რასის სამყარო - კოლეჯი, ჯონ რემბო, ბენ ჰოულენდი

რასი მადლობელი იყო. რასი ბედნიერი იყო. რასი თავისუფალი იყო. 

NBA Top 50. რასელ უესთბრუქი

კარიერა: 2008-2019 (ოკლაჰომა),  2019-დღემდე (ჰიუსტონი).

სეზონის MVP (2017).

8 - ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე.

2 - ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP.

2 - სეზონის პირველი ხუთეულის წევრი.

5 - სეზონის მეორე ხუთეულის წევრი.

2 - საშუალოდ ყველაზე მეტი ქულა.

2 - საშუალოდ ყველაზე მეტი პასი.

2010 - მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკასთან ერთად.

2012 - ოლიმპიური ჩემპიონი.

სტატისტიკა - 23.0 (18 859) ქულა, 8.4 (6 897) პასი, 7.0 (5 770) მოხსნა, 1.8 (1 442) ჩაჭრა.

 

 

ლებრონ ჯეიმსთან, მაიკლ ჯორდანთან და ბილ რასელთან ერთად რასელ უესთბრუქი კალათბურთის ისტორიაში ფიზიკურად ყველაზე განვითარებული, დაუნდობელი მოთამაშეა. რასი ქმნის და თუ თქვენ თვლით, რომ უესთბრუქის მთელი კარიერა საკუთარ სტატისტიკაზე ფიქრია, ნუ დაკარგავთ დროს ამის წაკითხვით და გადაერთეთ უფრო დავარცხნილ, კარგ ბიჭებზე. რასი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია. სტატისტიკით. რასი ნომინალურ, კლასიკურ პირველ ნომრებს ყოველთვის კლავდა.

რასელ უესთბრუქი კალათბურთის ჯონ რემბო იყო. ალბათ, ეს არ შეიცვლება.

დღეს, როდესაც რასი ლიგაში ხმაურობს, ხორციანი სლემებით იმედს უკლავს დიდ ბიჭებს, ბევრს არ ახსოვს (და ბევრმა საერთოდ არ იცის), რომ საკოლეჯო, მანამდე კი სასკოლო კარიერის დროს ჩვენი Top 50-ის დამსახურებულ წევრს სადღაც, გაუმართლა.

აზრზე მოდით, სასკოლო დონეზე სოლიდური კარიერის (ლოიზინგერის სკოლაში საშუალოდ 25.1 ქულა, 8.7 მოხსნა, 3.1 ჩაჭრა, 2.3 პასი) მიუხედავად, უესთბრუქით არ დაინტერესედნენ. კოლეჯში არ უყვარადთ, „მე ვარ გუნდი“-ს სტილის ინდივიდუალისტები. და რეალურად, რასი იძულებული იყო ეთამაშა ერთი ხუთზე - მის გუნდში ზოგმა ბურთის ნორმალურად ტარება არ იცოდა. იმ სეზონში უესთბრუქს საკუთარი თავისთვის გაკეთებული ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. რასი უიმედოდ მოგებას სწავლობდა.

და, უესთბრუქს დაუძახეს UCLA ბრიუინზიდან. მთავარი მწვრთნელი ბენ ჰოულენდი დეპრესიაში იყო - გუნდის საუკეთესო მოთამაშემ ჯორდან ფარმარმა NBA-ს დრაფტზე გასვლა გადაწყვიტა და გუნდი ძლიერი პირველი ნომრის გარეშე დარჩა. რასი ყველამ იცოდა, რასი არავის არ უნდოდა და ჰოულენდმა გარისკა - ვხიოთ და თუ ექსპერიმენტი არ გაამართლებს, ურჩ ლაწირაკს ყოველთვის გავაგდებ გუნდიდან, ფიქრობდა ბენი. მოგვიანებით, უესთბრუქმა მისტერ ჰოულენდს ახალი კადილაკი და პატარა რანჩო აჩუქა. რასმა მწვრთნელის ნდობა დააფასა. რასი და ჰოულენდი დღემდე მეგობრობენ. ბენი დღეს მისისიპის გუნდის მთავარი მწვრთნელი და მენეჯერია. კარგი სპეციალისტი, რომელიც 2002-ში კოლეჯებში ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

რასმა აირჩია 0. მისთვის იღბლიანი ნომერი. ადრე, ბევრი, ბევრი წლის წინ როდესაც რასი და მისი საუკეთესო მეგობარი კელსი ბარსი ერთ-ერთი ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ, კელსიმ რასს ურჩია, აიღე 0 ნომერი. მოგიხდება. ბიჭები ერთად გეგმავდნენ UCLA-ში თამაშს, მაგრამ ბარსი წინასაზეზონო თამაშის დროს გარდაიცვალა.

