მანუჩარ მარკოიშვილი: დაცვაში თამაში უნდა გინდოდეს

კალათბურთს იგებ დაცვით. კალათბურთს იგებ სტაბილურობით. და მანუჩარი იყო ყველაზე სტაბილური ქართველი დამცველი. 

ლეგენდა წავიდა. მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერა დახურა და დაისვენებს. დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო დამცველი დაცვაზე საუბრობს. მანუჩარი, რომლის დაცვის ფანი იყო, არის ლეგენდარული ეტორე მესინა. მანუჩარი, რომელიც უმატებდა, როდესაც მისგან ეს აუცილებელი იყო. მანუჩარი, რომელიც ყოველთვის სანდო და მთქმელი იყო. კალათბურთს იგებ დაცვით. კალათბურთს იგებ სტაბილურობით. და მანუჩარი იყო ყველაზე სტაბილური ქართველი დამცველი. ლიდერსპორტის რედაქციაში მანუჩარს დაცვაზე, დამცველებზე და ცალკე ფენომენზე - ქართულ დაცვაზე დაველაპარაკეთ.

წავედით.

 

ვინ არის საუკეთესო დამცველი?

მანუჩარ მარკოიშვილი: „საუკეთესო დამცველი NBA-დან უნდა დავასახელოთ. რუდი გობერი ზედიზედ ორჯერ გახდა პირველი. ის კარგია სამწამიანში, ის ბევრს აფარებს, ის საკუთარ თავზე ზედმეტს არ იღებს და მაინც ძალიან კარგია, შედეგის მომტანია. უბრალოდ, არიან დამცველები, რომლებიც დაფარებამდე არ მიდიან, მანამდე უქმნიან დისკომფორტს მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს კავაი ლეონარდი, რომელსაც შეუძლია პირველიდან მეოთხემდე ნებისმიერის დაჭერა. კარგია ჯეილენ ბრაუნი, რომელიც უმატებს და ბოსტონისთვის შეუცვლელი ხდება. დრეიმონდ გრინი აჩერებს თითქმის ყველას, ვინც არის აქტიური და შედეგიანი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ. გრინიც ძალიან ძლიერია. ევროპაში კაილ ჰაინსი ყველაზე ბევრად წინ არის. ყველაზე წინ. ევროპაშიც არიან მაღალი დონის დამცველები, მაგრამ ჰაინსი ყველას მაგრად უსწრებს. ვეთანხმები სპეციალისტებს, რომლებიც კარგ დამცველად უილ კლაიბერნს მიიჩნევენ. ცსკას მთავარმა მწვრთნელმა იტუდისმა კლაიბერნი იდეალურად გამოიყენა და მოთამაშეც მაქსიმუმს აკეთებს. კლაიბერნი ევროლიგის ლეონარდია - სწრაფი, ათლეტური, თავმდაბალი. მოკლედ, ძალიან მაგარია.  

რთულია დაცვაში კარგად თამაში?

მ.მ: პირველ რიგში, უნდა გინდოდეს დაცვაში თამაში. აუცილებელია კარგად მომზადება ნებისმიერი შეხვედრისთვის. უნდა შეისწავლო შენი მოწინააღმდეგე, უნდა იცნობდე მას, ბოლომდე უნდა ითამაშო, არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა. არ უნდა გქონდეს რიდი და უნდა უნდა გეშინოდეს შეცდომის დაშვების. არ უნდა დაგჩაგრონ და თუ წააგებ კონკრეტულ ეპიზოდს, არ უნდა წაიქცე, უნდა გააგრძელო ბრძოლა. კარგად უნდა გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობები და იდეალურად უნდა შეისწავლო შენი ოპონენტის პლიუსები და მინუსები.

კავაიზე დეტალურად ვისაუბროთ.

