ხოჭოლავა: ფავორიტი სიტია, თუმცა პირველი ტური სიურპრიზებითაა სავსე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დონეცკის შახტარი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე Leadersport.ge უკრაინელთა ქართველ ლეგიონერს ხარკოვში გაესაუბრა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დონეცკის შახტარი, რომლის ღირსებასაც დავით ხოჭოლავა იცავს, მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. ქართველი მცველი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ უკრაინელთა უკანახაზელს თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ვესტუმრეთ.

 

შახტარის ფორმა და გეგმები ამ სეზონში

 

"ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გვსურს პლეი-ოფში გავიდეთ და შემდეგ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ".

 

ტაისონის ტრავმა

 

"ტაისონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და სიმართლე გითხრათ, როცა ფეხი ვნახე ვიფიქრე, რომ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებდა. საბედნიეროდ ახლა ყველაფერი კარგადაა. თამაშის წინა ვარჯიშზე ვნახე თუ როგორი მონდომებით ემზადებოდა. ის ნამდვილი პროფესიონალია და სიტისთან თამაში შეეძლება".

 

 

შარშანდელი ჯგუფური ეტაპი

 

"წინა სეზონში ჯგუფის ბოლო ტურში ლიონთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და ფეკირის შესანიშნავი გოლის შედეგად, სამწუხაროდ, ჯგუფში ჩავრჩით. ვფიქრობ წელს 1/8 ფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს და ამას მოედანზე დავამტკიცებთ. შახტარი ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ვთვლი, რომ არ დავსუსტებულვართ".

 

ტრავმა

 

"დაახლოებით 10 დღეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს და ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზად ვიქნებით. ეროვნული გუნდი ძალიან მომენატრა და მსურს ნაკრებს ირლანდიასთან შეხვედრაში დავეხმარო. ვფიქრობ ლიგის მესამე ტურისთვისაც მზად ვიქნები და ატალანტასთან თამაში შემეძლება".

 

სიტისთან დაპირისპირება

 

"ფავორიტი, რა თქმა უნდა, გვარდიოლას გუნდია, მაგრამ ლიგის პირველი ტური ყოველთვის სიურპრიზებითაა სავსე. შახტარი კარგ ფორმაშია და ვეცდებით, რომ ,როგორც მინიმუმ, ქულა ავიღოთ, გამარჯვება კი იდეალური იქნებოდა".