერი - 1901; ბოკა -1905). 1925 წელს კი რივერმა ბაზა შეიცვალა და ნუნიესის უბანში გადაბარგდა, სადაც მოსახლეობის შეძლებული ნაწილი ცხოვრობს.  

 

1932 წელს უკავშირდება რივერის მეტსახელის „მილიონერების“ წარმოშობა. შეძლებულ ადგილას გადასვლა მათთვის ფინანსურად მომგებიანი იყო, ამ დროს გუნდმა 10 000 მარკად სუპერვარსკვლავი ბარნაბე ფერეირა შეიძინა, რომელის საფასური ოქროთი გადაიხადა, ფეხბურთელს კი თანამედროვე სტანდარტებითაც შესაფერისი კომფორტი შეუქმნა.

 

რაც შეეხება ბოკას, მათი მეტსახელი Xeneizes (შენეიზეს) წარმომავლობას უკავშირდება. ბოკას გულშემატკივრებს ძირითადად იტალიიდან, ჯენოადან ჩამოსახლებულ მოსახლეობა შეადგენს.

 

ბოკას გულშემატკივრები რივერის ფეხბურთელებს ქათმებს უწოდებენ, რადგან მათი აზრით, მილიონერებს მოედანზე გამბედაობა აკლიათ. საპასუხოდ, რივერის გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ბოკას მოთამაშეები „ღორები“ არიან, რადგან ბომბონერა ბოკას ნაკლებად მოსავლიან ადგილასაა აშენებული, სადაც ადრე ფერმა იყო გაშენებული. მილიონერების გულშემატკივრების აზრით, იქ დღესაც ნაკელის სუნი იგრძნობა.

 

 

რივერის ფეხბურთელებს ბოკას გულშემატკივრები თავს წიწაკის სპრეით დაესხნენ.

 

 

 

რივერის ფანები ლიბერტადორესის ფინალის განმეორებით შეხვედრაზე ბოკას ფეხბურთელების ავტობუსს ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლით დახვდნენ, რის გამოც კლუბი დაისაჯა და მეორე მატჩი არა მონუმენტალზე (რივერის სტადიონი), არამედ სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდა (ეს შეხვედრა რივერის გამარჯვებით 3:1 დასრულდა).

 

 

ეს კი ქომაგობა

 

 

 

ცრვენა ზვეზდა - პარტიზანი (მარადიული დერბი)

 

მარადიული დერბი, სამხრეთ-ევროპული დერბი ან ბელგრადის დერბი - ასე იცნობენ ცრვენა ზვეზდასა და პარტიზანის დაპირისპირებას. გუნდების ქომაგებს შორის მტრობა 1945 წელს, ამ კლუბების შექმნისთანავე დაიწყო და წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ეს სიძულვილი არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, არამედ საკალათბურთო არენაზეც მძვინვარებს.

 

2007 წლის მონაცემებით, ცრვენა ზვეზდას ქვეყანაში ყველაფერი მეტი გულშემატკივარი (50%) ჰყავს, მეორე ადგილზე კი პარტიზანია.

 

Daily Mail-მა ეს დერბი მსოფლიოს ყველაზე მეტად დაპირისპირებულ ქომაგთა შორის მე-4 ადგილზე შეიყვანა...

 

 

ოლიმპიაკოსი - პანათინაიკოსი (დაუძინებელი მტრები)

 

საბერძნეთი ომის ზღვარზეა, როდესაც ოლიმპიაკოსი პანათინაიკოსს უნდა შეხვდეს. ეს დერბი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ყველა ბრძოლის დედა“. რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს ელადის ორ ყველაზე წარმატებულ კლუბთან. CNN და Daily Mail ამ დაპირისპირებას 10 ყველაზე დაპირისპირებულ დერბიში განიხილავს.

 

რა თქმა უნდა, მტრობის მთავარი მიზეზი აქაც კლასობრივი დაპირისპირებაა.  პანათინაიკოსი 1908 წელს ათენის ცენტრში დაარსდა, სადაც მოსახლეობის შეძლებული ნაწილი ცხოვრობს. 1925 წელს კი არსებობა პირეუსში ოლიმპიაკოსმა დაიწყო, რომელიც ათენის გარეუბანში მდებარეობს და იქ მუშათა კლასი ცხოვრობს. ოლიმპიაკოსმა მთელი საბერძნეთიდან მოიზიდა ხალხი, ვინც თავს სოციალური მდგომარეობის მსხვერპლად განიხილავს.

 

ამის შემდეგ დიდი დერბი დაიწყო, რომელსაც ისტორიაში მსხვერპლიც მოჰყოლია...

 

 

 

სელტიკი - რეინჯერსი (ძველი ფირმა)

 

გლაზგოური დერბი, პროტესტანტები კათოლიკეების წინააღმდეგ. გუნდების მოედანზე შეხვედრები გადამეტებული აგრესიითა და წითელი ბარათებით ხასიათდება. ეს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური დაპირისპირებაცაა: კონსერვატები - სოციალისტების წინააღმდეგ.

 

სელტიკი იმიგრანტი ირლანდიელების დაარსებულია, მათი ძირითადი ფერი, მწვანე სწორედ ამას უკავშირდება. რეინჯერსი კი ლურჯში, შოტლანდიურ ფერშია შემოსილი.

 

 

 

გალათასარაი - ფენერბახჩე (ინტერკონტინენტალური დერბი)

 

ქომაგობა და თურქული ფეხბურთი, ეს თითქმის სინონიმებია. რა გასაკვირია, ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული გუნდები ერთმანეთის მტრებიც რომ არიან?

 

თავდაპირველად, კლუბები ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი. ეს ყველაფერი 1934 წელს შეიცვალა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვება ორივე კლუბმა მოინდომა. ეს თამაში ყველას დაამახსოვრდა როგორც ბრძოლა და ომი, მოედანსა თუ ტრიბუნაზე. ფენერბახჩესა და გალათასარაის მეგობრობა სწორედ მანდ დამთავრდა.