მესი

ინტერვიუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან

მილანის ლა სკალას თეატრში, ფიფამ პირველად დააჯილდოვა ლიონელ მესი წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის პრიზით. მას ადრეც არა ერთხელ მოუხვეჭია ტიტული, თუმცა მაშინ ფიფა გამოკითხვას სხვა პრინციპით ატარებდა.

ამჯერად, 32 წლის ლეომ კრიშტიანუ რონალდუს და ვირჯილ ვან დეიკს აჯობა. ცერემონიის შემდეგ კი ფიფამ მას ინტერვიუ ჩამოართვა.

ბევრი ჯილდო მოგიგიათ, მაგრამ ეს ფიფასგან პირველია. როგორ გრძნობთ თავს?

ძალიან ბედნიერი ვარ ამ პრიზის მიღებით. თუმცა, ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია ჩემთვის. მთავარი გუნდურებია. ეს კი განსაკუთრებული საღამოა. გამიმართლა, რომ მეუღლეც აქ არის და სამიდან ორი ბავშვიც.

გასულ სეზონს როგორ შეაფასებდით?

უცნაური იყო. გუნდს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა და ერთმა მატჩმა ყველაფერი გააფუჭა (ბარსელონას ლივერპულთან წაგებას გულისხმობს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში). ეს იმდენად დიდი იმედგაცრუება იყო, რომ პრიმერას ბოლო ტურებისთვის და ქვეყნის თასისთვის ჯეროვნად ვერ მოვემზადეთ. დიდი დარტყმა აღმოჩნდა ჩვენთვის. ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძლიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბოლო მწარე გამოდგა.

 

 

უეფას ბოლო დაჯილდოებებზე კერიშტიანუ რონალდუსთან მეგობრულად ურთიერთობდით. რატომ უკვირს ხალხს, როცა როცა ასე ექცევით ერთმანეთს?

დიდი სპორტული დაპირისპირების გამო. იმიტომ, რომ მე ბარსელონაში ვთამაშობ, ის რეალში იყო. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პრიზებს ვიგებდით. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს მეტოქეობა მინდვრის გარეთაც გრძელდება. ორივეს გვინდა, ჩვენი გუნდების წარმატებები. წაგება არ გვიყვარს. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მინდორზე დარჩეს.

ბარსელონაში ახალი სახეები გამოჩდნენ. მაგალითად, ანსუ ფატი. რას ფიქრობთ მასზე?

ძალიან მომწონს. ვცდილობ, დავეხმარო და მხარი დავუჭირო. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა, ყველაფერი აქვს წარმატებისთვის. მაგრამ, სხვა მხრივ, მინდა, რომ გუნდს ნელ-ნელა გაუშინაურდეს. როგორც მე ვიყავი კარიერის დადაწყისში. არ შეიძლება მასზე დიდი წნეხის დაკისრება. ის ხომ ჯერ 16 წლისაა. ვიმედოვნებ, გააგრძელებს თამაშით ტკბობას და მის გარშემო ხმაურს ყურადღებას არ მიაქცევს.  აქვს შანსი, საუკეთესო გახდეს.

ახლა მეტად აფასებთ, როგორ გექცეოდათ რონალდინიო კარიერის დასაწყისში?

რონალდინიო და მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი. მთელი გუნდიც. ყველა რაღაცით მეხმარებოდა. განსაკუთრებით მწვრთნელს გამოვყოფდი. როცა არ მათამაშებდა, ვბრაზდებოდი, წლები გავიდა და ახლა ვხვდები რომ ყველაფერში მართალი იყო. მისი დიდი მადლობელი ვარ. 

 

 

არგენტინის ნაკრებშიც ცვლილებების პერიოდია. ვინმემ გაგაოცათ?

ვერ ვიტყოდი, რომ გამაოცეს. იმიტომ, რომ ვიცი რა შეუძლიათ. კლუბებში თამაშითაც ვიცნობ. თუმცა, ადამიანურად გამაოცეს. ბევრს პირადად პირველად შევხვდი კოპა ამერიკის დროს.  გარდა იმისა, რომ კარგი მოთამაშეები არიან, შესანიშნავი, თავმდაბალი ადამიანებიც აღმოჩდნენ.

ლიონელ სკალონიმ სრულყოფილი კონტრაქტი მიიღო არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისგან. ამაზე რას იტყვით?

ის ნათელი გონების მწვრთნელია. კარგად ესმის ფეხბურთი. ჩინებულად მუშაობს და მოთამაშეებთან ურთიერთობაც შეუძლია. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ, ხანგრძლივი კონტრაქტი რომ გაუფორმეს. ახლა მას მეტი დრო ექნება გუნდთან სამუშაოდ. 

როცა სკალონის და პაბლო აიმარს უცქერთ, არ გინდებათ მწვრთნელობა?

ყოველთვის ვამბობდი, რომ  - არა. მაგრამ არასოდეს იცი, რა იქნება მომავალში. ახლა, როცა მათ ვუყურებ, მეც მიჩნდება სურვილი ახალგაზრდები გავწვრთნა, გამოცდილება გავუზიარო. ვნახოთ, რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, ასეც მოხდეს. არ ვიცი

 

 

მწვრთნელებზე ვსაუბრობდით და რას იტყვით დიეგო მარადონას არგენტინაში დაბრუნებაზე?

დიახ, ვნახე, მიხარია, რომ არგენტინაში დაბრუნდა. ეროვნულ გუნდში ვიყავი, როცა მწვრთნელი იყო. მართლაც მოსწოდა ეს საქმიანობა და მაქსიმუმის მიღწევას ცდილობდა. იგივე უნდა გააკეთოს ხიმნასიაშიც. აბა სად უნდა იყოს, თუ არა არგენტინაში?!

თქვენც არგენტინაში აპირებთ კარიერის დასრულებას?

დიახ. ამას ყოველთვის ვამბობდი. ჩემი ბავშვობის ოცნებაა ნიუელზ ოლდ ბოიზის მაისურით თამაში. მაგრამ, არ ვიცი გამოვა თუ არა. მარტო ჩემში ხომ არ არის საქმე. სამი შვილი მყავს.

ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა ამერიკა. რომლის მოგებაა მესისთვის ამ სეზონში მთავარი?

ყველასი. ოთხი წელიწადი გავიდა, მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ძალიან გვინდა ისევ გავიმარჯვოთ ამ ტურნირში. მაგრამ ისიც ვიცით, თუ ყოველდღე მუყაითად არ ვიმუშავებთ, არაფერი გამოვა. რაც შეეხება კოპა ამერიკას, მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება.