ვაისი დროშით

ტრიბუნებზე გულშემატკივარს ნერვიულობისგან გული რომ უსკდებოდა, მოედანზე საუკეთესოები კი არა, გასაყიდები დარბოდნენ...

ერთი რამ ზუსტად ვიცი, ბოლო წლებში ეს ძველისძველი ქართული ეჭვი აღარ მსმენია. გადამავიწყდა კიდეც. არადა, შენ ეჭვი ეძახე და ბევრისთვის ფაქტი იყო. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელს ფედერაციაში გასაყიდი მოთამაშეების სიას აძლევდნენ და ისიც გუნდს ამ სიის მიხედვით ადგენდა. ანუ, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში, ტრიბუნებზე გულშემატკივარს ნერვიულობისგან გული რომ უსკდებოდა, მოედანზე საუკეთესოები კი არა, გასაყიდები დარბოდნენ. გაიყიდებოდა მერე ვინმე და მიდიოდა ფულის გაყოფა. თავისი წილი მწვრთნელსაც რჩებოდა. მოგება და წაგება? აი, ეგ არავის ადარდებდა. ცხადია, გულგახეთილი გულშემატკივრის გარდა.

წელი წელს მისდევდა, გულშემატკივარს კი ეს ეჭვი არ ტოვებდა, გულს უღრღნიდა, თუმცა ბოლოხანს ნამდვილად აღარ გამიგია. არავის უთქვამს ვლადიმერ ვაისი შემადგენლობას გასაყიდების სიიდან აყენებსო. და მე მგონია, რომ ეს ძალიან კარგის ნიშანია. 

 

ახლა, იმის შესახებ, ქართული ფეხბურთის ეს „ქარვასლა“ რატომ გამახსენდა. ამ სექტემბერში, საქართველოს ნაკრებს სამხრეთ კორეასთან ამხანაგური და დანიასთან ოფიციალური მატჩების პერიოდი რომ დაუდგა, დაირხა ხმა, სლოვაკი ჩვენგან მიდისო. ყაზახეთში რომელიღაც საიტს დაუწერია, ასტანას მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს და მას ვლადიმერ ვაისი შეცვლისო. თან დაუმატებია, ეს ამბავი შეიძლება ახლავე მოხდესო. ახლა თუ არა, ახალ წლამდე უეჭველადო. მოკლედ, ყაზახური ხმების თანახმად საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ფლეი-ოფში ვაისი აღარ უნდა ჰყოლოდა. მერე სხვაგან წავიკითზე, თითქოს ყაზახური პრესა მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას წერს და უნებლიედ ფიქრმა წამიღო — ნეტავ ვაისი რომ წავიდეს, გული ძალიან დამწყდება, მეთქი ჩემს თავს ვეკითხებოდი. 

ჰოდა, პირველი რაც ამ კაცზე გამახსენდა ის იყო, რომ მასზე არავის უთქვამს ნაკრები ფეხბურთელებით ვაჭრობისთვის უნდაო. მოკლედ, ალალია.

ვაზუსტებ, ამით იმას არ ვამბობ, რომ მისი ყველა წინამორბედი ქართული ფეხბურთის დიდი „ქარვასლის“ წევრი იყო. მეტიც, მე სულ არ ვიცი ვინ რისი წევრი იყო, უბრალოდ, ბოლო წლებში (შეიძლება ვაისამდეც) ეს ჭორი გაქრა.

სხვა? სხვა ის, რომ მოგვწონს ვაისი თუ არა, ერთა ლიგის D დონეზე მის ხელში დავგლიჯეთ. ვიცი, ეს დონე ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ისიც ვიცი, რომ წინა მწვრთნელებს ასეთ შეჯიბრებაში მონაწილეობის „პრივილეგია“ არ ჰქონიათ, მაგრამ რა ვქნა. ფაქტი ფაქტია. 

 

სწორედ ამიტომ მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება თუ ვლადიმერ ვაისი ასტანაში არ წავა და თავის დაწყებულ საქმეს თვითონვე დაამთავრებს. ხოლო თუ ღმერთმა ქნა და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით, მერე ალბათ სულ რომ მორაგბეებივით მივაწვეთ, ვეღარ გავაგდებთ. დიდ ხუთჯვრიან დროშას დაიჭერს ხელში და ასე შეაბიჯებს ევრო 2020-სა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

რაც შეეხება ჩვეულებრივ შესარჩევს სადაც „დიდი ბიჭებიც“ მონაწილეობენ, ვაისი ჯერჯერობით ისეთს ვერაფერს შვრება, რასაც სხვა ვერ იზამდა. ნუ, აგერ დანიასთან ფრედ ითამაშა და თქვა საქართველოს ნაკრებში ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყოო, მაგრამ ასეთი საუკეთესო თამაში მისი წინამორბედების უმეტესობასაც ჰქონდა. 

თუმცა, მაინც  ნუ ვიჩქარებთ, ვნახოთ, 12 ოქტომბერს ირლანდიასთან რას იზამს. იქნებ კიდევ ერთი საუკეთესო თამაში გვაჩუქოს.

ერთი შეგრძნება კი არ მტოვებს. რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვაისია, გუნდში სტაბილურობაა. არადა, დამეთნხმებით, არაერთხელ გვქონია არეული პერიოდი. მეტსაც გეტყვით, არეულობის და შიდა დაძაბულობის გამო გაცილებით უკეთესი შემადგენლობით ვერ მიგვიღწევია იმაზე უკეთესი შედეგისთვის, რასაც ვაისი დღევანდელი შემადგენლობით აღწევს. ბიჭებმა მწვრთნელი ჩაუშვეს, ძალად წააგეს და ასეთი საზიზღრობებიც კარგა ხანია არ მსმენია.

მეორე მხრივ, სლოვაკის ხელში ჩვენი გუნდი რაღაცნაირი ნელ-თბილია. კბილები არ აქვს. ამბობენ, შეცვლებს იგვიანებს და თამაშს ვერ ამწვავებსო. ეგ ალბათ მართლაც ასეა, მაგრამ… შემოსაყვანიც ხომ უნდა იყოს.

 

თუმცა, ღვთის მადლით ამ ბოლო დროს კარგი ბიჭები წამოვიდნენ. ჩაკვეტაძეზე აღარაფერს ვამბობ და აგერ ზურიკო დავითაშვილია (იმ დღეს, კორეასთან ძალიან მომეწონა), ხვიჩა კვარაცხელიაა, სხვებიც ჩანან აქა-იქ. მთავარია ტრავმებს გადავრჩეთ.

ვაისი კი…

რა ვიცი, მგონი ახლა თუ არ წავა უკეთესი იქნება. ახალ კაცს ქართული წიაღიდანაც რომ იყოს,  მაინც დრო უნდა. რაღაცა თავის ჭკუაზე უნდა გადააწყოს, ვიღაც უნდა შეცვალოს, სხვანაირი აქცენტი უნდა დასვას. აბა, ყველაფერს ხელუხლბლად როგორ დატოვებს, ვაისის კლონი ხომ არ იქნება. მერედა, შეიძლება ზოგი რამ პირველ ჯერზე არც გამოუვიდეს. შეიძლება კი არა, უფრო სავარაუდოა, რომ ყველაფერი ხელის ერთი მოქნევით არ გამოუვა, ჩვენ კი ახლა დრო არ გვაქვს. 

პლეი-ოფებია კარს მომდგარი.