გერმანია - მსოფლიო სანაკრებო რეიტინგის მეთექვსმეტე ნომერი

მსოფლიო ჩემპიონობიდან რეიტინგში მე-16 ადგილამდე...

გერმანიის ნაკრები, რომელმაც 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ნახევარფინალში მასპინძელი არგენტინა 7:1 დაამარცხა, დღეს ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში მე-16 ადგილზეა. როგორ მოხდა, მსოფლიოს 4 გზის და ევროპის 3 გზის ჩემპიონი მისთვის შეუფერებელ პოზიციამდე რომ დაეშვა?

 

მსოფლიო ჩემპიონის წყევლა

 

XXI საუკუნეში მსოფლიო ჩემპიონატი ოთხმა ევროპულმა ნაკრებმა მოიგო: იტალია - 2006; ესპანეთი - 2010; გერმანია - 2014; საფრანგეთი - 2018. არ ვიცით საფრანგეთი 2022 წლის მუნდიალზე რა შედეგს აჩვენებს, მაგრამ დანარჩენი სამი, ტრიუმფის მომდევნო მსოფლიოზე, ჯგუფიდანაც ვერ გავიდა.

 

ჯგუფში ჩარჩენა, რა თქმა უნდა, რეიტინგზეც დიდად მოქმედებს. თუ 2011 წლის სექტემბერში (ტრიუმფიდან 5 წელიწადში, როგორც დღეს გერმანია) იტალია მე-6 ადგილს იკავებდა, 2015 წლის სექტემბერში ესპანეთი მე-11 ადგილზე იყო, გერმანიამ კი 2019 წლის სექტემბერს მე-16 ადგილი დაიკავა.

 

თაობათა ცვლა

 

ტრიუმფალური 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრებიდან წავიდა გუნდის კაპიტანი ფილიპ ლამი. მართალია ვიცე-კაპიტანმა ბასტიან შვაინშტაიგერმა 2 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, თუმცა ის ძველი ბასტი აღარ იყო და ნაკრებს მხოლოდ ცვლილებებზე ეხმარებოდა. მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა (16 გოლით) მირო კლოზემ, ფილიპ ლამთან ერთად სანაკრებო კარიერა დაასრულა.

 

ამ ფეხბურთელებთან ერთად, გერმანიის ნაკრების წამყვანმა ფეხბურთელებმა, მესუტ იოზილმა და სამი ხედირამ რეგრესი განიცადეს და იმ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებენ, რომელსაც მიგვაჩვიეს. თანაც, თურქული ფესვების მქონე ფეხბურთელმა, რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფის გამო, ნაკრები დატოვა.

 

 მწვრთნელის გადაწყვეტილება

 

იოახიმ ლიოვმა ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველად, ლეროი სანეს მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვება იყო - ბუნდესმანშაფტის მწვრთნელმა მას იულიან ბრანდტი არჩია.

 

შემდეგ, ნაკრებიდან ისეთი ფეხბურთელები გაუშვა, როგორებიც: მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და ტომას მიულერი არიან. რა თქმა უნდა, ნიკლას ზულეს და ანტონიო რუდიგერს დიდი პოტენციალი აქვთ, თუმცა გერმანიას ის გამოცდილება და მაღალი ოსტატობა დააკლდა, რაც ნაკრებისთვის გაშვებულ ფეხბურთელებს მოჰქონდათ.

 

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, სადაც დორტმუნდი ბარსელონას დაუხვდა, ჰუმელსმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა - რატომ?

 

თანაც, შესაძლოა, ჰუმელსი ოცდამეერთე საუკუნეში გერმანიის საუკეთესო ცენტრალური მცველი იყოს.

 

mats hummels deutschland-ის სურათის შედეგი

 

ტომას მიულერი ჯერ მხოლოდ 30 წლისაა და მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი უკვე 10 გოლი აქვს - გერმანიას მისი საგოლე ალღოც დააკლდა.

 

ასევე, ბუნდესმანშაფტში მეკარის პოზიცია დიდ დისკუსიას იწვევს. ლიოვი მანუელ ნოიერს უპირობოდ ენდობა და ტერ შტეგენს მხოლოდ მის ალტერნატივად განიხილავს. გულშემატკივრების ნაწილის აზრით, კარს სწორედ ბარსელონას მეკარე უნდა იცავდეს.

 

შემადგენლობა

 

ლამის, შვაინშტაიგერის, კლოზეს, იოზილის, მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის შემცვლელები ლიოვმა ჯერ ვერ მონახა. ანტონიო რუდიგერის ტრავმის შემდეგ, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა დაცვის ცენტრში მიუნხენგლადბახელი მატიას გინტერი დააყენა. დაცვის ფლანგებზე ლაიფციგის ფეხბურთელები კლოსტერმანი და ჰალსტენბერგი თამაშობენ. უკეთეს შემთხვევაში, მათ შემცვლელებად შესაძლოა ტილო კერერმა ან ნიკო შულცმა ითამაშონ.   

 

ნახევარდაცვასა და შეტევაში გერმანელებს ნაკლებად უჭირთ, მაგრამ გუნდს არ ჰყავს სტაბილურად გოლების გამტანი ფორვარდი, როგორიც მირო კლოზე იყო.

 

ამას გარდა, გერმანიის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, ლეროი სანემ ტრავმა მიიღო და ფეხბურთს სულ ცოტა ნახევარი სეზონით ჩამოშორდა.

 

იოზუა კიმიხი, ტიმო ვერნერი, იულიან ბრანდტი და სერჟ გნაბრი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, თუმცა ეს ტალანტები უფრო მომავლის პროქეტნი არიან, ვიდრე მყისიერად შედეგის მომტანნი.