მ.მ: „როგორც გითხარით, ძალიან ძლიერია. ალბათ, მოტივირებული კავაი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. ბევრმა კარგად ვერ შეაფასა მისი ხასიათი. ბევრს არ მოეწონა, რომ კავაი სან ანტონიოდან წავიდა, მაგრამ ლეონარდმა იცოდა, რა და როდის უნდა გაეკეთებინა. მას აბრალებდნენ, რომ გაექცა სან ანტონიოში პასუხისმგებლობას. არ ვიცი, იქ რა მოხდა, მაგრამ კავაიმ დაამტკიცა, რომ დიდი ჩემპიონია. სპეციალისტები თვლიან, რომ ლეონარდს და ტორონტოს გაუმართლა, როდესაც ტრავმების გამო მწყობრიდან ბევრი ლიდერი გამოვიდა, მაგრამ ეს არ არის კავაის მინუსი. მან მოიგო ყველა სერია, მან არარეალური სროლით მოუგო ფილადელფიას. კავაი ძალიან ძიერია. ის ყოველთვის ბოლომდე ენდობა საკუთარ თავს. ეს მხოლოდ დიდ, განსაკუთრებულ მოთამაშეებს ახასიათებს. კავაიც განსაკუთრებულია. ძალიან საინტერესო იქნება ახალ გუნდში მისი და პოლ ჯორჯის ნახვა.

რატომ არ გვყავს კარგი, სტაბილური დამცველები?

მ.მ: სამწუხაროდ, საქართველოში არის ცუდი ტენდენცია, რომ თუ ვერ აგდებ, თუ არ ხარ შეტევაში სტაბილური, მაშინ, საერთოდ რა გინდა კალათბურთში? მწვრთნელს შენი, პირველ რიგში, კარგ დაცვის გამო უნდა სჯეროდეს. სამწუხაროდ, მეც გვიან მივხვდი, რომ დაცვაში კარგი, სტაბილური თამაში აუცილებელია. კარგი დაცვა გაგიზრდის დროს, მეტ წუთს მოგცემს. მწვრთნელი, რომელიც ხედავს, რომ შენ დაცვაში ბოლომდე იღლები, შეტევაში დაშვებულ შეცდომებს გაპატიებს. ხშირად, დაცვის სტატისტიკა არ ჩანს. ვერ ხედავენ შემს მონდომებას, შენს ენერგიას, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, შედეგი. ის, ვისაც იჭერ, შეიძლება 20 ქულაზე ავიდეს, მაგრამ თუ ის ამისთვის 20 სროლას გამოიყენებს, ესე იგი, შენ ყველაფერი იდეალურად გააკეთე.

ვინ არის საუკეთესო ევროპელი დამცველი?

მ.მ: „გავიმეორებ - კაილ ჰაინსი. შემდეგ - კლაიბერნი და ალბათ, ნიკ კალატესი. ძალიან კარგია თორნიკე შენგელია, რომელიც პირველიდან მეხუთე ნომრებს თანაბრად იჭერს. სერიოზული დამცველია კორი ჰიგინსი, რომელსაც ახალი ეტაპი ეწყება ბარსელონაში. ვინც ჩამოვთვალე, ყველა ყოველთვის ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე.

ჩვენ რა დაცვას ვთამაშობთ?

მ.მ: „ვცდილობთ, რომ ვითამაშოთ გუნდური დაცვა, დავფაროთ ის ბევრი შეცდომა და ნაკლი, რაც გვქონდა და სამწუხაროდ, გვაქვს. ამას დიდი დრო დასჭირდება. პირადად მე, ზუროსის დაცვასთან ადაპტაციისთვის დიდი დრო დამჭირდა. ამ დაცვას გუნდში ვერ ითამაშებ. კომპლექსურად ოდნავ უკან ვართ, თუმცა ბევრს ვმუშაობთ. დღეს, ნიჭით უკან ვართ. ადრე უკეთესი მოთამაშეები გვყავდა, მაგრამ ჩანს მონდომება და ეს დამაიმედებელია.