თასის ამბები: ტორპედოს ხასიათი და კახური სენსაცია

საგარეჯოს გარეჯი – საქართველოს თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეოთხელიგელი გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ეს მოიტანა თასის პრინციპმა, ერთთამაშიანმა ეტაპმა და იმან, რომ დაბალლიგელი შინ თამაშობს. გარეჯი ნახევარფინალშიც მასპინძელი იქნება.

გარეჯმა მეოთხედფინალში თბილისი სიტის (ასევე მეოთხელიგელი) 2:1 მოუგო. საგარეჯოს პატარა და კოხტა სტადიონი აქვს, ხალხიც დადის, გუნდიც ნორმალურია. თასის ნახევარფინალი ცალკე და გუნდი მეოთხე ლიგაში ლიდერობს. გამოცდილი, უმაღლეს ლიგაში ნათამაშევი ფეხბურთელებიც ჰყავს: ბესიკ ჩიმაკაძე, გიორგი მელქაძე, ლერი ხოხონიშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, მეკარე მინდია ბობღიაშვილი... მწვრთნელი დავით ქოქიაშვილია.  

 

ზედიზედ მეორედ ხდება, რომ კახეთის გუნდი ნახევარფინალში გადის. შარშან თელავმა გააღწია.

 

ნახევარფინალში არიან ქუთაისის ტორპედო, ლოკომოტივი და საბურთალოც. საინტერესოა, რომ სამივეს დამატებითი დრო დასჭირდა, ტორპედოს კი სულაც პენალტები. თასის მოქმედმა მფლობელმა ქუთაისელებმა პენალტების სერიაში გატეხეს მასპინძელი რუსთავი. ძირითადი და დამატებითი დროც უგოლოდ დასრულდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტორპედო ასეთ ფინანსურ სიტუაციაშია, გუნდი ბოლომდე იბრძვის და კვალიფიციური მწვრთნელის ხელიც ეტყობა: კახა ჩხეტიანს გუნდი მიჰყვება.  გულშემატკივრებსაც ძალიან უყვართ ჩხეტიანი, ნახევარფინალში გასვლა მასთან ერთად ემოციურად აღნიშნეს.  

 

ახლა ქუთაისის მერია ცდილობს, რომ ტორპედოს სპონსორი მოუძებნოს. რაც უნდა იყოს, ტორპედო ტრადიციული კლუბია, ბოლო წლებში კარგი შედეგებიც ჰქონდა.      

 

ნახევარფინალების წილისყრა 2 ოქტომბერს გაიმართება. თამაშები როდის იქნება, ჯერ უცნობია.