ტორონტო სიაკამს მაქსიმალურზე უშვებს

სიაკამს არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა - 16.9 ქულა, 6.9 მოხსნა, 3.1 პასი.

მოქმედმა ჩემპიონებმა ვერ შეინარჩუნეს კავაი ლეონარდი. და ტორონტოს მაინც გაუმართლა - ტიტულის დაცვას გუნდი ახალი გრძელვადიანი პროექტით იწყებს. ეს პროექტი არის პასკალ სიაკამი.

ფორვარდი, რომელიც ტორონტოში კიდევ 5 წლით უნდა დარჩეს.

რეპტორზის პრეზიდენტი მასაი უჯირი ამბობს, რომ თითქმის ყველაფერი მზად არის, მოგვარებულია.

თუ პროცესი გეგმით წავა, სიაკამი ახალი ხელშეკრულებით 170 მილიონ დოლარს მიიღებს. ბევრია? შეიძლება, ბევრია, მაგრამ პასკალს აქვს პოტენციალი და ტორონტომ დარბაზი უნდა შეავსოს.

„ამ სეზონში ან შემდეგი სეზონის დაწყებამდე, ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ პასკალს“, - ამბობს უჯირი.

სიაკამს არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა - 16.9 ქულა, 6.9 მოხსნა, 3.1 პასი და მხოლოდ 1.9 შეცდომა. პასკალი კავაის შემდეგ ტორონტოს ყველაზე სტაბილური მოთამაშე იყო.

ტორონტოს საჩემპიონო გარბენში სიაკამმა უშუალო, ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო. რეპტორზი სწორ სვლას აკეთებს.