ბაიერნი VS გერმანია

მთავარი თუ ნოიერი არ იქნება...

სკანდალის სუნი მძაფრდება. 

მიუნხენის ბიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გაჭრით თქვა, რომ იოხიმ ლიოვი თუ  გერმანიის ნაკრების კარს ბარსელონელ მარკ ანდრე ტერ შტეგენს ანდობს, ეროვნულ გუნდში ბაიერნის ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს. 

ცეცხლს დავანთებო თქვა და, დაანთო... არ არის ჰიონესი ის კაცი, საქვეყნო მნიშვნელობის სიტყვებს ჰაერზე ისროდეს. შემსრულებელია. 

ამბავი კი ტერ შტეგენის განცხადებით დაიწყო. ბარსელონას მეკარემ გერმანიის ნაკრებში თამაშის მცირე დროზე დაიწუწუნა, რასაც საფეხბურთო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თბილისშიც კი გახდა განსჯის საგანი ვინ უნდა იყოს გერმანიის ნაკრების ნომერი 1- ნოიერი თუ ტერ შტეგენი?

ბოლო დროს ტერ შტეგენი მართლაც მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ კმარა კი ეს ნაკრების ძირითადიდან მანუელ ნოიერის ამოსაგდებად? ის ხომ უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზეა...

„ამ თემაზე იოახიმ ლიოვს არც კი დაველაპარაკები. მოკლედ და კონკრეტულად ვამბობ, გერმანიის ნაკრების მთავარი მეკარე მანუელ ნოიერი თუ არ იქნება, ბაერნის არც ერთი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში არ ითამაშებს!“ - აი, ასეთი კატეგორიულია ული ჰიონესი. 

ბავარიელთა პოტენციურმა ბოიკოტმა, შესაძლოა, გერმანიაში დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს. ეროვნულ გუნდში ნოიერის გარდა დღეს სტაბილურად ჯოშუა კიმიხი, ნიკლას შულე და სერჟ გნაბრი კი თამაშობენ, მაგრამ კარზე სხვებიც აკაკუნებენ - მიუნხენის ბაიერნი ნაკრებისთვის ყოველთვის საბაზო გუნდი იყო. 

იოახიმ ლიოვმა კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჯოხი სწორედ ბაიერნის ფეხბურთელებზე გადატეხა - ჯერომ ბოატენგი, ტომას მიულერი და მათს ჰუმელსი ნაკრებიდან უცერემონიოდ დაითხოვა, რამაც, ცხადია, მიუნხენელთა პროტესტი გამოიწვია... ამათ ახლა ნოიერიც რომ მიაყოლონ... ნამეტანი არ მოუვიდეთ...