რასმა დაკარგა საუკეთესო მეგობარი, მაგრამ აიღო 0. ჰოუტორნში დაბადებული სწრაფი, დამჯერი, მაგრამ მოედანზე ზედმეტად აგრესიული უესთბრუქი მეგობრისთვის თამაშობდა. 2007-ში, როდესაც რასის ბრიუინზი ოთხთა ფინალში ფლორიდასთან 66:76 დამარცხდა, რასმა იტირა. შემდეგ, პრეს კონფერენციაზე, სადაც უესთბრუქი მთავარი მწვრთნელის გვერდით იჯდა, რასმა თქვა, ბოდიშს გიხდით, ქოუჩ, დაგაღალეტეთ. და, ბოდიშს ვუხდი ჩემს ძმას, კელსი ბარსს, რომ ეს თამაში ვერ მოვიგეთ. ემოციური ეპიზოდი იყო.

ყველაზე საინტერესოა, რომ როდესაც რასი გადავიდა UCLA-ში, ჰოულენდს უკვე ჰყავდა დარენ კოლისონი. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, ბენმა გადაწყვიტა - გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, კოლისონი დაიწყებდა თამაშს და რასი უნდა ყოფილიყო სათადარიგო. როგორც ნაპალმი, რომელიც საკუთარ თავს ნებისმიერ მომენტში ააფეთქებდა. ექსპერიმენტმა გაამართლა. რასი ყოველთვის ვერ ფეთქდებოდა, მაგრამ ბენი და ბიჭები  იგებდნენ. უბრალოდ,  რასის როლი შეზღუდული იყო. უესთბრუქმა მხოლოდ სამჯერ დააგროვა 10 და მეტი ქულა და სეზონის ბოლოს, საშუალოდ 3.4 ქულაზე და ჯამურ 1.5 მოხსნა/პასზე გავიდა.

შემდეგ სეზონში რასს კიდევ ერთხელ გაუმართლა. კოლისონმა ხელი მოიტეხა და მწვრთნელებმა პირველ ხუთეულში უესთბრუქი გადაიყვანეს. ენერჯაიზერი გუნდის ლიდერი გახდა. და, პარალელურად, რასს ოპონენტის ყველაზე სახიფათო პირველ-მეორე ნომრებს აბარებდნენ, მიდი შვილო, მიხედე და მოკალი, იღებდა დავალებას რასი ბენ ჰოულენდისგან. და ჯონ რემბო იწყებდა კბილებიანი დანით ხატვას. რასი უკვე კოლეჯიდან ეჩვეოდა სერიულ მკვლელობებს. NBA-ში ის ჯეფრი დამერი გახდა. პატარა ბიჭი, რომელიც სკოლაში სისუსტით (173 სანტიმეტრი, 60 კილოგრამი) და სიმაღლისთვის არნახულად დიდი ფეხებით გამოირჩეოდა, კოლეჯის ვარსკვლავი გახდა.

ბენ ჰოულენდის სვლამ გაამართლა.

მეორე საკოლეჯო სეზონში რასმა გუნდი ოთხთა ფინალამდე მიიტანა და UCLA-მ კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. ამჯერად, 63:78 მემფისთან. უესთბრუქმა ვერ ითამაშა, მაგრამ სეზონის დასრულებს შემდეგ რასმა პირველი სერიოზული ინდივიდუალური აღიარება მოიპოვა - ის კოლეჯების საუკეთესო დამცველად დაასახელეს!

საუკეთესო დამცველად! რასმა ეს დაიმსახურა. მონსტრი, რომელიც დამჯერ, მოწესრიგებულ სტუდენტებს უგებდა. ის მათზე უკეთესი, უფრო ბევრი, უფრო გაშლილი, უფრო მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ყველაზე სასტიკი იყო.

