კუპერი მოხსნეს: ფავორიტი არველაძეა

არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. 63 წლის კუპერმა 14 თვე იმუშავა უზბეკეთში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 17 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, 7 წააგო და 3 ფრედ დაასრულა.

კუპერი წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებდა, ოღონდ, მხოლოდ კუპერი არა: მთლიანად სამწვრთნელო შტაბი.

 

როგორც იცით, კუპერი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა 2008–2009 წლებში და ცუდი შედეგი ჰქონდა: შესარჩევი ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა.


 

არადა, ეს ის კუპერია, 1998–2001 წლებში რომ ქუხდა და მსოფლიოს ერთ–ერთ უძლიერეს სპეციალისტად ითვლებოდა. მისმა მალიორკამ და ვალენსიამ ფურორი მოახდინეს... ეგაა, კუპერი მუდმივად აგებდა ფინალებს.

 

და ვინ შეცვლის არგენტინელს? იქაურ პრესაში დაიწერა შოთა არველაძეზე. მეტიც, მთავარ ფავორიტად თვლიან პოსტზე. როგორც იცით, შოთა უზბეკური ტაშკენტის ფახთაქორში მუშაობს და წარმატებულადაც. ორიოდე დღის წინ მისმა გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონობა გაინაღდა: თანაც, ექვსი ტურით ადრე.  

 

არველაძის გარდა, კანდიდატად ასახელებენ ბუნიოდკორის მწვრთნელ ვადიმ აბრამოვსაც.