გრაფი

ანუ როგორია კონტეს ინტერი... 

თავისებური კაცია ანტონიო კონტე. კარგა ხანს იყო უმუშევრად. უამრავი წინადადებები ჰქონდა, მაგრამ ერთთავად იმეორებდა: ისეთ გუნდში წავალ, რომელსაც უმაღლესი ამბიციები ექნება და მუშაობაში ხელს არავინ შემიშლისო. საბოლოოდ, ასეთი, მილანის ინტერი აღმოჩნდა.

აგერ, მიილია სერია A-ში 4 ტური და მაქსიმალური ქულებით ინტერი ცხრილის სათავეშია. მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა, რაც საუკეთესო შედეგია ლიგაში. ატლეტიკოდან მისული დიეგო გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი, დ’ამბროზიო და რანოკია მეტოქე თავდამსხმელებს წარმატების მინიმალურ შანსსაც არ უტოვებენ. 

იგივე მოხდა ორი დღის წინ, მილანურ დერბიში. ინტერის მცველები ან ბლოკავდნენ მილანის ფეხბურთელების მცდელობებს ან მხოლოდ შორიდან დარტყმის უფლებას აძლევდნენ, რასაც  შედეგი არ მოჰყვებოდა. კუთხურებისა და ჯარიმების დროს, თითქმის ყველა საჰაერო ბრძოლა მოიგეს. 
წლევანდელი სეზონი ინტერმა განსხვავებული ტაქტიკური სქემით დაიწყო. გუნდის ყოფილი დამრიგებლის, ლუჩანო სპალეტის 4-2-3-1 მაგიერ, კონტემ თავისი საყვარელი 3-5-2 აირჩია. ამ სქემისას, ძალიან ეფექტურები არიან ფლანგის ნახევარმცველები. მათ თანაბარი დატვირთვით შეუძლიათ შეტევაში და დაცვაში თამაში. მილანთან ამ პოზიციებზე დ’ამბროზიო და ასამოა თამაშობდნენ. 

 

უკვე იგრძნობა კონტეს სტილი. მთელი მატჩის განმავლობაში მისი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ ბურთს. კონტრშეტევებსაც მიმართავდნენ, მაგრამ ძირითადად პოზიციურად უტევდნენ. და როგორი გუნდური მოძრაობა იყო? სამაგალითოდ გამოდგება ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის.
ერთი სიტყვით, კონტეს შეგირდებმა მილანს გადაურბინეს.

ამ ზაფხულს ინგლისიდან იტალიაში გადაბარგებულმა ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ, თქვა. რომ მანჩესტერ იუნაიტედში დისკომფორტს განიცდიდა, ყველაფერს მას და პოლ პოგბას აბრალებდნენ.

კონტე ბელგიელ შემტევს თავიდანვე ენდო და არც შემცდარა. სადებიუტო შეხვედრაში ლუკაკუმ გაიტანა და ამით 8-მატჩიანი საკლუბო უგოლო სერია შეწყვიტა.

ლუკაკუმ მადონინაშიც გაიტანა. თავით გადაგზავნა ბურთი დონარუმას კარში ბარელას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ. ახლა მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია მიმდინარე სეზონში.

მადონინას დამთავრების შემდეგ, ლიკაკუმ ჟურნალისტება მისი კონტესთან დამოკიდებულების შესახებ უამბო: „გრაფთან“ (კონტეს მეტსახელია) ურთიერთობა? ძალიან კარგი. იმიტომ, რომ  მწვრთნელების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ფეხბურთელებს გაზრდაში ეხმარებიან. ის ყოველდღე საოცარ მოტივაციას მიქმნის. აქ ბედნიერი ვარ.“

 

ლუკაკუმ მოტივაცია ახსენა და ეს კონტეს ინტერის ყველა ფეხბურთელს ეტყობა. ცენტრალური ზონის თუ შეტევის მოთამაშეები ერთთავად ბურთს ითხოვენ. აქტიურობენ. მილანთან მატჩში მარტინესის ნაცვლად მინდორზე გასული პოლიტანო ისეთი ენერგიით შევარდა მინდორზე, რომ მაშინვე ხარიხას მოარტყა ბურთი. ასევე იყო კანდრევა, რომელსაც მატჩის ბოლოს არ გაუმართლა, მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

ეს ყველაფერი კონტეს დამსახურებაა. ის მოთამაშეებისგან ბოლომდე დახარჯვას ითხოვს და ოდნავ წაზარმაცებასაც არ პატიობს. ასე ხდება თამაშებისასაც და ვარჯიშის დროსაც. მხოლოდ ჩილელი ახალწვეული, ალექსის სანჩესი ვერ „ჩაჯდა“ ჯერჯერობით კონტეს „ყალიბში.“
ჯერ კიდევ სერია A-ს დაწებამდე, ყველა სეზონური აბონემენტი გაიყიდა. ეს სულ რამდენიმე საათში მოხდა. წარმატებული დებიუტის შემდეგ (ლეჩესთან 4:0), ქომაგებმა დამრიგებლის  ირწმუნეს. ისინი ფიქრობენ, რომ „გრაფი“ მათ სკუდეტოს მოაგებინებს. ამიტომ, ფეხბურთელების არ იყოს, ორმაგი ენერგიით ქომაგობენ საყვარელ გუნდს.
კონტემ პირველ გამოცდას გაუძლო.