ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე? - ჰიონესი ბუნდესმანშაფტს უტევს!

ული ჰიონესს ჰუმელსის, ბოატენგისა და მიულერის შემთხვევა არ დავიწყებია...

გერმანიაში დრო მშვიდად გადიოდა, სანამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ნაკრებში მისი მდგომარეობის გამო უკმაყოფილება არ გამოთქვა. ბარსას მეკარეს ბუნდესმანშაფტის პირველი ნომრობა სურს. რაც დრო გადის, ეს დისკუსია უფრო და უფრო მწვავე ხდება. ული ჰიონესმა DFB-სა და სახმრეთ გერმანულ პრესას ღიად შეუტია და მოსთხოვა, რომ მოვლენები სხვაგვარად გააშუქონ.

 

„ჩემი აზრით, ნაკრების პირველი მეკარის თემა განხილვასაც არ ექვემდებარება. ტერ შტეგენს უფლება არ აქვს ბუნდესგუნდის ძირითადი მეკარის ადგილი მოითხოვოს.

 

მას განსაკუთრებით მხარს სამხრეთ-გერმანული პრესა უჭერს. ეს სასაცილოა. ტერ შტეგენი ისეთი გმირი გამოჰყავთ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი 17-ჯერ მოიგო...

 

ნაკრებში იერარქია არსებობს, რომლის მიხედვითაც მანუ პირველი ნომერია. ნოიერი წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო. მან ტრავმა მიიღო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ რთული ეტაპი გადალახა და ძველი ფორმის აღდგენა შეძლო. ის გაცილებით უკეთესი და გამოცდილი მეკარეა. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს, რომ სანამ მანუელი ჯანმრთელადაა, ის გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე უნდა იყოს“

 

ჰიონესს ასევე აღიზიანებს გერმანიის მწვრთნელის დამოკიდებულებაც. ბაიერნის პრეზიდენტს ჯერაც არ დავიწყებია, მატს ჰუმელსის, ჟერომ ბოატენგისა და ტომას მიულერის ნაკრებიდან მოკვეთის თემა და, როგორც თავად ამბობს, ამას ნოიერის შემთხევაში არ დაუშვებს

 

ბუნდესმანშაფტში რაღაც სპექტაკლები იდგმება. ჯერ იყო და ჩვენ სამ ფეხბურთელს ძალიან ცუდად მოექცნენ, ახლა კი იგივე მანუს შემთხვევაშიც მეორდება. ეს არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ლიოვმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს. არ დავუშვებთ რომ ჩვენი კიდევ ერთი ფეხბურთელი არაფრის გამო დაიჩაგროს“

 

კითხვაზე, ამის გაკეთებას როგორ შეძლებს, ულიმ უპასუხა: „ამ ხალხს მცირეოდენი ცეცხლის შენთება არ აწყენს. ამის გაკეთება კი ნამდვილად შეგვიძლია“