რასის მეორე სეზონი - 12.7 ქულა, 4.7 პასი, 3.9 მოხსნა, 1.6 ჩაჭრა. კოლეჯების მესამე ხუთეულის წევრი და რაც მთავარია, საუკეთესო დამცველი.

ბენ ჰოულენდი რასში იმაზე გაცილებით მეტს ხედავდა, ვიდრე - სხვები. ჰოულენდმა რასს მეორე სეზონიდან თავისუფლება მისცა და უთხრა, შენ დიდ კალათბურთს ითამაშებ, მაგრამ შეეცადე და დღეს, ხვალ, მთელი სეზონის განმავლობაში ბიჭებს დაეხმარო. შენ შორს წახვალ, ისინი სხვა საქმეს მოკიდებენ ხელს და მოდი, ერთად, კარგი დრო გავატაროთ. საუკეთესო რჩევა მწვრთნელისგან, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა წაგებას. რომელიც მოგებული მატჩების შემდეგ არ საუბრობდა UCLA-ს გამორჩეულ მოთამაშეზე. აგებს მწვრთნელი და იგებს გუნდი. ეს იყო ჰოულენდის პრინციპი. უესთბრუქმა მწვრთნელს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა. რასთან ერთად ერთობოდა და ამავე დროს, იღებდა შედეგს მთელი გუნდი.

რასს UCLA-სთან კიდევ ორწლიანი ვალდებულება ჰქონდა. და, როდესაც გუნდი მემფისთან დამარცხდა, უესთბრუქმა მორიდებულად დაქაჩა პიჯაკზე ჰოულენდი. ბენმა ბოდიში მოუხადა მეგობრებს და გასახდელთან, იქვე უთხრა რასს, შვილო, რაც არ უნდა მითხრა, იცოდე, რომ შენ ჩვენთვის ყველაფერი გააკეთე. ახლა კი, მიდი, გისმენ. რასი დაიბნა. მან პირველად მოისმინა ასეთი მშვიდი, სწორი სიტყვები. სწორი და რაც მთავარია, მეგობრული. ჰოულენდი კარგი მწვრთნელი და ძალიან კარგი ფსიქოლოგი იყო. რასმა ვერ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და ჰოულენდმა ბიჭი რამდენიმე დღეში სახლში დაპატიჟა. მოდი, იქ ჩემი ოჯახი და რამდენიმე მეგობარი იქნება, შევწვავთ ხორცს, გემრიელ ლიმონათს დავლევთ და შენც კარგ დროს გაატარებ, შვილო. რასი ბედნიერი იყო. მწვრთნელმა მას ისევ ყველაზე კარგი სიტყვები უთხრა.

ჰოულენდს პატარა სახლი, მაგრამ უზარმაზარი ეზო ჰქონდა. რასმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაიხსენა, რომ იქ მისულს ოდნავ შერცხვა, როდესაც ყველა აკადემიურად, სადად ჩაცმული დახვდა და მას დაგლეჯილი ჯინსები, ყვითელი ზედა და მწვანე კეტები ეცვა. ჰოულენდს გაეცინა, შვილო, ვინმე ხომ მაინც უნდა ყოფილიყო მხიარულად ჩაცმული ამ სახლშიო, უთხრა, გადახვია ხელი და გააცნო ოჯახის წევრები, შემდეგ კი - მეგობრები.

ხალხმა მოილხინა, მწვადი საშინლად უგემური გამოვიდა, რასმა ჰოულენდის მეგობარს თავზე ლიმონათი გადაასხა და როდესაც მოსაღამოვდა, ჰოულენდმა მოითხოვა სიჩუმე. რასს უკვე დაავიწყდა, რისი თქმაც უნდოდა მწვრთნელისთვის იქ, გასახდელთან და ბედნიერი იყო. ბუნებრივია, რასიც ინტერესით მიუახლოვდა ბენს. მწვრთნელის და უფროსი მეგობრის სიტყვები უესთბრუქისთვის ყოველთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

ბენმა თვალი ჩაუკრა რასს და დაიწყო. ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ლიმონათს თავზე ჩემი გუნდის საუკეთესო მოთამაშე...ბენ, საქმეზე გადადი, შეაწყვეტინა ჰოულენდს დაზარალებულმა. რასი მორცხვად იდგა. რასი ჯერ გაწითლდა და როგორც ჰოულენდი იხსენებს, შემდეგ, სახეზე ფერი აღარ ედო.

