ვლადიმერ მამუჩაშვილი: პირველობის დათმობას არ ვაპირებთ

დინამოში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გია გეგუჩაძე იყო, ძალიან მინდოდა მასთან მემუშავა 

ბათუმის დინამო ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. აჭარული გუნდი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებისთანავე ლიდერებს შორის გაერია და დღეს ცხრილის სათავეშია. გეგუჩაძის გუნდი ამ ყველაფერს შესანიშნავი თამაშის შედეგად ახერხებს და შემთხვევითი არაა, რომ მის დამოძღვრილებს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვთ.

 

ამ წარმატებაში წვლილი ბათუმელთა ნახევარმცველს ვლადიმერ მამუჩაშვილსაც მიუძღვის. 22 წლის ფეხბურთელი დინამოში შარშან ზაფხულს წინ საბურთალოდან გადავიდა და დღეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. Leadersport.ge მამუჩაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.

 

- როგორ შეაფასებდი ამ სეზონს ბათუმის დინამოსთვის?

 

- ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საერთოდ საუკეთესო არა. ვფიქრობ ამაზე სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს.

 

- ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე პირველ ადგილზე ხართ, არადა შარშან გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში იყო. სეზონის დაწყების წინ იფიქრებდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა?

 

- რა თქმა უნდა გვინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავით სადაც ვართ. კარგად ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე ყოფნა ადვილი არ იქნებოდა, თუმცა ამისთვის მზად ვიყავით. გარანტირებული ჯერ კიდევ არაფერია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.

 

- რა მოგცა გუნდში გატარებულმა პერიოდმა?

 

- დინამოში გადმოსვლის შემდეგ, ძალიან გავიზარდე როგორც საფეხბურთო, ასევე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ გუნდს დავუკავშირე ჩემი კარიერა.

 

- დინამოს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი თავკაცობს გია გეგუჩაძის სახით. რამდენად კომფორტულია შენთვის მასთან მუშაობა?

 

- გია არა ერთ-ერთი, არამედ საუკეთესო მწვრთნელია, რასაც უკვე მრავალი წელია ამტკიცებს. საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე ყველა სპეციალისტს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფაქტია გეგუჩაძე უდავოდ საუკეთესოა. სიმართლე გითხრათ დინამოში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. ძალიან მინდოდა გეგუჩაძესთან მემუშავა. მისგან ბევრი ვისწავლე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს ვისწავლი.

 

- გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში და უცხოეთში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვთ. მათთან ერთად თამაში და ვარჯიში შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ალბათ დიდი ფუფუნებაა.

 

-დიახ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, თითოეული მათგანისგან დიდ გამოცდილებას ვიღებთ.

 

- ბათუმელ გულშემატკივრებზეც უნდა გკითხო. ალბათ ორმაგი მოტივაციით გადიხართ მოედანზე, როცა ასეთი ქომაგის წინაშე გიწევთ თამაში.

 

- ჩვენი ფანები იმაზე განსაკუთრებულები არიან, ვიდრე ეს ტელევიზორში ან თუნდაც ტრიბუნაზე ჩანს. აქ ხალხი გვაფასებს  და ვუყვარვართ, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ბოლომდე დავიხარჯოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

 

- პირადად შენ რა გეგმები გაქვს? რომელიმე უცხოური გუნდიდან ხომ არ არის ინტერესი?

 

- ჯერჯერობით მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული და სხვაზე არაფერზე ვფიქრობ. დინამოსთან კონტრაქტი მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

 

-ასაკობრივ ნაკრებში თამაშის საკმაო გამოცდილება გაქვს, ჩემპიონატის ლიდერ გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ხარ. გაძლევს ეს ყველაფერი იმის იმედს, რომ მალე მთავარი ნაკრების მაისურს მოირგებ?

 

- ჩემი დიდი სურვილია ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო, თუმცა იქ მოხვედრა ძალიან რთულია. კარგად ვიცი, რომ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და ქვეყნის მთავარ გუნდში მოსახვედრად მაქსიმუმს გავიღებ.

 

- ვის მიუძღვის შენფ ეხბურთელად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი?

 

- რა თქმა უნდა ოჯახს და ღმერთს.

 

- უცხოურ ფეხბურთზეც გადავიდეთ. ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში ვის გულშემატკივრობ?

 

- დიდად არცერთი კლუბის ქომაგი არ ვარ, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს დიდი სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ თასით ხელში. ჩემთვის ის საუკეთესო ფეხბურთელია.