და საუკეთესოს ჯილდო გადაეცემა…

ლა სკალაც მესმის, მახსოვს ფეხბურთს ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია, რომ მარტო სპორტი კი არა, ხელოვნებაცაა...

მესი გასაგებია. რონალდუ რომ არ მივიდა, გასაგებია. სიმბოლური ნაკრები გასაგებია. კლოპი გასაგებია. ცერემონიალის ლა სკალაში ჩატარებაც ასე თუ ისე გასაგებია — მილანის ისტორიული ოპერა მრავალი ამბის მოწმეა და ესეც არ იყოს, რაც თავი მახსოვს ფეხბურთს ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია, რომ მარტო სპორტი კი არა, ხელოვნებაცაა. აი, საუკეთესო გულშემატკივარი კი სულ მეჩოთირებოდა. ყურში უცნაურად მხვდებოდა. ახლა კი არა, თავიდანვე. 2017 წლის 9 იანვრიდან, როდესაც ფიფამ ფრანს ფუტბოლთან გაყრის შემდეგ პირველად გადასცა სამახსოვრო თასი… მთელ დორტმუნდს და მთელ ლივერპულს ერთად. მაშინ, თუ არ ვცდები, ამ ორი ქალაქის გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ და ფანებმა ტრიბუნაზე ერთად დასცხეს ცნობილი You'll Never Walk Alone.

 

ზოგადად, ლივერპულის ეს გადაწითლებული სუბკულტურაც მიყვარს და დორტმუნდის შავ-ყვითელი სამყაროც, მაგრამ ჯილდო გამიგია მე, როდესაც ვიღაცას კონკრეტულად აძლევ.

 

borussia dortmund liverpool fans-ის სურათის შედეგი

 

შემდეგ წელიწადს, საუკეთსო გულშემატკივრად ისევ ათასობით ადამიანი დაასახელეს— სელტიკის ფანობა — და მე ისევ მეჩოთირა ეს ამბავი. თუმცა, არ დაგიმალავთ და ცოტა გამიხარდა კიდეც, რადგან სელტიკს ბავშვობიდან ქომაგობს როდ სტიუარტი, როდ სტიუარტი კი გლიჯავს. ვისაც ძველი, ჯანმრთელი როკი უყვარს ეხსომება სიმღერა You're in My Heart, სადაც სელტიკია ნახსენები. სიმღერა კი არა, 1977 წლიდან ჰიტია.

 

როდ სტიუარტმა ერთხელ თქვა, სახლის უკან ფეხბურთის მოედანი მაქვს და რეინჯერსისაზე რამდენიმე მეტრით დიდიაო — ესეც შენი ჯიგრული შოტლანდიურ-ბრიტანული ფანური იუმორი, ქიშპობა და ერთგულება. მაგრამ, ზოგადად ამდენი ხალხი გამარჯვებულად როგორ უნდა დაასახელო, მაინც ვერ ვხვდები. ამაში რაღაც ხელოვნურობა იგრძნობა.

 

შემდეგ, დადგა 2018 და მთელი პერუ გახდა წლის საუკეთესო. ისე, იმ წელიწადს, თუ გახსოვთ, რუსეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სენეგალელმა ფანებმა მოახდინეს ეფექტი. თამაშები რომ მთავრდებოდა, თავიანთ დაყრილს ნაგავს აგროვებდნენ და მგონი გაჰქონდათ კიდეც. კულტურა თუ გინდა, ეს არის. იმ წელიწადს ეგრეთწოდებულ შორთ-ლისტშიც მოხვდნენ,

 

მაგრამ პერუმ აჯობათ.

 

და ბოლოს დადგა 2019, როდესაც ფიფამ წლის საუკეთესო გულშემატკივრად უკვე მილეთის ხალხი კი არა, ერთი ადამიანი დააჯილდოვა. ბრაზილიელი ქალი სილვია გრეკო, რომელსაც თავისი ბრმა და ავადმყოფი შვილი პალმეირასის მატჩებზე დაჰყავს. ასე მის სოციალიზაციასაც უწყობს ხელს და საფეხბურთო ამბებშიც მონაწილეობს — პალმეირასს პალმეირასისაო.

 

ეს უფრო გასაგებია. მოძებნეს ერთი, კონკრეტული პიროვნება და ჯოლდო მას გადასცეს. ისე, წლევანდელ შორტ-ლისტშიც იყო კრებითი გულშემატკივარი — მთელი ჰოლანდია ერთად, მაგრამეტყობა სილვია გრეკოს ვაჟის სიბრმავემ და სენტიმენტებმა იძალა.

 

best football fan 2019 fifa-ის სურათის შედეგი

 

ტკივილთან იყო დაკავშირებული მესამე ნომინანტის, ურუგვაელი ხუსტო სანჩესის ისტორიაც. მისი შვილი რამპლა ხუნიორსის გულშემატკივარი ყოფილა და ავარიაში დაღუპულა. მას მერე მამა შვილის საყვარელი გუნდის თამაშს არ აცდენს, მაგრამ ფაქტია, ბრმა ბიჭის ამბავმა უფრო იმოქმედა.

 

ისე, იმოქმედაო, რომ ვამბობ, უნდა დავაზუსტო ვისზე. გამარჯვებულს ფიფა ინტერნეტ გამოკითხვის საშუალებით არკვევს, ასე რომ, ჩემი ნათქვამი „ფიფამ დაასახელა“ ზუსტი არ არის, წესით უნდა ვწერდე „ხალხმა დაასახელა“, მაგრამ ხალხს რა გამოკითხვას შესთავაზებ, ხომ აქვს მნიშვნელობა? 2017 წელს, მაგალითად, ნომინანტები იყვნენ სელტიკის ქომაგები, დორტმუნდის ქომაგები და კოპენჰაგენის ქომაგები.

 

ცუდია მეთქი იმას კი არ ვამბობ, მაგრამ რაღაც მაზალოა.

 

რაც შეეხება ბრმა ქომაგს ტრიბუნაზე. ბრაზილიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი ამბები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანებში ხდებოდა. მიდიოდა კაცი სტადიონზე, ჯდებოდა ერთსა და იმავე ადგილას და რადიორეპორტაჟს უსმენდა.

 

და მაინც, ყველაფერი პირობითია. იცის ფიფამ რა ხდება სადღაც ზიმბაბვეში, კოსტა რიკაში, ალბანეთში თუ სხვაგან და სხვაგან? ის იმ შემთხვევებიდან არჩევს, რომელიც რაღაც მიზეზით გახმაურდა, თორემ იქნებ სადღაც ინდოეთში…