დოკ, მიდი, შეუბერე

რივერსიც კარგი მწვრთნელია. ძალიან კარგი. 

კევინ გარნეტთან, რეი ალენთან, ახალგაზრდა რაჟონ რონდოსთან და სელტიქსის კაპიტანთან, უღალატო პოლ პირსთან ერთად დოკ რივერსი 11 წლის წინ ჩემპიონი გახდა. ბოსტონი, რომელიც ბოსმა - დენი ეინჯმა შეკრა და რივერსს ჩააბარა. აიღე ეს გუნდი და აუცილებლად მოგვიტანე ჩემპიონობა, უთხრეს დოკს. და, მან ეს დავალება შეასრულა. სელტიქსი ჩემპიონი გახდა. ეს იყო ბოსტონის ბოლო ჯეკპოტი. ეს იყო დოკ რივერსის ბოლო ჯეკპოტი.

ამ სეზონში დოკი კლიპერსში გაერთობა. გუნდი, რომელიც კრის პოლთან, დეანდრე ჯორდანთან და ახალგაზრდა მონსტრ ბლეიქ გრიფინთან ერთად დინასტიური უნდა ყოფილიყო. გუნდი, რომელიც არ იყო მზად ამ პაუხისმგებლობისთვის. გუნდი, რომელიც ააწყო დოკმა და გუნდი, რომელიც დოკის რჩევით დაიშალა. რივერსი, ახალ გზას ეძებდა. და რივერსმა მონსტრების ახალი კორპორაცია ჩაიბარა. გუნდი, რომელიც კავაი ლეონარდის, პოლ ჯორჯის ნიჭის გარშემო ააწყვეს. გუნდი, რომელიც აუცილებლად იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. კარგი გუნდი.

რივერსიც კარგი მწვრთნელია. ძალიან კარგი. რივერსმა იცის ვარსკვლავებთან მუშაობა და კარგ ახალგაზრდებთან კომუნიკაციაშიც ძალიან სოლიდურია. რივერსი გრეგ პოპოვიჩის და ფილ ჯექსონის კონსპექტებზე იზრდებოდა და ამას არც მალავს. ის ამაყია, რომ ასეთი მენტორებისგან სწავლობდა. ის მზად არის ახალი გამოწვევისთვის და მან ეს გამოწვევა უკვე მიიღო.

რამდენად წარმატებული იქნება დოკის ეს პროექტი? იმდენად, რამდენადაც ჯანმრთელები იქნებიან კავაი და ჯორჯი. რივერსმა ეს იცის და დოკი მზად არის, კავაის შემსუბუქებული სათამაშო გრაფიკი შესთავაზოს. რომ ფლეი ოფში ლეონარდი არ იყოს გადატვირთული, დაღლილი. კავაი წარმატებას ნიშნავს. და წარმატება არ უნდა ეცემოდეს.

მიდი, დოკ, შეუბერე და თუ გაგიმართლებს, კიდევ ერთ კარეს გაშლი.