ძველი მადრიდელების შურისძიება

დი მარია დაფრინავდა...

პსჟ-მ რეალისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. პარიზელებს მოედანზე ფაქტობრივად მეორე გუნდი ჰყავდათ, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ესპანელებისთვის 3 უპასუხო გოლი გაეტანათ. მატჩის მთავარი გმირი ექს-მადრიდელი ანხელ დი მარია იყო, რომელმაც რეალს 2 გოლი გაუტანა, მესამე გოლზე კი კონტრ-შეტევა წამოიწყო. აღნიშვნის ღირსია ბლანკოსის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის 3 გზის მფლობელი კეილორ ნავასი. კოსტა-რიკელი მეკარე მთელი შეხვედრა საიმედოდ ირჯებოდა და შეცდომა არ დაუშვია. პსჟ-ს კომპლიმენტები, რეალის კრიზისი კი აშკარაა...

 

ატლეტიკომ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა ბრძოლისუნარიანი გუნდია. იუვენტუსი კუადრადოსა და მატუიდის გოლებით მადრიში 2:0-ს იგებდა, თუმცა სიმეონეს შეგირდებს ადვილად დანებება არ სჩვევიათ. 70-ე წუთზე ანგარიში სავიჩმა მინიმუმამდე შეამცირა, 90-ზე კი ჰერერამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 2:2 დააფიქსირა. აღსანიშნავია დამატებით დროში კრიშტიანუ რონალდუს მომენტი, პორტუგალიელმა შანსი თავად შეიქმნა და ობლაკის კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, სიტისა და ბაიერნს, შესაბამისად შახტართან და ცრვენა ზვეზდასთან მოგება არ გასჭირვებიათ. ინგლისელებმა და გერმანელებმა მეტოქეებს 3-3 გოლი გაუტანეს. 

 

საბერძნეთში ოლიმპიაკოსთან თამაში ძალიან რთულია, თუმცა ტოტენჰემმა ორ ბურთიანი უპირატესობა გაფლანგა. ინგლისელები მთელი შეხვედრის მანძილზე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სამი ქულისთვის ეს არ ეყოთ. 

 

დინამო ზაგრებმა ატალანტას გადაუარა და 4:0 მოუგო. არც ერთი იტალიური გუნდისთვის გოლის გატანა ადვილი არ არის, რის გამოც ხორვატებს განსაკუთრებული ქება ეკუთვნით. 

 

ლევერკუზენის ბაიერმა შინ მოსკოვის ლოკომოტივთან 1:2 წააგო. ფარმაცევტებში გერმანული ხასიათი არასდროს იგრძნობოდა, ასეა ახლაც...

 

ბრიუგესა და გალათასარაის შეხვედრა უამრავი მომენტით აღინიშნა, ძირითადად ბელგიელები უტევდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ - ნულოვანი ფრე.