ბურგერი და აზარი

100 მილიონი სკამზე...


ზაფხულის დასაწყისში, ედენ აზარმა ოცნება აისრულა. რეალში მას ბავშვობიდან უნდოდა თამაში, ზიდანი კი მისი კერპი იყო. მადრიდულ კლუბში  გადასვლაც იოლად მოხდა. ლონდონში მას თბილად დაემშვიდობნენ, მადრიდში კი გულიანად მიიღეს. სანტიაგო ბერნაბეუზე მის პრეზენტაციას 50 ათასი მაყურებელი დაესწრო. მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს წარდგენაზე მივიდა თავის დროზე მეტი ხალხი (დაახლოებით 70 ათასი).
პირველ ამხანაგურ მატჩებში ბელგიელი ცუდად არ გარჯილა. გოლიც გაიტანა რედ ბულთან. ედენს 7 ნომრიანი მაისურა მიაკუთვნეს, რომლითაც რეალში რონალდუ თამაშობდა. ეს სიმბოლური იყო. წესით, კრიშტინუს ფუნქცია აზარს უნდა ეკისრა, მაგრამ ჯერჯერობით მისი საქმეები ვერ მიდის კარგად. 

ყველა ტურნირში ედენმა ოდენ 191 წუთი ითამაშა. პრიმერაში მხოლოდ სამი მატჩში მოუწია მინდორზე გასვლა. გოლიც არ გაუტანია. ოსასუნასთან შეხვედრას ის სათადარიგოთა სკამიდან უცქერდა. საინტერესო გუნდია არა რეალი - 100 მილიონიანი შენაძენი სკამზე ჰყავს...
სამწუხაროდ, აზარი ჯერ ძალიან შორსაა იმ ფორმისგან, რომლითაც ის წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა პრემიერლიგის პუბლიკას. 
მის ცუდ ფორმას კი სამი იზეზი აქვს:

პირველი - ჭარბი წონა

წონის გამო, სოციალურ ქსელებში ბევრს დასცინოდნენ. „როიგორ შეძლო ერთ თვეში ასე გასუქება? ეს ადამიანის შესაძლებლობას აღემატება.“
„საინტერსოა, მსუქანა აზარი როგორ რჩება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში. მაშინ რაღა მოხდება, როცა წონაში დაიკლებს?“  - წერდნენ გულშემატკივრები.
ესპანური მედია ზედმეტ 6-7 კილოგრამზე წერდა და მის ბურგერებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულსაც ახსენებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისისთვის აზარმა ცოტა დაიკლო, ჭარბი წონა მისთვის მაინც პრობლემად რჩება.
ახლახან ის ფრანგმა სპეციალისტმა როლან კურბისმა გააკრიტიკა. 
„აზარს რეალში ლოკომოტივის ფუნქციას აკისრებენ, რომელმაც მთელი გუნდი უნდა გაათრიოს. მაგრამ სინამდვილეში ის მიბმული ვაგონივით აღმოჩნდა. გუნდში ის 6-7 კილოგრამით დამძიმებული მივიდა. თუ ასეთი ზარმაცია, როგორ მოხვდა სამეფო კლუბში გაურკვეველია,“ - ამბობდა კურბისი.

მეორე - ტრავმა

სეზონის დასაწყისი აზარს ტრავმის გამო გაუცდა. პრიმერას პირველი ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე, მან ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ფიქრობდნენ, რომ ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მაინც მომჯობინდებოდა, რომლებიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართა, მაგრამ ბელგიის ეროვნულ გუნდსაც ვერაფრით დაეხმარა.
ესპანეთის ჩემპიონატში მისი დებიუტი მხოლოდ მეოთხე ტურში შედგა. ლევანტესტან მატჩში აზარმა მინდორზე ბოლო ნახევარ საათს დაჰყო.

მესამე - ზიდანის როტაცია

გამოჯანმრთელებულმა აზარმა სამ მატჩში ითამაშა, მერე კი ზიდანმა ის სკამზე დატოვა. ეს არავის გაკვირვებია, იმიტომ, რომ არცთუ ისე მრისხანე მოწინააღმდეგეებთან, ფრანგმა სპეციალისტმა წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. არ ითამაშეს: ბეილმა, ბენზემამ, კარვახალმა და კურტუამ. სამაგიეროდ, მინდორზე იყვნენ: ვინისიუსი, მილიტაო, როდრიგო და იოვიჩი. 


თამაშის შემდეგ ზიდანმა თქვა, რომ თავის 25-ვე ფეხბურთელს ენდობა.

როტაციის ასეთი ფორმა, ალბათ, გამართლებული იქნებოდა აზარი რომ ფორმაში ყოფილიყო. იდეაში, ახალ რეალს ზიდანი ხომ ბელგიელის გარშემო აყალიბებს. მაგრამ როცა მთავარვარსკვლავი ფორმაში არ არის, როტაცია, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი არც იყო.
თუ ასე გაგრძელდა, აზარი ჩვეულ ფორმას, ალბათ, კიდევ კარგა ხანს ვერ დაიბრუნებს.