კაცი ღიმილით: რაღაც წინსვლას ვხედავ...

„ისევ მთავარი ფორმა ლურჯი, მეორე ფორმა თეთრი და მესამე – შავი. ზუსტად დაემთხვა, თბილისის დინამოშიც ამ ფერის მაისურებია“ – სიცილით გვითხრა ლევან მჭედლიძემ, როცა დინამოს 10–ნომრიანი მაისურა გადაიცვა. მერე მოედანზე გავიდა, ბურთით ცოტა გაითამაშა.

ჩვეული ღიმილით თქვა, ეს სტადიონი ჩემთვის სხვა გრძნობას იწვევს, შოტლანდიასთან თავით რომ გავიტანეო. ეს 12 წლის წინ იყო, მაშინ ლევანი 17 წლის გახლდათ.   

 

ახლა ლევანის წარდგენაზე, რომელიც დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა. მჭედლიძესთან ერთად, ჟურნალისტებთან და დინამოს ქომაგებთან კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და დირექტორმა ზაზა დოლიძემ ისაუბრეს.

 

მჭედლიძე: „სიმართლე ვთქვა, ბევრი არ მიფიქრია ამ გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების აზრი მნიშვნელოვანია. მამაჩემმაც (ლევანის მამა, კარლო მჭედლიძე თბილისის დინამოს ყოფილი მეკარეა) მირჩია. ისე, იყო ინტერესი სხვა გუნდებიდან. არა მხოლოდ ბათუმის დინამოდან, არამედ უცხოეთის გუნდებიდანაც, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, თბილისის დინამოში გადმოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია. 

 

...ფიზიკურად კარგად ვარ. ჩემთვის ვვარჯიშობ, ერთ კვირაში კი გუნდს შევუერთდები და სრული დატვირთვით დავიწყებ. უპირველესი მიზანია, საქართველოს ჩემპიონები გავხდეთ.

 

...რომ გითხრათ, იტალიაში ყოფნის დროს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ვუყურებდი–მეთქი, არ ვიქნები მართალი. არც თქვენ დაიჯერებთ, ან რატომ უნდა მოვიტყუო. ისე კი ვხედავ, რომ ბოლო პერიოდში რაღაც წინსვლა არის ჩემპიონატში. ინტერესი გაიზარდა.

 

...ტრავმები? არც ადრე დამიმალავს და ვიტყვი, როცა ჩამოდიხარ და მოკლე მონაკვეთში ხან 17–წლამდელთა ნაკრებში ხარ, ხან 19–წლამდელებში და ხანაც მთავარ ნაკრებში, იმოქმედებს. ასე მოხდა. ბარსელონას ექიმ ჰუგატთან ვმკურნალობდი.

 

...იტალიაში ჩემი მეგობრები და ემპოლის ფეხბურთელები დადებითად შეხვდნენ ჩემს დინამოში გადმოსვლას. გუშინ გაიგეს და ტელეფონი არ ჩერდება, მირეკავენ, მილოცავენ“.