ჯეი (ასე ერქვა ბენის მეგობარს), შენ შეგიძლია თავი ინუგეშო იმით, რომ ლიმონათი NBA-ს მომავალმა ვარსკვლავმა გადაგასხა, თქვა ბენმა და გაჩუმდა. შემდეგ, გადახედა რასს, რომელიც ბედნიერი იყო. მწვრთნელმა მისი სათქმელი თქვა და ყველაფერი ისე დელიკატურად, ლამაზად, იუმორით გააკეთა, რომ ყველა, პირველ რიგში, კი თვითონ რასი ბედნიერი იყო. ბენ ჰოულენდმა იმ უზარმაზარ ეზოში რასელ უესთბრუქს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში გზა დაულოცა.

რასი მადლობელი იყო. რასი ბედნიერი იყო. რასი თავისუფალი იყო. რასმა მწვრთნელთან ერთად გააცილა ყველა სტუმარი და ბენს ეზო მიალაგებინა. მიდი, შვილო, წადი და დაისვენე. დღეს კარგი საღამო იყო და ბოდიშს გიხდი, რომ შენი სათქმელი ვთქვი. იმედი მაქვს, იქ შენ  ძალიან მაგარი გახდები. ყოველთვის ითამაშე ისე, როგორც გუნდისთვის უკეთესი იქნება. და, ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ. ხანდახან, წელიწადში ორჯერ, სამჯერ შეგიძლია მომიკითხო. გამიხარდება. მიდი, მიდი, გაიქეცი, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ.

უესთბრუქმა ცრემლები ვერ შეიკავა. ალბათ, კელსის დაკრძალვის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ეპიზოდი, გაიხსენებს მოგვიანებით რასი.

და, უესთბრუქმა დაიწყო. ალბათ, სტატისტიკურად (ლებრონის შემდეგ) ამ თაობის ყველაზე ეფექტური მოთამაშე. რომელსაც აბრალებენ ეგოიზმს და იმასაც, რომ გადამწყვეტ მომენტებში ის ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს.

რასს ოკლაჰომაში ჰყავდა კევინ დიურანტი, ჯეიმს ჰარდენი, მოტივირებული და მოძრავი სერჟ იბაკა და ამ მეგანიჭიერმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფინალი. იქ, რასს და ბიჭებს ლებრონმა აწყენინა.

უესთბრუქი არ არის ეგოისტი. ის, უბრალოდ, ასეთია.

ერთადერთი მოთამაშე ოსკარ რობერტსონის შემდეგ, რომელმაც NBA-ს რეგულარული საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა. ოსკარმა ეს ერთხელ გააკეთა. რასმა - ზედიზედ სამჯერ. უკვე 138 სამმაგი დუბლი რეგულარულში და რასი აუცილებლად გადაასწრებს ოსკარს (181).  

ის, ჯერ ჩემპიონის ბეჭდის გარეშეა და თუ ყველაფერი უბეჭდოდ დასრულდება, რასს შეუძლია მშვიდად იყოს - მან ყველაფერი გააკეთა.

და, როდესაც მძიმე დღის შემდეგ, ის სახლში ბრუნდება, საძინებელში, ძველ, ნაცრისფერ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს უყურებს, სადაც ის, ახალგაზრდა რასი და მისი დიდი მეგობარი, ბენ ჰოულენდი ერთმანეთს მოგებას ულოცავენ.

რასი სიამოვნებით დაურეკავდა მწვრთნელს. დღეს, ხვალ, კვირაში შვიდჯერ. მაგრამ რასს კარგად ახსოვს ბენის სიტყვები - წელიწადში ორჯერ-სამჯერ, შვილო.

და, ეს ორი-სამი დღე რასისთვის ყველაზე ბევრს ნიშნავს.

და, სტატისტიკა? დაიკიდეთ, მოგეშვებათ.

რასი იმაზე გაცილებით დიდი ადამიანია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.